თელავის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია "ძლიერი თელავის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვარდოშვილმა საინფორმაციო სააგენტო knews.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა: "

თბილისში 24 საათიანი წყალმომარაგებაა და უფრო ნაკლები გადასახადი აქვთ. თელაველებს კი, 2 საათიან გრაფიკში თითქმის ორჯერ მეტს ახდევინებენ".

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

თელავის წყალმომარაგების სისტემა 21 600-მდე მომხმარებელს ემსახურება, რაც ქალაქის 92% შეადგენს, დანარჩენი 8% თვითმოპოვებული წყლით სარგებლობს. "წყალმომარაგების ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის #17 დადგენილების (2010 წლის 17 აგვისტო) მიხედვით, მრიცხველის მქონე მომხმარებლის ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) საქართველოში 1 მ3-ზე 0.42 ლარს შეადგენს, ხოლო მრიცხველის არმქონე მომხმარებლისთვის ერთ სულ მოსახლეზე ზღვრული გადასახადი 2.03 ლარია. ეს ტარიფი განსხვავებულია თბილისის მოსახლეობისთვის, სადაც ფიქსირებული გადასახადი უმრიცხველო მიწოდებისას თვეში 3.14 ლარია, ხოლო, ტარიფი მრიცხველით მიწოდებისას - 0.26 ლარი 1მ3-

ზე. თელავის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გამრიცხველიანებულია, 1 კუბურ მეტრში 0.42 ლარს იხდის, ხოლო გაუმრიცხველიანებელი ნაწილი - ერთ სულზე ლარსა და 10 თეთრს.

2014 წელს თელავში წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, რის შედეგადაც ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა. ამის შესახებ კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა 2014 წლის თებერვალში განაცხადა.

სამუშაოებისთვის 4 მილიონამდე ლარი იყო გამოყოფილი.

თუმცა, თელავის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობას წყალი კვლავ დღეში 2 საათით მიეწოდება, ხოლო ზაფხულის პერიოდში გრაფიკი იცვლება და ქალაქს  წყალი მხოლოდ კვირაში ორჯერ მიეწოდება.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, იმ დროს, როდესაც კახეთის გუბერნატორმა ზემოაღნიშნული განცხადება გააკეთა, პროექტი დაგეგმილი და დაფინანსებული იყო. მაგრამ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვეტილება მოგვიანებით შეცვალა და პროექტის განხორციელება შეაჩერა (ამ გადაწყვეტილების მიზეზები კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ჩვენთან საუბარში არ განმარტა). სწორედ ამიტომ, თელავის მოსახლეობას  24 საათიანი წყალმომარაგება არ აქვს.

რაც შეეხება გამრიცხველიანებას, თელავში ფიზიკური პირების გამრიცხველიანება ორ ეტაპად განხორციელდა. გამრიცხველიანების პირველი ეტაპი 2011 წელს დაიწყო და ამავე წლის ბოლოს დასრულდა, მეორე ეტაპი კი 2012 წელს განხორციელდა. პროექტის ფარგლებში 800 აბონენტი გამრიცხველიანდა და გადასახადს დადგენილი ტარიფით (0.42 ლარს) იხდის. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელსაც მრიცხველი არ აქვს, წყლის გადასახადს სულადობრივად იხდის. ერთ სულ მოსახლეზე გადასახდელი ტარიფის

ოდენობა ლარსა და 10 თეთრს შეადგენს, რაც სემეკის ზღვრულ ტარიფზე ნაკლებია.

წყლის ტარიფის განსხვავება თბილისსა და რეგიონებში განპირობებულია იმით, რომ საქართველოს რეგიონების წყლით მომარაგებას "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება" უზრუნველყოფს, ხოლო თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგებაზე Georgian Water and Power ზრუნავს. ეს კომპანიები კი, წყალზე განსხვავებულ ტარიფს აწესებენ.

  დასკვნა ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ წყლის ტარიფი დიფერენცირებულია და თბილისსა და რეგიონებში წყლის გადასახადის განსხვავებული სისტემა მოქმედებს. თბილისის მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც მრიცხველი აქვს, 1მ3-

ში 0.26 ლარს იხდის, ხოლო რეგიონების, მათ შორის თელავის მოსახლეობა - 0.42 ლარს. შესაბამისად, ნიკოლოზ ვარდოშვილის განცხადება, რომ თელავში მოსახლეობა ორჯერ მეტ გადასახადს იხდის (რეალურად 1.6-ჯერ მეტი გამოვიდა) წყლის მიწოდებაში ვიდრე თბილისში, ძირითადად სიმართლეა მხოლოდ გამრიცხველიანებული მოსახლეობის შემთხვევაში. ხოლო, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც მრიცხველი არ აქვს, ანუ თელავის აბონენტთა უმრავლესობა, თბილისის მოსახლეობაზე 3-ჯერ ნაკლებს იხდის. საქართველოს რეგიონებსა და თბილისს სხვადასხვა წყლის კომპანია ემსახურება და შესაბამისად, თბილისსა და რეგიონებში წყალზე განსხვავებული ტარიფია.

რაც შეეხება წყალმომარაგების გრაფიკს, თელავის მოსახლეობას წყალი დღეში მხოლოდ ორი საათით მიეწოდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკოლოზ ვარდოშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი