პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2017 წელს "სუს-ის დაფინანსების გაზრდა არ ხდება, ოთხი თვით გამოეყო 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ი და ახლა მთელ წელზე არის გათვლილი ბიუჯეტი".

აღნიშნულს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ უპასუხა: "ყველამ კარგად იცის, რომ სუს-ი შეიქმნა 2015 წელს. 2015 წლის ბიუჯეტში ოთხი თვე იყო გათვალისწინებული. 2016 წელს სრული 12 თვეა ბიუჯეტში ასახული. 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს დამატებით 7 მილიონი ლარით იზრდება შრომის ანაზღაურება, ისე, რომ საშტატო რიცხოვნობა არაა გაზრდილი".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) 2015 წლის 1 აგვისტოდან შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,2015 წლის აგვისტო-დეკემბერში აღნიშნული სამსახურის დასაფინანსებლად 37 მლნ 374.8 ათასი ლარი გამოიყო და უწყებაში 3 850 ადამიანი დასაქმდა. შრომის ანაზღაურების ფონდმა 28 მლნ 589.3 ათასი ლარი შეადგინა. 2016 წელს უწყების ბიუჯეტი 100 მლნ ლარამდე განისაზღვრა, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 69 მლნ ლარით. მომუშავეთა რიცხოვნობა 3 850 დარჩა. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი 118 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 18 მლნ ლარით მეტია. რაც შეეხება აღნიშნული უწყების შრომის ანაზღაურების ფონდს, წინა წელთან შედარებით, 2017 წლის ბიუჯეტით, ის 7 მლნ ლარით გაიზარდა. დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელი დარჩა.

ცხრილი 1:საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 2015-2017 წლებში, ათასი ლარი

წელი ორგანიზაციის ბიუჯეტი შრომის ანაზღაურების ფონდი მომუშავეთა რიცხოვნობა
2015 (4 თვე) 37 374.8 28 589.3 3 850
2016 100 000.0 69 000.0 3 850
2017 118 000.0 76 000.0 3 850

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსების ზრდას მთავრობის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ 2017 წელს სუს-ის დაფინანსების ზრდა გარკვეულწილად იმით აიხსნება, რომ 2016 წლის ბიუჯეტში აღნიშნული სამსახურის ყველა ხარჯი სრულყოფილად არ იყო ასახული და გარკვეული ნაწილი კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფინანსდებოდა.

ჩვენ გადავამოწმეთ, თუ რა ოდენობის თანხა გადაირიცხა შინგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2016 წელს. შსს-სინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ოქტომბრის N2175 განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, უზრუნველეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული/გასაფორმებელი ზოგიერთი ხელშეკრულების დაფინანსება 3 მლნ ლარის ფარგლებში (ამავე სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად). აღნიშნული განკარგულების თანახმად, 2016 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუს-ს 2 986 531 ლარი გადაურიცხა.

თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ 2016 წელს უსაფრთხოების სამსახური 103 მლნ ლარით დაფინანსდა, რაც 15 მლნ ლარით ნაკლებია 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ დაფინანსებაზე.

დასკვნა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის 1 აგვისტოს შეიქმნა. 2015 წელს უწყების დაფინანსებითვის (ოთხ თვეში) 37 მლნ 374.8 ათასი ლარი გამოიყო, 2016 წელს კი 100 მლნ ლარი, ხოლო 3 მლნ ლარით შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაფინანსდა. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით კი, სუს-ის დაფინანსება 118 მლნ ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება სუს-ის შრომის ანაზღაურების ფონდს, 2015 წელს (ოთხ თვე) ის 28 მლნ 589.3 ათასი ლარით განისაზღვრა, 2016 წელს 69 მლნ ლარი შეადგინა, 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, კიდევ 7 მლნ ლარით გაიზარდა. თუმცა, დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელი რჩება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე, ხოლო აკაკი ზოიძის განცხადება -მცდარი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი