თამარ ბერუჩაშვილის თქმით, „Роснефть“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს ამ ეტაპზე არ არღვევს
ტყუილი
2712 ნახვა
A+
A
A-

2015 წლის 6 იანვარს, საგარეო პოლიტიკის უწყებათშორისი საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული კომპანია „Роснефть“-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლის ფაქტი შეაფასა. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, „Petrocas Energy Group“-ის აქციების 49%-ის რუსულ კომპანია “Роснефть”-ზე გასხვისების საკითხი ძალიან დელიკატური თემაა. ამასთან, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „Роснефть” კანონს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” ამ ეტაპზე არ არღვევს, რადგან ეს კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე არ საქმიანობს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აღნიშნული საკითხით დაინტერესებულია, რადგან საქმე ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტის – ფოთის პორტის ნავთობტერმინალის გასხვისებას ეხება.

ფაქტ-მეტრი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

რუსულმა კომპანია „Роснефть“-მა 2014 წლის ბოლოს დავით იაკობაშვილის მფლობელობაში მყოფი „Petrocas Energy Group“-ის 49%-იანი წილი შეიძინა, თუმცა აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილის საკუთრებაში დარჩა. „Роснефть“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული გარიგება კავკასიაში კომპანიის საქმიანობის გაფართოებასა და დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს და საშუალებას მისცემს ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის ბაზარზე ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში უფრო აქტიური როლი ითამაშოს.

“Petrocas Energy Group”-ი მულტიფუნქციურ ჰოლდინგს წარმოადგენს, რომელიც კასპიის, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებით არის დაკავებული. ჯგუფი ფოთის ტერმინალში თრეიდინგს, ფორვარდინგსა და ნავთობპროდუქტებისა და ქიმიური პროდუქტების შენახვას ახორციელებს, რომელთა ტრანსპორტირება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და პირიქით ხდება. ჯგუფი ასევე ფლობს საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების ყველაზე დიდ ქსელს, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდის – “გალფის” სახელით ოპერირებს.

რუსულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოთის პორტის ნავთობტერმინალი და „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურები როსნეფტის მფლობელობაში გადადის. რუსული კომპანიის ხელმძღვანელმა, იგორ სეჩინმა განაცხადა, რომ „Petrocas Energy Group“-ისა და „Роснефть“-ის პარტნიორობა რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მთავარ როლს შეასრულებს.

რუსულ კომპანიასა და „Petrocas Energy Group“-ს შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ ლეგიტიმური კითხვა გააჩინა, დაირღვა თუ არა კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ სახელმწიფოს გარიგების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო შეთანხმება ოფშორულ ზონაში შედგა, თუმცა საკუთარ უწყებას, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან ერთად, გარიგების სამართლებრივი შესწავლა დაავალა.

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მეხუთე და მეექვსე მუხლში განმარტებულია, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით უძრავი ქონების შეძენა და ასევე, ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობაა აკრძალული, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობის ნებართვა სჭირდება.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (2) მუხლის თანახმად, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე ვადით. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) ასეთი დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

„Роснефть“ არა მხოლოდ წარმოდგენილია ოკუპირებული აფხაზეთის ბაზარზე, არამედ ამ ოკუპირებულ რეგიონთან 2009 წელს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების შესახებ ხელშეკრულებაც კი გააფორმა, რითაც აფხაზეთის კონტინენტურ შელფზე ნავთობმოპოვებითი სამუშაოების უფლება მიიღო. 2009 წლის აგვისტოშივე, კომპანია ООО “РН-Шельф Абхазии”დაარსდა. გარდა ამისა, „Роснефть“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აფხაზეთში მდებარე ნავთობგასამართი სადგურების მისამართებია განთავსებული. სწორედ ამ უკანონო შეთანხმებით, რუსულმა კომპანიამ აფხაზეთის ტერიტორიაზე, აფხაზეთის აკვატორიასა თუ კონტინენტურ შელფზე ნავთობმოპოვებითი სამუშაოების უფლება მოიპოვა. გარდა ამისა, ის აფხაზეთის ტერიტორიაზე 3 ბენზინგასამართ სადგურს ფლობს, რითიც “ოკუპაციის შესახებ კანონის” მეხუთე და მეექვსე მუხლს არღვევს. საქართველოს მაშინდელი საგარეო უწყება ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა და მას საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა უწოდა.

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მეორე მუხლში ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონებია განმარტებული. სწორედ ამ საზღვაო ზონაში შედის აფხაზეთის კონტინენტური შელფი, რომელზეც ნავთობის მოპოვების მიზნით „Роснефть“-მა და აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა ხელშეკრულება გააფორმეს და იმავე წლის აგვისტოში შესაბამისი კომპანიაც შექმნეს. “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მიხედვით და მისი მოქმედების ვადით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ვრცელდება. ასევე, ვრცელდება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადების შეზღუდვას გულისხმობს.

 

დასკვნა

კომპანია „Роснефть“-მა 2009 წელს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ოკუპირებულ აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან უკანონო ხელშეკრულება გააფორმა, ამასთან, 2010 წლიდან საქართველოს სუვერენულ საზღვრებში მდებარე კონტინენტურ შელფზე ნავთობმოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს, რაც არღვევს როგორც საქართველოს “კანონს საზღვაო სივრცის შესახებ,” ისე კანონს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. გარდა ამისა, რუსული კომპანია აფხაზეთის ტერიტორიაზე 3 ბენზინგასამართ სადგურს ფლობს, რაც ასევე ეწინააღმდეგება “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონს.

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს მიმართოს.

„Роснефть“-მა “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი დაარღვია 2009 წელს და ეს  დღემდე გრძელდება. ის, თუ როგორ უნდა მოხდეს კანონით დადგენილი პროცედურების იმპლემენტაცია და რა სახის სანქციები უნდა დაეკისროს რუსულ კომპანიას, ეს შესაძლებელია ცალკე განხილვის თემა და სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა არა თავად ის ფაქტი, რომ კანონი დაირღვა.

შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება: „როსნეფტი საქართველოს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონს ამ ეტაპზე არ არღვევს,“ არის ტყუილი.

გააზიარეთ:

იხილეთ ჩვენი სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე: