1 2

ბათუმში საბავშვო ატრაქციონებისა და მოედნების მოწყობა 2013 წლიდან ინტენსიურად ხორციელდება. ამ მიმართულებით განსაზღვრული თანხა ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციის - ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ ბიუჯეტშია გათვალისწინებული. არსებობს ოფიციალური დოკუმენტი,

რომლშიც დეტალურად არის გაწერილი ყველა ის ტექნიკური პირობა, რომლებსაც საბავშვო ატრაქციონები და მოედნები უნდა აკმაყოფილებდეს. ამ დოკუმენტის მიხედვით, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები. კომპანიამ, რომელიც საბავშვო ატრაქციონებისა და მოედნების მოწყობა-შეკეთების სამუშაოებს შეასრულებს, ეს პირობები აუცილებლად უნდა დაიცვას.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად არის დაცული სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ტექნიკური პირობები და უსაფრთხოების ნორმები ბათუმის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ატრაქციონების მოწყობისას და რა თანხა დაიხარჯა ამ მიმართულებით 2013-2016 წლებში. ჩვენ იმ დეტალებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელთა შემოწმებაც ვიზუალურადაც შესაძლებელია და სპეციალური კვლევა არ სჭირდება, მაგალითად, ორმაგი საქანელა და საბავშვო-სათამაშო კომპლექსის მოედანი.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საქანელაში გამოყენებული უნდა იყოს პოლიეთილენის სავარძლები, რომლებიც სამი მხრიდან როტაციული ტექნოლოგიით დამზადებული სწორხაზოვანი პოლიეთილენის მასალით იქნება შემოფარგლული. საქანელას კალათაში, უსაფრთხოების მიზნით, გამოყენებული უნდა იყოს პოლიეთილენის ბარიერები.

რაც შეეხება მოედნის მოწყობას, აქ აუცილებელია ტერიტორიის მოსწორება-მოშანდაკება, რეზინის ბორდიურის მოწყობა, ბორდიურის შიგნით ცემენტის მჭიმის მოწყობა და მინიმუმ 20 მმ სისქის რეზინის ფილების დაგება, რათა მოედანი ისე მოეწყოს, რომ წყალი არ დაგროვდეს.

ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს ი/მ „არჩილ ასათიანმა“ სამოცდაათი ერთეული ჯაჭვის საქანელას მონტაჟის სამუშაოები შეასრულა, რისთვისაც „ბათუმის კორპუსმა“ 4 410 ლარი გადაიხადა, ხოლო მომდევნო წელს იმავე რაოდენობის საქანელების მოწყობაში  ი/მ „გიორგი ასათიანს“ 4 499 ლარი გადაურიცხა. იმავე კომპანიას 2016 წელს 9 750 ლარის სამუშაოები აქვს შესრულებული.

ფაქტ-მეტრის ობიექტივში მოხვედრილი საქანელები სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რომ ვერ აკმაყოფილებს, ეს ფოტოებიდან

 კარგად ჩანს.

რაც შეეხება მოედნებს, უნდა ითქვას, რომ რამდენიმე მათგანზე რეზინის ფილები მართლაც დავაფიქსირეთ, თუმცა ძალიან ბევრი საბავშვო ატრაქციონი პირდაპირ მიწაზე ან ქვის ფილებზეა მოწყობილი და თუნდაც ამიტომ უსაფრთხოების ზომები და ტექნიკური პარამეტრები დაცული არ არის. „ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, ბათუმში სულ 434 ატრაქციონია, მაგრამ რამდენი მათგანია მოწყობილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, ამ კითხვაზე, სამწუხაროდ, პასუხი ვერ მივიღეთ.

გამარტივებული შესყიდვითა და გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებით გამოვლენილ კომპანიებს: შპს „ექსტრიმ ტრაფიკს“, შპს „მშენებელი 5“-სა და შპს „სტანდარტმეტრჯგუფს“ 2015-2016 წლებში საბავშვო მოედნების მოწყობა-შეკეთებისთვის, ასევე მოედნების შემოღობვისა და ყვითელი ქვიშის ჩაყრა-მოსწორებისთვის ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსმა“ ჯამში 1 090 478 ლარი გადაუხადა. ფოტოებიდან ჩანს, რომ საბავშვო მოედნების ნაწილი მოწყობილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების უგულებელყოფით. მაგალითისთვის, ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსსა“ და შპს „მშენებელი 5“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას შემოგთავაზებთ. ამ ხელშეკრულების

თანახმად, მიმწოდებელმა ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე ოცდაათი საბავშვო ატრაქციონის მოედნის შეკეთება-მოწყობისა და 20 მოედანზე ყვითელი ქვიშის ჩაყრა-მოსწორების სამუშაოები შეასრულა, რომლის ღირებულებაც 39 990 ლარით განისაზღვრა. ერთ-ერთი მოთხოვნა დამცავი ზღუდეებისთვის ნახვრეტების გაკეთებას ითვალისწინებდა, რათა მოედანზე წყალი არ დაგროვებულიყო. ძალიან ბევრ მოედანზე კი სწორედ ეს პრობლემაა. წვიმის შემდეგ რამდენიმე დღეა საჭირო, რომ წყალი და ტალახი გაშრეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხშირად წვიმიდან წვიმამდე მოედანი გაშრობას ვერ ასწრებს, ის თავის ფუნქციას ფაქტობრივად ვერ ასრულებს.

ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ „ბათუმის კორპუსის“ დირექტორს ზურაბ ნაკაიძეს. მისი თქმით, ატრაქციონები, რომლებიც ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით არის მოწყობილი, წინა ხელისუფლების დროს დამონტაჟდა, ხოლო „ბათუმის კორპუსის“ შექმნის შემდეგ მოწყობილი ატრაქციონები სავსებით აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად ამართლებს საბავშვო მოედნებზე ყვითელი ქვიშის დაყრა ბათუმის კლიმატურ პირობებში და მიზანშეწონილია თუ არა ამისთვის ბიუჯეტის თანხის დახარჯვა. ზურაბ ნაკაიძემ გვიპასუხა, რომ რეზინის ფილების მოწყობა ძვირია და ყვითელი ქვიშით მოედნის დაფარვა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. მას არ დაუმალავს, რომ ამის შემდეგ მოედანზე წყალი მაინც დგება, მიუხედავად იმისა, რომ საწრეტები ყველგან გაკეთებულია. რეზინის ფილებით დაფარული მოედნები კი წყალს არ იგროვებს და ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა. ამ მეთოდით ბათუმში, ზურაბ ნაკაიძის ინფორმაციით, ოცი მოედანია მოწყობილი. რაც შეეხება საქანელებს, პლასტიკატის სამმხრივად შემოსაზღვრული დაზიანებული კალათები „ბათუმის კორპუსმა“ სხვა საქანელებით შეცვალა, რომლებიც ქარხნული წესით არის დამზადებული. თუმცა, როგორც ფოტოებიდანაც ჩანს, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ნორმები დაცული არაა.

2017 წლის ბიუჯეტში, ზურაბ ნაკაიძის თქმით, საბავშვო ატრაქციონებისა და მოედნებისთვის 600 000 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება 2013 წლამდე დამონტაჟებულ ატრაქციონებს, „ბათუმის კორპუსის“ დირექტორის განცხადებით, ზოგიერთი მათგანი იმდენად დაზიანებულია, რომ მათი შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს ექვემდებარება.

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი