ტერაქტის ბრალდებით დაკავებული და წინასწარ პატიმრობაში მყოფი 7 ადამიანი, მათ შორის ერთი ნაცემი, რომელიც დღემდე საავადმყოფოში წევს; დანაშაულის აღიარება მხოლოდ დაკავებული ნაცემი პირის მიერ; განუხორციელებელი ტერაქტის უცნობი მიზანი და ტერაქტზე პასუხისმგებელი პირისა თუ ორგანიზაციის არარსებობა – ასეთია ერთი კვირის წინ ხმაურით დაწყებული საქმის ვითარება. ამას ემატება გაურკვეველი დეტალები, საეჭვო გარემოებები და პასუხგაუცემელი კითხვები, რის გამოც ანალიტიკოსებს შეფასებების გაკეთება უჭირთ.

22 აგვისტოს, დილით, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. ამის შესახებ განცხადება საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა, სადაც განაცხადეს, რომ დაკავებული იყო 7 პირი, მათ შორის საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. აქედან 5-ს უშუალოდ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებას ედავებიან, დანარჩენი 2-დან ერთ-ერთს – დანაშაულის დაფარვაში, ხოლო მეორეს, პატრულის მოქმედ თანამშრომელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებულები საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას გეგმავდნენ.

ტერაქტის მომზადების საქმეზე შვიდივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა, რაც მოსამართლემ მოწმეებზე ზეწოლის თავიდან აცილებით დაასაბუთა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ტერორიზმი თუ რაღაც სხვა?

ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი ტერაქტის მცდელობის ბრალდებაა. საქმე სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით არის აღძრული, მაგრამ ძირითადია ტერაქტის ნაწილი (სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 323-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი).

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ტერორიზმთან დაკავშირებულ მუხლებს დართული აქვს განმარტება, რა ითვლება ტერორიზმად და რა შემთხვევაში მოქმედებს ეს კონკრეტული მუხლები. მათ შორის, 323-ე და 323-ე პრიმა მუხლებს, რომლითაც ამ კონკრეტულ შემთხვევაშია საქმე აღძრული, აქვს ეს განმარტება:

„ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება“, – ასეთია საკანონმდებლო ჩანაწერი.

ამიტომაც ჩნდება კითხვები, რამდენად იკვეთება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტერორიზმის ნიშნები.

„ამ ტიპის საქმის გამოძიებისას არსებითია მტკიცებულებები. გამოძიების დაწყების ეტაპზე მტკიცების სტანდარტი დაბალია. შესაძლოა მერე გადაკვალიფიცირება ან დაზუსტება, ან სულაც დევნის შეწყვეტა, ან უარი დევნაზე/ბრალის წარდგენაზე. გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს, ეს იყო დაუმთავრებელი დანაშაული (მომზადება ან მცდელობა), თუ დამთავრებული. სისხლის სამართლის კოდექსი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 323-ე მუხლი კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეეხება, შესაბამისად, მომზადება ან მცდელობაც დასჯადია. მაგრამ არსებითია, როგორ მოხდება ამ ბრალის დამტკიცება“, – ამბობს იურისტი ლევან ალაფიშვილი „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას.

კიდევ ერთი დეტალი, რაც ამ საქმეს საინტერესოს ხდის, არის ის, რომ, გამოძიების მტკიცებით, დაკავებულები გეგმავდნენ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის აფეთქებას, რომელიც რუსეთიდან სომხეთს აწვდის გაზს. ახლა ზაფხულია და გაზის მოხმარება დიდი არ არის. თან სომხეთს აქვს გაზსაცავი და ამ მილსადენის აღდგენამდე ქვეყანას, დიდი ალბათობით, პრობლემები არ შეექმნებოდა. ცხადია, ეს მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით. მეორე საკითხია პოლიტიკური მიმართულება, რაც კიდევ დამატებით კითხვებს აჩენს.

ძირითად შემთხვევაში ჩადენილ ტერაქტზე პასუხისმგებლობას კონკრეტული დაჯგუფება ან პირი იღებს, რადგან მათ აქვთ კონკრეტული მიზანი და ტერაქტი ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა. ამ შემთხვევაში კი არ ჩანს არც ორგანიზატორი, არც მიზანი და არც ის არის გამოკვეთილი, რომელი ქვეყნის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

გამოძიება ამ კონკრეტულ დეტალებზე „გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე“ არ საუბრობს.

სწორედ ამიტომ ანალიტიკოსებს საქმის კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარებათ.

„ეს ტერორიზმი ვერანაირად ვერ იქნება. უნდა იყოს სამოქალაქო პირთა წინააღმდეგ ძალადობა, უნდა იყოს გზავნილის გავრცელების მიზნით, ან იდეოლოგია უნდა ჰქონდეს ჯგუფს პოლიტიკური ან რელიგიური. ეს უფრო დივერსიის აქტია.

წინასაარჩევნოდ ამ ყველაფრის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მცდელობაა. ამას ბოლომდე არ იტყვიან, მაგრამ ეცდებიან, ისეთი შთაბეჭდილება დატოვონ, თითქოს ეს კვალი აღმოაჩინეს. ჩემი აზრით, იაფფასიანი პოლიტიკური ხრიკია“, – ამბობს ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე.

სამართლის დოქტორი გია ხუროშვილი კი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იურიდიულ კომპანიაში მუშაობს, „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ტერორიზმი თავისთავად საკმაოდ მძიმე დანაშაულია და ამიტომ ის დასჯადად არის გამოცხადებული გაცილებით ადრეულ სტადიაზე, ვიდრე ისეთი დანაშაული, როგორიცაა ქურდობა ან სხვა მსგავსი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენთვის არასასურველი ნებისმიერი ადამიანი ტერორისტად გამოაცხადო და ამით პოლიტიკური ოპონენტების გზიდან ჩამოცილების პროცესი გაიმარტივო“.

„მე დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ტერორიზმის ბრალდებას განსაკუთრებული დასაბუთება სჭირდება, თავისი საერთაშორისო ინტერესიდან გამომდინარე. ეს კი უნდა მოხდეს თითოეული კონკრეტული ფაქტის სამართლებრივი შეფასების გზით და არა ისე, თავდაცვის მინისტრი რომ აკეთებს განცხადებას, რომელიც პოლიტიკურად წინასწარმეტყველებს მოსალოდნელ „სამართლებრივ შედეგებს“, რაც წინასწარ აჩენს იმის მოლოდინს, რომ პოლიტიკური პროცესები კვლავ იჭრება სამართლებრივ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სივრცეში, რაც რეალური საფრთხეების, პრობლემებისა და გამოწვევების მიჩქმალვის მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე დაანონსებული ტერაქტების გახსნის სერიას.

თუმცა, ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, შეფასებებს არ ვიჩქარებდი და ყურადღებით დაველოდებოდი გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოქვეყნებასა და მოსამართლეთა შეფასებებს“, – განაცხადა ხუროშვილმა.

ნაცემი დაკავებულის აღიარება და იარაღი

საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ყურადღება კი იმაზე გამახვილდა, რომ 7-დან ერთადერთს, ვინც ბრალს აღიარებს, ფიზიკური დაზიანებები აქვს და დღემდე ციხის საავადმყოფოში მკურნალობს.

„შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს, როდის გადაუმტვრიეს თითები“, – ეს განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა.

ამ მდგომარეობაში ბრალის აღიარება კი, ცხადია, არსებით კითხვებს აჩენს. მით უმეტეს, რომ დღემდე დაკონკრეტებული არ არის, რა ნაწილში აღიარებს ბრალს ბექა ბექაური.

არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ მომხდარს წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს. ისინი გამჭვირვალე და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ, რათა დადგინდეს, რა მოტივით მოხდა ბექაურისთვის დაზიანებების მიყენება.

„საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ, რაც არ უნდა მძიმე ბრალდება ჰქონდეს ადამიანს წაყენებული, მის მიმართ წამების, არასათანადო მოპყრობისა თუ ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევის სხვა ფაქტებზე ჩვენ შემგუებლური პოზიცია გვქონდეს.

შესაძლებელია, აქ საუბარი იყოს იმაზეც, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას ჰქონდეს ადგილი. ფიზიკური დაზიანებები, რომელიც მას მიყენებული ჰქონდა, უფრო მძიმეა, ვიდრე ცემის კვალიფიკაცია, მაგრამ საბოლოო პასუხი ამას გამოძიებამ უნდა გასცეს“, – განაცხადა საია-ის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, ამბობს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დეტალური განმარტება, როგორ მიიღო პირმა დაზიანებები.

ამ ფაქტს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელიც აპროტესტებს.

„როდესაც ერთადერთი დაკავებული აღიარებს დანაშაულს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ ადამიანს სასწრაფო ოპერაცია უტარდება, ეს არის საფუძველი, რათა ყველამ ერთად მივმართოთ შესაბამის უწყებებს, მათ შორის, სუს-ს და მოვთხოვოთ უფრო სერიოზული განმარტებები, ვიდრე იმის თქმა, რომ ვიღაცას რაღაცას აბრალებს.

ხელის აკვრით ნათქვამი და აივნებიდან წუწაობა ვნახეთ და იმ ხელისუფლებამ ძალიან ცუდად დაამთავრა. ამიტომ არ ვურჩევდი სუს-ის ხელმძღვანელობას, იმავე გზაზე დამდგარიყოს“, – აღნიშნა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

მეორე თემა, რაც ანალიტიკოსებისთვის დამაეჭვებელია, ეხება იმ იარაღს, რითაც, გამოძიების მტკიცებით, ტერაქტი უნდა განეხორციელებინათ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა სამალავიდან ამოიღეს 4 ცალი 200 გრამი ტროტილის კოჭა, 2 სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. უმკზ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. ვეზედეს მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დააკავეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ გამომძიებლის მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად, დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალაა ამოღებული. ასევე, ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუკა, სადაც ის ადგილებია დატანილი, რომლის აფეთქებასაც დაკავებული პირები გეგმავდნენ.

სპეციალისტთა ნაწილი, რომელმაც ეს შეიარაღება სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ნახა, მათ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაზე საუბრობს. მათი თქმით, ასაფეთქებელ მოწყობილობებს ვიზუალურად ჟანგისა და სხვადასხვა დეფექტის კვალი ეტყობოდა და შესაბამისად, ძნელი სათქმელია, რამდენად შესაძლებელი იყო ამ საშუალებებით მასშტაბური აფეთქების მოწყობა.

მინიშნება უკრაინაზე და რადიკალური ისლამი

კიდევ ერთი საკითხი, რამაც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, ამ საქმეში უკრაინის ხსენებაა. ერთადერთი შეკითხვა, რომელსაც კონტრდაზვერვის გამომძიებელმა ბრიფინგზე უპასუხა, იყო ის, ჰქონდათ თუ არა დაკავებულებს კავშირი უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროებთან.

„გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა იმართებოდა თუ არა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა, სავლე მოთიაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ დაკავებულები, რომელთა უკრაინულ კავშირებსაც, სავარაუდოდ, გამოძიება სწავლობს, ირაკლი ბაღოშვილი და ვლადიმერ რუხაძე არიან.

მათი ახლობლები არ მალავენ, რომ ისინი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ტანსაცმლითა და სხვა საჭირო ნივთებით ეხმარებოდნენ. ახლობლები ბრალდებულების ტერორიზმთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ და დაკავების სხვა მოტივზე საუბრობენ.

ამ საქმეში უკრაინის ხსენება ნოდარ ხარშილაძეს ეჭვს უჩენს, რომ ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არის მიმართული. სამხედრო ექსპერტს ზურაბ აგლაძეს კი მიაჩნია, რომ სუს-ში გაკეთებულმა განცხადებამ შესაძლოა, ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს.

ჩვეულებრივი დივერსიაა და არ არის ტერორისტული აქტი. შემიძლია, გამოვრიცხო, რომ ამ აქტში უკრაინის სახელმწიფო იყოს ჩარეული. წინასწარ განცხადებების გაკეთება ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და გამოძიებას დააზიანებს“, – აცხადებს აგლაძე.

საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, გამოეხმაურა.

„ის, რაც აქ წერია, ნიშნავს, რომ სუს-ს ეჭვი აქვს – საქართველოში ტერაქტს უკრაინიდან გვიწყობდნენო და იქნებ დაფიქრდეთ ხოლმე, სანამ განცხადებას გააკეთებთ. „ნაცმოძრაობასა“ და მიშაზე თუ გაქვთ ეჭვი, გარკვევით თქვით, მიშა აწყობდა თუ არა ამას და არა უკრაინა. სირცხვილია!“ – წერდა თინა ხიდაშელი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

კიდევ ერთი გაურკვევლობა კი საქმეში სრულიად მოულოდნელად გამოჩენილ რადიკალური ისლამის საკითხს ეხება.

ბექაურის ადვოკატის მაია ჭრელაშვილის განცხადებებით, საქმეში არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, მათ შორის „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც დაკავებულებს აქვთ სურათები გადაღებული სხვადასხვა დროშების ფონზე და მათ შორის ერთ-ერთი დროშაა „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა.

ოჯახის წევრები კი კატეგორიულად გამორიცხავენ ბექა ბექაურის რადიკალურ ისლამთან კავშირს.

საქმეში ამ თემის წამოწევამ ანალიტიკოსებს იმის ეჭვიც გაუჩინა, რომ, შესაძლოა, გამოძიებამ ამ საქმეში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოც“ წამოსწიოს. თუმცა, მათი უმრავლესობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში „დაეშთან“ კავშირის საფუძველს ვერ ხედავს, ისევე, როგორც სხვა ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების მონაწილეობას.

„ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს აქვთ თავისი ხელწერა. ერთი ის, რომ მათი შეტევის ობიექტი ყოველთვის ხალხმრავალი ადგილია, რათა მეტი რეზონანსი ჰქონდეს და, სამწუხაროდ, მსხვერპლიც მეტი იყოს. რიგითი ტერაქტი, რომელიც მხოლოდ ნავთობსადენს დააზიანებს, ვერანაირ დივიდენდებსა და ქულებს რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში ვერავის მოუტანს.

მეორეც, რამდენადაც ვიცი, შვიდივე ბრალდებული ქრისტიანია და ქართველები არიან. როგორც წესი, ისლამური ტერორისტული ორგანიზაციები არამუსლიმებს არ ენდობიან. აქედან გამომდინარე, დღევანდელი გახმაურებული ინფორმაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ ნაკლებსავარაუდოა“, – ამბობს ბესო ალადაშვილი.

ლაფანყურის ექო

არჩევნების წინ ტერაქტის თუ დივერსიის მოწყობა, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, რუსეთის ინტერესში შედის.

საქართველოში რუსეთთან დაკავშირებულ გაზსადენზე დივერსია რუსეთს საშუალებას მისცემდა, საკუთარი ინტერესის დაცვის საბაბით, პროცესებში აქტიურად ჩარეულიყო. ამ „არგუმენტს“ მოსკოვი, სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ნაწილების შემოსაყვანადაც გამოიყენებდა. მით უმეტეს, რომ ამის პარალელურად საკმაოდ საინტერესო მოვლენები ვითარდება. ერთი ის, რომ ზუსტად სექტემბერში რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში მართავს სამხედრო წვრთნას „კავკაზ 2016“-ს. მსგავსი წვრთნა 2008 წლის აგვისტოს ომისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც ჩატარდა.

2012-ში, ასევე, არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნებზე ვითარების დაძაბვის შემთხვევაში რუსეთი შეეცდებოდა კონტროლის ხელში აღებას ზუსტად ე.წ. სამშვიდობო მიზნით. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, ამ წვრთნის დასრულების შემდეგ, რუსული სამხედრო ნაწილები დისლოკაციის ადგილებს არ დაბრუნებიან და ისინი ოქტომბრის შუა რიცხვებამდე წვრთნის ადგილზე რჩებოდნენ.

საინტერესო კი ის არის, რომ სწორედ 2012 წლის აგვისტოს ბოლოს იყო ლაფანყურის ცნობილი მოვლენები, რაც 2012 და 2016 წლების პროცესებს ძალიან ამსგავსებს ერთმანეთს.

თუკი ლაფანყურის მოვლენებს გავიხსენებთ, ბევრი გაურკვეველი საკითხის გვერდით მთავარი ხაზი იყო ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეულ შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად იყო „რუსეთის კაცი“, რომლის მიზანიც ამ ჯგუფის რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანა გახლდათ, სადაც მათ დააკავებდნენ, როგორც საქართველოდან გადასულ ტერორისტულ ჯგუფს და ამას რუსეთის მხრიდან სამხედრო სახის გააქტიურება მოჰყვებოდა.

ამიტომაც ეს ჩაშლილი ტერაქტი, როგორც მას ჩვენი სამართალდამცველები უწოდებენ, თუ დივერსია, ძალიან ჰგავს ლაფანყურის სცენარს. მით უმეტეს, რომ ორივე მოვლენა არჩევნების წინ ხდება და რუსეთთანაა დაკავშირებული.

წლევანდელ შემთხვევაში კი საინტერესო ისიც არის, რომ ქმედებას, რომელსაც, სპეციალისტების თქმით, დივერსიის სახელი უფრო შეეფერება, ტერაქტს უწოდებენ. ასეთი კვალიფიკაცია კი რუსეთის ინტერესში უფრო შედის.

ესეც ერთ-ერთი ვერსიაა, რომელიც გამოძიების დასრულებამდე, ცხადია, ვერსიის დონეზე რჩება. თუმცა, ექსპერტები თანხმდებიან, რომ, თუკი ტერაქტი მოხდებოდა, მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა იქნებოდა და გამოძიებამ ის უნდა დაადგინოს, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დესტაბილიზაცია ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს.

„საერთაშორისო დანაშაულის – ტერორიზმის გამოძიებას ყველა ქვეყანაში ახლავს საერთაშორისო მონიტორების განსაკუთრებული ინტერესი და გამოძიებას მოუწევს თითოეული ეპიზოდის დეტალური დასაბუთება“, – ამბობს „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას გია ხუროშვილი.


მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი