საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,

 ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განსახილველად, ერთი წლის (2015 წელი) განმავლობაში ყველა პოლიტიკურ ძალას შეხვდა, გარდა "ქართული ოცნებისა". "მმართველი გუნდი არის ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე ჩემთან კონტაქტზე არ გამოდის და არ აფიქსირებს, რომ ეს საერთო საუბრის თემაა" - განაცხადა მარგველაშვილმა.

ფაქტ-მეტრი პრეზიდენტის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2014 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მიერ "სამოკავშირეო ხელშეკრულების" ხელმოწერის საპასუხოდ სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან შეხვედრა და ამ საკითხზე შიდასახელმწიფოებრივი კონსესუსის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების დაწყება დააანონსა. 2014 წლის 22 დეკემბერს ამ საკითხზე ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს - "თავისუფალ დემოკრატებს" შეხვდა. მოგვიანებით, ამავე საკითხზე მოლაპარაკებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთანაც გაგრძელდა. საპარლამენტო ოპოზიციის გარდა გიორგი მარგველაშვილმა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ირინა იმერლიშვილმა 2014 წლის 19 და 26 დეკემბერს შეხვედრები სხვადასხვა არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან გამართეს.

 ეს პარტიები იყვნენ: "თავისუფლება", "პატრიოტთა ალიანსი", "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია", "ტრადიციონალისტები", "თავისუფალი საქართველო", "ახალი მემარჯვენეები", "ქართული დასი", "მემარცხენე ალიანსი", "ევროპელი დემოკრატები" და "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა".

პოლიტიკური პარტიების გარდა, 2015 წლის 26 თებერვალს, შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, კონკრეტულად კი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთანაც გაიმართა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული პოლიტიკის შესახებ საკუთარი მოსაზრებები პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს გაუზიარეს.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ამ დრომდე არ ჰქონიათ. უმრავლესობის წევრებს ამ საკითხზე არც განცხადება გაუკეთებიათ. ინფორმაცია მსგავსი შეხვედრის გამართვის შესახებ არც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს არქივში და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება, სადაც ამ საკითხზე ყველა სხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფთან გამართული შეხვედრის შესახებ ცნობა არის განთავსებული. საკითხის დასაზუსტებლად ჩვენ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეს-სამსახურსაც მივმართეთ, თუმცა პასუხის მიღება ვერც ამ გზით მოხერხდა.

ჩვენ უშიშროების საბჭოს მდივანსაც ვესაუბრეთ. ირინა იმერლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ რამდენჯერმე გაკეთებული შეთავაზების მიუხედავად, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან შეხვედრა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერდა (მაგ. ერთ-ერთ მიზეზად უმრავლესობამ დროის არ ქონა დაასახელა). იმერლიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილის სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებების განხილვასა და ქართული მხარის კონსოლიდაციას ემსახურებოდა.

დასკვნა

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ 2014 წლის დეკემბრის შემდგომ პრეზიდენტთან და უშიშროების საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრებში "ქართული ოცნების" გარდა ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ოფიციალური განცხადება, თუ რატომ არ დაესწრო მმართველი კოალიცია პრეზიდენტთან შეხვედრას, ამ დრომდე არ გაკეთებულა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრეზიდენტის განცხადება არის სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი