თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტი 3.2 მლნ-ია, საიდანაც ცხოველების მოვლაზე მხოლოდ 200 000, ბიუროკრატებზე კი 3 მლნ იხარჯება
მეტწილად სიმართლე
3033 ნახვა
A+
A
A-

ტელეკომპანია „იმედის“ წინასაარჩევნო პოლიტიკურ თოქშოუში „ამომრჩევლის პირისპირ“, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა: „ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტი 3 მილიონ 200 000 ლარია, საიდანაც ცხოველების მოვლაზე მხოლოდ 200 000 ლარი იხარჯება და 3 მილიონი ლარი იხარჯება ბიუროკრატებზე, რომლებიც სხედან და ფიქრობენ ამ ცხოველებზე“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ), რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს. სააგენტოს ძირითადი საქმიანობა საფრთხის მატარებელი ცხოველებისგან მოსახლეობის დაცვა, ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების პოპულაციების მართვა და კონტროლი, ცხოველთა თავშესაფარში განთავსება და მათი იდენტიფიკაციაა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში“ დაარსების დღიდან 132 საშტატო თანამშრომელი მუშაობს. ამას გარდა, უწყებას 7 შტატგარეშე თანამშრომელიც ჰყავს.

2015-2017 წლებში „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ბიუჯეტი შემდეგნაირია:

 

ცხრილი 1: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტი 2015-2017 წლებში (ლარი)

წელი 2015 2016 2017
ბიუჯეტი (სულ) 3 226 000 3 700 000 3 158 300
ცხოველთა მოვლა-შენახვა 205 731 220 000 232 762
თანამდებობრივი სარგო 1 874 590 2 034 500 2 026 135
პრემია 337 536 406 920 137 600
დანამატი 35 400 82 440 82 400

წყარო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი თანამშრომელთა ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე იხარჯება.

2015 წელს სააგენტოს თანამშრომელთა ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე 2 247 526 ლარი დაიხარჯა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 70%-ს შეადგენს. ცხოველთა მოვლა-შენახვაზე კი ბიუჯეტის 6.3% დაიხარჯა (ბიუჯეტის დარჩენილი 23.7% სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს მოხმარდა). 2016 წელს თანამშრომელთა ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე 2 523 860 ლარი დაიხარჯა, რაც ბიუჯეტის 68%-ს შეადგენს. ცხოველთა მოვლა-შენახვაზე კი – ბიუჯეტის 6%.

მიმდინარე წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა ხელფასებსა და პრემია-დანამატებისთვის 2 246 135 ლარია გათვალისწინებული, რაც სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტის 71%-ია, ხოლო ცხოველთა მოვლა-შენახვისთვის გამოყოფილი თანხა (232 762 ლარი) ბიუჯეტის 7.3%-ს შეადგენს.

გარდა ზემოაღნიშნული თანხებისა, სააგენტოს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა შენობა-ნაგებობების რემონტში, წყლის გადასახადში, საწვავსა და ავტოტექმომსახურებაში იხარჯება. სააგენტოს 18 ერთეული ავტომანქანა ჰყავს, აქედან 2 ერთეული პერსონალური მანქანა, 5 ერთეული სამსახურეობრივი მანქანა და 11 ერთეული ოპერატიული მანქანა. პერსონალური მანქანების თვიური ხარჯი 350 ლიტრი საწვავია. სააგენტოს საწვავის წლიური ხარჯი 97 650 ლარს შეადგენს, ავტოტექმომსახურების კი 94 900 ლარს.

 

დასკვნა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ 2015 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს. ბოლო წლების განმავლობაში სააგენტოს ბიუჯეტი ყოველწლიურად 3 მილიონ ლარს აღემატება, რომლის ძირითადი ნაწილი თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება (68%-71%), ცხოველთა მოვლა-შენახვაზე კი სააგენტოს ბიუჯეტის 6-7.3%-ია გამოყოფილი.

ამ სტატიის ფარგლებში ფაქტ-მეტრი არ შედის იმის განხილვაში, რამდენად მიზნობრივად იხარჯება „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ბიუჯეტი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო ღრმა და საფუძვლიანი კვლევის საგანია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გაბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

გააზიარეთ: