ორშაბათი, 26 დეკემბერი, ადიგენში, სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში, 70-მდე მუსლიმი მოსწავლის საპროტესტო აქციით დაიწყო. მოსწავლეები ირწმუნებიან, რომ სკოლის დირექტორი მათ უფლებებს ლახავს და განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან შეხვედრას ითხოვენ.

თითქმის 30 სანტიმეტრიანი თოვლისა და სიცივის მიუხედავად, სოფელ მოხეს საჯარო სკოლის მეექვსე-მეთორმეტე კლასის მუსლიმმა მოსწავლეებმა 23 დეკემბერს რამდენიმე საათი პროტესტის ნიშნად სკოლის ეზოში გაატარეს და გაკვეთილებზე არ შევიდნენ. მოსწავლეები სკოლის დირექტორს, ნათია რეხვიაშვილს დაუპირისპირდნენ, რომელიც, მათი განცხადებით, მუსლიმ მოსწავლეებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

საქმე ერთ-ერთი მეთორმეტეკლასელი მუსლიმი გოგონას სკოლაში მიღებას ეხება. მოხელი მოსწავლეების განცხადებით, 18 წლის თეონა ბერიძეს, რომელმაც ერთი სემესტრი ბათუმში, №27 საჯარო სკოლაში ისწავლა და მობილობით მოხეს სკოლაში ბრუნდებოდა, სკოლის დირექტორმა თავსაბურავის მოხდა მოსთხოვა.

„სკოლაში გადმოსასვლელად ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, მაგრამ დირექტორმა უთხრა, თავსაფარს თუ არ მოიხდი, სკოლაში არ მიგიღებო“, – გვეუბნება თეონას თანაკლასელი თემო მარკოიძე.

მოხეს სკოლაში 182 მოსწავლე ირიცხება. ამ სკოლაში მოხესა და მისი მიმდებარე სოფლების მოსწავლეები დადიან. მოსწავლეების უმეტესობა - დაახლოებით 90%, მუსლიმია. სკოლაში ამ დრომდე თავსაბურავით არავინ დადიოდა. თეონა ბათუმში სასულიერო სკოლაში სწავლობდა, გარდა ამისა, მას უკე 18 წელი შეუსრულდა და მუსლიმური წესის მიხედვით, თავსაფარიც ამიტომ დაიხურა.

გოგონამ თავსაბურავის მოხდაზე დირექტორს უარი უთხრა, თუმცა, 22 დეკემბერს იგი სკოლაში მაინც ჩარიცხეს. ამის მიუხედავად, მეორე დღეს, 23 დეკემბერს, თეონას თანაკლასელი ყველა მუსლიმი გოგონა გაკვეთილებზე თავდახურული მივიდა.

„ამით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თეონას და ამის მერე სულ ასე ვივლით“, – განაცხადეს მეთორმეტეკლასელმა გოგონებმა.

იმ დღეს მოსწავლეებისთვის თავსაბურავის ტარება არავის დაუშლია და მოხეს სკოლაში არც გაკვეთილები ჩაშლილა. თუმცა, მოხეს სკოლაში ხმაური ამით არ დასრულდა. მეთორმეტეკლასელი მუსლიმი მოსწავლეების პროტესტი ერთი კლასის პროტესტს გასცდა და ორშაბათს, 26 დეკემბერს, გაკვეთილებზე მეექვსედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით არცერთი მოსწავლე არ შევიდა. პროტესტი მხოლოდ მუსლიმებმა გამოთქვეს, მართლმადიდებლებს თანასკოლებების პათოსი არ გაუზიარებიათ და ამ დღეს სკოლაში გაკვეთილები მხოლოდ მათთვის ჩატარდა.

გაფიცულმა მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთ შეხედვით სკოლაში ყველაფერი დალაგდა, ისინი მაინც შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს და ამიტომ, საქმეში განათლების სამინისტროს ჩართვა მოითხოვეს. მოსწავლეების ნაწილი დირექტორის, ნათია რეხვიაშვილის გადადგომასაც ითხოვდა.

„დირექტორი თეონა ბერიძეს დისკრიმინაციულად მოექცა, ამიტომ ის უნდა გადადგეს. სამინისტრო ვალდებულია ამ ყველაფერზე დროული რეაგირება მოახდინოს“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ასლან მიქელაძემ.

ასლანს ეთანხმება თეონა ბერიძე, რომელიც ახლა სკოლაში თავსაბურავით დადის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ დირექტორმა იგი მართლმადიდებელ მოსწავლეებთან არათანაბარ პირობებში ჩააყენა: „რაც მე გადამხდა, ეს მუსლიმი ბავშვების შეურაცხყოფა და დისკრიმინაციაა“.

შუადღეს, სკოლის ადმინისტრაციამ გაფიცულ მოსწავლეებთან მოლაპარაკება სცადა. საქმეში ჩაერთო ადიგენის საგანამანათლებლო რესურსცენტრიც. მათი დახმარებით, მოსალაპარაკებლად, სკოლაში, აქციის მონაწილეებიდან ექვსი მოსწავლე შევიდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, – დირექტორისა და რესურსცენტრის შეთავაზება გაკვეთილებს დაბრუნებოდნენ, მოსწავლეებმა არ მიიღეს.

„ჩვენ რესურსცენტრთან სალაპარაკო არ გვაქვს, ამიტომ, პროტესტის ნიშნად  ეს შეხვედრაც დავტოვეთ“, - ამბობს თეონა ბერიძე, რომელიც ერთ-ერთი იყო მოსალაპარაკებლად შესულებს შორის.

დაახლოებით 15:00 საათზე, მაშინ როცა სკოლაში გაკვეთილები დასრულდა, მუსლიმმა მოსწავლეებმა პროტესტი შეწყვიტეს და დაიშალნენ, თუმცა, იმ პირობით, რომ აქციებს გააგრძელებენ. უცვლელია მათი მოთხოვნაც – მოხეს სკოლის საქმე განათლების სამინისტრომ შეისწავლოს.

სკოლის დირექცია, რესურსცენტრი და ადგილობრივი მართლმადიდებლები კი ამბობენ, რომ მოსწავლეები მართულები არიან. სკოლის დირექტორი კი ირწმუნება, რომ მას არავისთვის არაფერი აუკრძალავს და ამ აქციების უკან მისი არაკეთილისმოსურნეები დგანან, რომელთაც მისი მოხსნა უნდათ.

„არასდროს არ დარღვეულა არცერთი ბავშვის უფლება, ამას ვერავინ იტყვის და არც დაირღვევა. არავისთვის არაფერი ამიკრძალავს, ეს ყველაფერი პროვოცირებულია გარე ძალების მიერ. გოგონას დედამ და ბიძამ მადლობაც გადამიხადეს და ამდენად, ამ პროტესტის არ მესმის“, – აბობს სკოლის დირექტორი ნათია რეხვიაშვილი.  იგი 23 დეკემბერს, მაშინ როდესაც სკოლაში თეონას თანაკლასელები თავსაბურავებით მივიდნენ, გოგონას დედას მართლაც შეხვდა.

თეონა ბერიძის დედა, მზევინარ ბერიძეც გვიდასტურებს, რომ პრობლემა მოგვარდა და დირექტორმა საქმის ვითარება აუხსნა: „მითხრა, მხოლოდ გაფრთხილება მივეცი, ავუხსენი, რომ არ შეიძლება თავსაფრით სიარული და ის, რომ გაკვეთილზე ეხუროს, უხეშად არ დავლაპარაკებივარ და როგორ ივლის ამის შემდეგ, მისი გადასაწყვეტიაო“.

მოსწავლეების აქციებს პროვოკაციას უწოდებენ სოფელში მცხოვრები მართლმადიდებლებიც. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ სკოლა არ არის სალოცავი და ამდენად, რელიგიური ატრიბუტით მოსწავლე არ უნდა დადიოდეს: „ეს არც მეჩეთია და არც ეკლესია, რომ თავდახურულმა იარო. დირექტორი სწორად მოიქცა. მერე რა, რომ სარწმუნოება ავალდებულებს. ის, რომ ყველა თავსაფრთ მივიდა სკოლაში, ეს უკვე პროვოკაციაა და საშიშია“.

მუსლიმი მოსწავლეები პროვოკაციაში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. ასლან მიქელაძე ყვება, რომ დღეს, ვიდრე დაიშლებოდნენ, მათთან ერთი ქალი მივიდა: „გვითხრა, მუსლიმი დირექტორი გინდათ და იმიტომ მართავთ აქციებს, უფროსებმა დაგავალესო“.

ნათია რეხვიაშვილი აღმსარებლობით მართლმადიდებელი ქრისტიანია. იგი სკოლას 2016 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს. რეხვიაშვილი ერთ-ერთი იყო იმ ადგილობრივ მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის, ვინც მოხეს სადავო შენობის თემაზე ამტყდარი დაპირისპირების დროს მუსლიმებს უპირისპირდებოდნენ.

ვიდრე რეხვიაშვილი დაინიშნებოდა, სკოლას ექვსი წლის განმავლობაში მუსლიმი აღმსარებლობის დირექტორი ჰყავდა. 2016 წლის 20 აპრილს, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, თემურ ბერიძე სკოლის დირექტორობიდან მოხსნეს.

როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, ბერიძეს სხვადასხვა პროცედურული დარღვევა ჰქონდა. თავად ყოფილი დირექტორი, რომელიც ახლა მოხეს სკოლაში ქართულს ასწავლის, ფიქრობს, რომ მისი თანამდებობიდან მოხსნა მის აღმსარებლობას უკავშირდება და დაგეგმილი იყო. თუმცა, თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტზე ბერიძეს სამართლებრივი დავა არ დაუწყია.

რა მოხდება ხვალ მოხეს სკოლაში, არავინ იცის. დირექტორი მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრებისკენ მოუწოდებს. მით უმეტეს, რომ წლის ბოლოა, მოსწავლეები კი პოზიციას არ იცვლიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა უცვლელია - საქმით განათლების სამინისტრო დაინტერესდეს და მოხეს სკოლაში განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჩავიდეს.

მოხეს მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)" სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მიუთითებს.

გარდა ამისა, TDI განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს მიმართავს სკოლაში მომხდარი ფაქტის შესწავლისა და ეფექტური რეაგირების მოთხოვნის მიზნით. ასევე საჭიროდ მიიჩნევს, დეტალურად იქნას შესწავლილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საქმე.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)" კი, მოხეში მომხდარ ფაქტს დისკრიმინაციად  აფასებს. ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დირექტორის მოთხოვნა კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ რელიგიის თავისუფლებას არღვევს და დისკრიმინაციულია. 26

დეკემბერს საქმით "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც" დაინტერესდა - ორგანიზაციის იურისტი მოხეში მიმდინარე მოვლენებს სწავლობს. ამ ეტაპზე ორგანიზაციაში რაიმე კომენტარს არ აკეთებენ.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ თუ მოსწავლე თვლის, რომ მისი უფლებები იზღუდება სკოლის მიერ, საკითხის შესწავლის მიზნით შეუძლია სამინისტროს შიდა აუდიტს მიმართოს.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი