თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა: „ყველა ქალაქში არის ერთ სულ მოსახლეზე კვადრატული მეტრი სიმწვანე. ჩვენთან ეს არის 2-3 კვადრატული ერთ სულ მოსახლეზე. ისიც წავკისის და შემოერთებული ტყეების ხარჯზე. კოჯრის ტყე რომ ჟანგბადს გამოყოფს, პლეხანოვზე მცხოვრებისთვის დიდი შვება არ არის ხომ? 2-3 კვადრატული არის ჩვენთან, როცა 30-50 არის საშუალოდ ევროპული სტანდარტით“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების კოეფიციენტის დასადგენად მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელს, ნინო სულხანიშვილს დავუკავშირდით. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დედაქალაქში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების რეალური კოეფიციენტი ამჟამად განსაზღვრული არაა. ამ ეტაპზე მუშაობა თბილისის გენგეგმაზე მიმდინარეობს, სადაც ეს მაჩვენებლიც იქნება ასახული.

რაც შეეხება ევროპულ სტანდარტს, თუ რამდენი უნდა იყოს ერთ სულ მოსახლეზე ქალაქში გამწვანების კოეფიციენტი, ნინო სულხანიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის მსგავსი სტანდარტის შესახებ ცნობილი არ არის. მისი თქმით, ქალაქის გამწვანების მიმართულებით დღეს არსებული ერთ-ერთი რეკომენდაცია ითვალისწინებს, რომ ყველა ქალაქში, ყოველ 9-10 წუთის სავალზე მცირე რეკრეაციული ზონა იყოს, სადაც ადამიანებს დასვენების საშუალება ექნებათ.

საბჭოთა სტანდარტის მიხედვით, ქალაქში, სადაც 0.5 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, გამწვანების კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე 15 მ2უნდა ყოფილიყო, თუმცა, თბილისში ეს მაჩვენებლი არც საბჭოთა პერიოდში იყო დაცული. გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი თბილისში 1983 წელს დაფიქსირდა და 13 მ2 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თბილისში მწვანე საფარის ინვენტარიზაცია 1988 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. თუმცა, მერიის ინფორმაციით, 2001 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 5.6 მ2იყო. ამ პერიოდის შემდეგ, განახლებული მონაცემები აღარ არსებობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენ განცხადების ავტორს, ალეკო ელისაშვილის დავუკავშირდით. როგორც მან აღნიშნა, განცხადება თბილისის მერიის 2015-2020 წლების გარემოსდაცვით სტრატეგიაზე დაყრდნობით გააკეთა. აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილი ცნობები ჩვენს მიერ მოპოვებულ მონაცემებს ემთხვევა, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რამდენია ამჟამად თბილისში არსებული გამწვანების კოეფიციენტი და როგორია ამ მიმართულებით ევროპული სტანდარტი.

ქალაქების სიმწვანის კოეფიციენტს მსოფლიოში სხვადასხვა ორგანიზაციები ზომავენ. ამ მიმართულებით ერთ-ერთი კვლევაSIEMENS-ის ჯგუფმა ჩაატარა (მწვანე ქალაქის ინდექსი). კვლევის ავტორებმა ქალაქები მაცხოვრებელთა რაოდენობის და ფართობის სიდიდიდს მიხედვით შეარჩიეს და ინდიკატორი შეიმუშავეს, რომელიც ქალაქის სიმწვანეს დაახლოებით 30 მაჩვენებლის მიხედვით ზომავს. ინდიკატორი CO2-ის გამოყოფას, ენერგეტიკას, შენობებს, მიწათსარგებლობას, ტრანსპორტს, წყალს და სანიტარიას, ნარჩენების მართვას, ჰაერის დაბინძურების დონეს და გარემოს დაცვას მოიცავს. თუმცა, კონკრეტულად რამდენია ერთ სულ მოსახლეზე სიმწვანე ქალაქში, არ აღიწერება. ჩვენ ასევე სხვადასხვა კვლევებს გავეცანით, მაგრამ მსგავსი სტანდარტი ან ორგანიზაცია, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე სიმწვანის კოეფიციენტს განსაზღვრავს, ვერ მოვიძიეთ. თუმცა, არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, თუ რამდენი უნდა იყოს ქალაქში გამწვანება ერთ სულ მოსახლეზე - სულ მცირე 9 მ2. საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტისმიხედვით, ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35.5 მ2-ია.

თუ გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოში ყველაზე გამწვანებულ ქალაქად ვენა ითვლება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 120 კვ.მსიმწვანე მოდის. 66 კვ.მ-ია ეს მაჩვენებელი სინგაპურში, სტოკჰოლმში - 87.5 კვ.მ,ამსტერდამში - 45.5 კვ.მ,ლონდონში - 27 კვ.მ,სტამბულში 6.4 კვ.მ.სიმწვანის მაჩვენებლი ყველაზე დაბალია ტოკიოსა და ბუენოს-აირესში - 1.9-3 კვ.მ. თუ თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების კოეფიციენტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცის მიხედვით განვიხილავთ, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის გამწვანების მაჩვენებლი, რომელიც 4-5 მ2-ს არ აღემატება, ძალიან დაბალია.

დასკვნა

2001 წლის მონაცემებით, დედაქალაქში გამწვანების კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე 5.6 მ2იყო. 2001 წელზე უფრო ახალი მონაცემი ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული მაჩვენებელი გაუარესებულია. რაც შეეხება გამწვანების ევროპულ სტანდარტს, როგორც გავარკვიეთ, მას არა მკაცრად დადგენილი სტანდარტის, არამედ რეკომენდაციის სახე აქვს. ერთ-ერთ მსგავსი რეკომენდაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გასცა, რომლის მიხედვითაც, გამწვანების მაჩვენებლი ერთ სულ მოსახლეზე სულ მცირე 9 მ2უნდა იყოს.

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ევროპის საბჭოს 31 ქვეყნაში გამწვანების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35.5 მ2-ია. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ქალაქებში რეკრეაციული ზონების რაოდენობის მაქსიმალურ გაზრდაზე არიან ორიენტირებულნი. ამ ქვეყნებში გამწვანების კოეფიციენტი 27-120 მ2შორის მერყეობს. თბილისის მაჩვენებელი, რომელიც დაახლოებით 4-5 კვ.მ-ია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომედაციას ვერ აკმაყოფილებს და ევროპული ქალაქების საშუალო მაჩვენებელსაც მკვეთრად ჩამორჩება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი