გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის პრობლემა დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს და ოსური მხარის მიერ არხების გადაკეტვის მიუხედავად, ქართულ სოფლებში ეს საკითხი ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერთობლივად გადაჭრა.

„გორის მუნიციპალიტეტში საირიგაციო პრობლემები მოწესრიგებულია და ამ დროისთვის  გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს სარწყავი წყალი მიეწოდება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თითქმის ყველა ნაკვეთი ირწყვება და ეს საკითხი სოფლის მოსახლეობას აღარ აწუხებს“, - აღნიშნა

ონიაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2008 წლის აგვისტომდე ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართული სოფლების ნაწილი კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემით ირწყვებოდა,

რომელიც ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ზონაშია ტირიფონისა და სალთვისის სათავე ნაგებობები, საიდანაც ომამდე გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულმა მთავრობამ არხი გადაკეტა და ქართულ სოფლებს წყლის მიწოდება შეუწყვიტა.

წლების წინ გაუქმებული არხი ნაგვით და ქვა-ღორღით იყო სავსე, რისი გაწმენდაც ქართული მხარის მიერ 2013 წელს, ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ფარგლებში მოხერხდა.

ტირიფონის სარწყავი სისტემა სათავეს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იღებს, გადის გორის რაიონის სოფლებზე და სრულდება ოსურ სოფლებთან - ორჭოსანსა და წინაგარასთან.

შესრულებული სამუშაოების შედეგად, 30-მდე ქართულ და ოსურ სოფელს შორის დიცი, ქორდი და არბო ვერ მოექცა, რის შემდეგაც, ამ სოფლებისთვის მდინარე ლიახვზე არბო-დიცის სატუმბი სადგური აშენდა,

რომლის მეშვეობით, მექანიკური წესით, წყლის მიწოდება გახდა შესაძლებელი. მიმდინარე წელს მისი სიმძლავრის გაზრდის მიზნით, დამატებითი საქაჩი აგრეგატი დამონტაჟდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა მოსახლეობის მოლოდინები მაინც ვერ გამართლდა.

სარწყავი წყლის მოთხოვნით, მიმდინარე წლის 4 ივლისს გამართული აქციის შემდეგ, დიცელები სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებსაც სოფელში უწყლობით შექმნილი ვითარება გააცნეს. კონფლიქტის ზონიდან ჩასულებმა სარწყავი წყლის საკითხის მოწესრიგების პირობა მიიღეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,

რომ მსგავსი შეფერხებისა და დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, სიტუაციის გაუმჯობესებაში ადგილობრივი ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი თბილისში მიმდინარე აქციას გორის მუნიციპალური გამოცემის მეშვეობით გამოეხმაურა. გაზეთში „გორის მაცნე“ (3-9 ივლისი) დაბეჭდილ სტატიაში დავით ონიაშვილი ამბობს,

რომ მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა და არსებული რესურსიდან ყველაზე მეტი წყალი სწორედ დიცს მიეწოდება.

14 ივლისს, მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად სიტუაციის ადგილზე შესასწავლად დიცში ჩავიდნენ

და მოსახლეობასთან წყლის მიწოდების საკითხი განიხილეს.

„იმისათვის, რომ აღნიშუნულ სოფლებში სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი დარეგულირდეს და შეფერხების გარეშე მიეწოდოს მოსახლეობას წყალი, არბო-დიცის სატუმბი სადგური 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. ჩაირთვება 3 ტუმბო. ამასთანავე, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად გადანაწილდეს სამივე სოფლის (დიცი, ქორდი, არბო) ფართობებზე“, -განუმარტეს

ადგილობრივ მოსახლეობას.

როგორც ფაქტ-მეტრს მელიორაციის სამსახურში უთხრეს 14 ივლისის დაპირება შესრულებულია და აღნიშნულ 3 სოფელს სარწყავი წყალი 5-5 დღიანი გრაფიკით, მონაცვლეობით მიეწოდება. ამავე სამსახურის ინფორმაციით, სოფელი დიცი სარწყავი წყლით არა ტირიფონის არხიდან, არამედ მდინარე ლიახვზე აშენებული მექანიკური სატუმბი სადგურიდან მარაგდება.

ამის შემდეგ, სარწყავ წყალთან დაკავშირებული პრობლემები სოფელ ხელთუბნის მაცხოვრებლებმა წამოწიეს და სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართეს. ვითარების დასაზუსტებლად ფაქტ-მეტრი მელიორაციის სამსახურს კიდევ დაუკავშირდა და ამ დროის მდგომარეობით არსებული ვითარება დააზუსტა. სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ბერუაშვილი განმარტავს, რომ გორის მუნიციპალიტეტის 106 სოფლიდან ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება, 10-მდე სოფელში კი ეს პრობლემა ისევ გადაუჭრელი რჩება და მათ სარწყავი წყალი გრაფიკითაც ვერ მიეწოდებათ. მაგალითისთვის, ბერუაშვილი ტყვიავს, ძევერას, შერთულს, კარალეთს, კვარხეთს და მარანას

ასახელებს, რომლებიც მდინარე ლიახვიდან მარაგდებიან. ეს მდინარე კი მიმდინარე სეზონზე თითქმის დამშრალია და გვალვების გამო აღნიშნულ სოფლებში ნაკვეთები ვერ ირწყვება.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფლების გარკვეული ნაწილი ტირიფონის არხიდან მარაგდებოდა, რომელიც 2008 წლიდან გადაკეტილია. ამიტომ დამონტაჟებული სატუმბი სადგურები ყველა სოფელს ვერ სწვდება. სოფლებს, რომლებიც მე ჩამოგითვალეთ, სარწყავი წყალი წელს გრაფიკითაც ვერ მიეწოდებათ და ნაკვეთებს საკუთარი ძალებით რწყავენ, განსხვავებით გასული წლისგან, როდესაც ნალექიანი ამინდებიდან გამომდინარე, შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო“, - ამბობს ზაზა ბერუაშვილი.

დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე შიდა ქართლის და მათ შორის გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აწუხებდათ, მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, თუმცა მელიორაციის სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელს სარწყავი წყალი გრაფიკითაც ვერ მიეწოდება.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი კი ირწმუნება, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარებულია და თითქმის ყველა ნაკვეთი მორწყულია, რაც რეალობას არ შეესაბამება. თუმცა, უნდა ითქვას, დავით ონიაშვილის გამგებლობის პერიოდში 2008 წელს დაწყებული პრობლემის მოგვარება ნამდვილად შეინიშნება.

შესაბამისად, დავით ონიაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი