2013

წლის 1 ოქტომბერს, უმრავლესობის წევრმა, პაატა კვიჟინაძემ, განაცხადა: „სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, ყოველგვარი კვოტისა და შეზღუდვის გარეშე, შეეძლო დაეწყო მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. ეს პრაქტიკულად არ ხდება ევროპის, ამერიკის, თუნდაც დსთ-ს ქვეყნებში“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

შრომის ბაზარზე არსებულ სიტუაციაში და კონკრეტულად უცხოელებთან მიმართებაში არსებული მდგომარების გასარკვევად, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კანონმდებლობას გავეცანით.

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლი

  (2013 წლის, 29 სექტემბრის მდგომარეობით), ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის უცხოელისთვის, შრომის ანაზღაურების ფორმასა და ოდენობას განსაზღვრავს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. შესაბამისად, ანაზღაურების ოდენობა უშუალოდ მხარეთა მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს და მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო კერძო ურთიერთობებში ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრაში არ ერევა.

ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის  მესამე ნაწილი,  შრომით ურთიერთობებში ნებისმიერ დისკრიმინაციას კრძალავს, ხოლო, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად. კერძოდ: „დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის[1]

პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან, პირისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით“.

შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს დისკრიმინაციას ყველას მიმართ, მიუხედავად იმისა, პიროვნება საქართველოს მოქალაქე არის, თუ არა.

საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობის შესახებ

“ (20.09.2013 მდგომარეობით) უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლას და ყოფნას არეგულირებს (მუხლი 2).

კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობის შესახებ შესაძლებლობას აძლევს რიგი ქვეყნების მოქალაქეებს (ამჟამად სულ ასეთი 118 ქვეყანაა)  ვიზის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე  შემოვიდეს და 360 დღის განმავლობაში იმყოფებოდეს (მუხლი 5).

იმ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც აღნიშნული ქვეყნების ჩამონათვალში არ შედის, საქართველო ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით 4 კატეგორიის ვიზას გასცემს. ესენია: დიპლომატიური, სამსახურეობრივი, ორდინალური და სასწავლო (მუხლი 6).

უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც სამუშაოდ ჩამოდის და უვიზო მიმოსვლის ქვეყნების სიაში არ შედის, ორდინალური ვიზა სჭირდება (მუხლი 9 ნაწილი 1 პუნქტი „ლ“). უცხოელი, რომელსაც  საქართველოში მუშაობა სურს, ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულია დროებითი ბინადრობის ნებართვა აიღოს (მუხლი 9 ნაწილი 11).

ორდინალური ვიზა 360 დღის ვადით მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით, ხოლო 90 დღით - მრავალჯერადი ან ერთჯერადი შემოსვლის უფლებით გაიცემა.

საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვას, არა უმეტეს 6 წლის ვადით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს საქართველოში დარჩენის მსურველ უცხოელებზე. კანონის მეცხრამეტე მუხლში ჩამოთვლილია, თუ რა შემთხვევაში გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი კი შესაძლებლობას იძლევა ნებართვა იმ უცხოელზე გაიცეს, რომელიც საქართველოში შრომით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს, მათ შორის თავისუფალი პროფესიის ადამიანზე.

იქიდან გამომდინარე, რომ იმ უცხოელებზე, რომლებიც სასწავლო ვიზას ფლობენ, მუშაობასთან დაკავშირებით არანაირი აკრძალვა არ მოქმედებს, დასაქმება მათთვისაც შესაძლებელია. როგორც ვხედავთ, უცხოელს თავისუფლად შეუძლია  შრომითი ურთიერთობით დაკავდეს, რიგ შემთხვევაში ვიზის გარეშეც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა უცხოელთათვის მუშაობის ნებართვის უფლების გაცემას ცალკე არ განსაზღვრავს და უცხოელის საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრულ „ყოფნაში“ მისი მუშაობის უფლებაც იგულისხმება. ვიზის მოქმედების ან ქვეყანაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია დროებითი ბინადრობის ნებართვის აღებაც. ამ შემთხვევაში, საჭიროა, რომ უცხოელს შესაბამისი სურვილი გააჩნდეს და სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში კანონპროექტი

იქნა ინიცირებული, რომლის მიხედვითაც, საიმიგრაციო ვიზა (D1) შემოდის, რომელიც შემდეგ შემთხვევებში გაიცემა:

  • საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით მომავალ პირებზე:
  • კომპანიების, ფირმების წარმომადგენლებზე, კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან;
  • უცხოელებზე, რომლებიც შემოდიან საქართველოში სამუშაოდ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში  ვკითხულობთ, რომ ”კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 360 დღის განმავლობაში დარჩენა მსოფლიოს 118 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, ხოლო იმათ კი, ვისაც ვიზა ესაჭიროება, მას გამარტივებულად უმეტეს შემთხვევაში საზღვარზე იღებენ. სახელმწიფოს გაცხადებული აქვს პოლიტიკური ნება შემოუშვას „ყველა“, გარდა ძებნაში მყოფი კრიმინალებისა და ტერორისტებისა. ამგვარი სავიზო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოიშვა დაურეგულირებელი იმიგრაციული პროცესები, რომელთა მოსაწესრიგებლად, უპირველეს აუცილებლობას წარმოადგენს სავიზო პოლიტიკის შეცვლა და უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა, რომელიც ქვეყანაში უცხოელთა ლეგალურად შემოსვლასა და ყოფნაზე კონტროლს განახორციელებს. ასევე, მნიშვნელოვანია ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მყოფი უცხოელის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვება. კანონპროექტის შემუშავების მიზეზი არის ზემოაღნიშნული საკითხების მოწესრიგების საჭიროება და ამის შედეგად სახელმწიფოში საიმიგრაციო პროცესების დარეგულირება“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობით რიგი პროფესიები “დაცულია”, რომლებზეც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება დასაქმდნენ. ეს პროფესიები ძირითადად სახელწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ისეთი პროფესიები, როგორიცაა: ადვოკატი, პროკურორი, ნოტარიუსი, მოსამართლე და სხვა.

მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკაც.

ევროპის კავშირი  დასაქმების სფეროს არეგულირებს და სამუშაოსა და დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციას კრძალავს. განსხვავებული მოპყრობის საფუძველი დაუშვებელია იყოს რელიგია, რწმენა, შეზღუდული შესაძლებლობები, ასაკი თუ სექსუალური ორიენტაცია. დისკრიმინაციის აკრძალვა არ ეხება განსხვავებულ მოპყრობას პირებს შორის მოქალაქეობის საფუძველზე. ევროპის კავშირი წევრ სახელმწიფოებს მესამე ქვეყნის მოქალაქეების (რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში არ შედიან) დასაქმების სფეროს რეგულირების სრულ თავისუფლებას აძლევს. გერმანია

გერმანიაში უცხოელთათვის არსებობს ზოგადი საფუძვლები, რომელთა მიხედვითაც გაიცემა სამუშაო ნებართვა. კერძოდ:

  • კანონის საფუძველზე პირს აქვს უფლება გერმანიის შრომის ბაზარზე დასაქმდეს;
  • პირს გააჩნია სპეციალური სამუშაო შემოთავაზება;
  • კონკრეტული პოზიციაზე დანიშვნისას უცხო ქვეყნის და გერმანიის მოქალაქეებს შორის არ არსებობს უფლებრივი განსხვავებები და ისინი თანაბარ მდგომარეობაში არიან.
გერმანიის მოქალაქეობის არმქონე პირს გერმანიაში დასაქმებისათვის

შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა ესაჭიროება. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ევროპის კავშირის ან ევროპული ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებს, დასაქმებისათვის საცხოვრებელი ნებართვაც ესაჭიროებათ. გერმანიის შრომის ბაზარზე დასაქმების წინაპირობებს  გერმანიის ბინადრობის შესახებ კანონი განსაზღვრავს. ასევე,  კანონი მოქალაქეობის არმქონე პირთა დასაქმების შესახებ, რომელიც ძალაში 2013 წელს შევიდა.

საიმიგრაციო უწყება საცხოვრებელ ნებართვასთან ერთად  სამუშაო ნებართვასაც გასცემს, თუკი გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო ამ ნებართვაზე თანხმობას განაცხადებს.

გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა მოხდეს სამუშაო ნებართვის საცხოვრებელ ნებართვასთან ერთად გაცემა დასაქმების ფედერალური სააგენტოს თანხმობის გარეშეც. ამ გამონაკლისს მიეკუთვნებიან მაღალკვალიფიცირებული პირები, კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლები, როგორიცაა: მენეჯერი, მასწავლებელი, მეცნიერი, ასევე გერმანიის უნივერსიტეტდამთავრებული და ევროპის კავშირის ლურჯი ბარათის მფლობელი. მსგავს თანხმობას პირი დროებით სამუშაოზე დასაქმებისას არ საჭიროებს.

უცხოელისათვის გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტოს თანხმობა სავალდებულოა, თუკი სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, რომელიც აღიარებულია გერმანიის მიერ; აღმასრულებელი ან სპეციალისტი საწარმოთა დარგში სპეციალური ცოდნით განაწილებულია ან დროებით დანიშნულია გერმანიის ტერიტორიაზე გერმანული კომპანიის მიერ და ა.შ.

განსხვავებული წესები მოქმედებს ბულგარეთის, რუმინეთის და ხორვატიის მოქალაქეებზე. მათ გერმანიაში შესვლა ვიზის გარეშეც შეუძლიათ და საცხოვრებელი ნებართვა არ ესაჭიროებათ. თუმცა, მათ ევროპის კავშირის სამუშაო ნებართვის ფლობა მოეთხოვებათ.

პირებს, რომლებიც გერმანიაში  სტუდენტის სტატუსით სარგებლობენ, გერმანიაში ყოფნა 9 თვის განმავლობაში შეუძლიათ. სტუდენტებს შეუძლიათ

წელიწადში 90 სრული დღის ან 180 დღის განმავლობაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობა. თუმცა, ამისათვის მათ სასურველია გერმანული ენა კარგად იცოდნენ. კურსდამთავრებულებს გერმანიაში მუშაობა  1 წლის მანძილზე შეუძლიათ, მაგრამ აუცილებელია, რომ სამუშაო რაიმე ნიშნით დაკავშირებული იყოს მათ დარგთან.

დიდი ბრიტანეთი დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის, ევროპული ეკონომიკური ზონის ან შვეიცარიის მოქალაქეს უფლებას აძლევს ყოველგვარი ნებართვის გარეშე დასაქმდეს დიდი ბრიტანეთში. განსხვავებულია  ბულგარეთისა და რუმინეთის მოქალაქეებისადმი

მიდგომა. მათ დასაქმებისათვის  სპეციალური ბარათი ესაჭიროებათ. ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის კანონი განსაკუთრებულ წინაპირობებს არ აწესებს. ბარათის ქონა ესაჭიროება ყველა პირს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ეს გამონაკლისებია:

  • თუ პირი კანონით წინასწარ განსაღვრულ ისეთ პოზიციაზე მუშაობს, რომელიც მსგავს ნებართვას არ საჭიროებს;
  • თუ პირმა დიდ ბრიტანეთში ცხოვრების ნებართვა მიიღო 2007 წლის 1 იანვრამდე და ეს დოკუმენტი  კონკრეტულ ინფორმაციას პირის დასაქმების კატეგორიის შესახებ შეიცავს;
  • თუ ის  იმ პირთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც კანონით  არიან ამ ვალდებულებისაგან გათავისუფლებული. მაგალითად: პირი 12 თვის განმავლობაში უწყვეტად დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მუშაობდა; არის ევროპის ეკონომიკური ზონის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე; მისი მეუღლე  დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
რაც შეეხება პირებს, რომლებიც ევროკავშირის ან ევროპული ეკონომიკური ზონის მოქალაქეებს არ წარმოადგენენ, მათ დასაქმებისთვის სამუშაო ნებართვა სჭირდებათ. გაერთიანებული სამეფო ამ პირებს შორისაც გამოყოფს კატეგორიებს. სამუშაო ნებართვის გაცემა ხდება დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო სააგენტოს მიერ. ერთმანეთისაგან განირჩევა

მაღალი ღირებულების მქონე მიგრანტები (განსაკუთრებული ნიჭის მქონე პირი, მეწარმე, ინვესტორი), უნარიანი მუშაკები (სპორტსმენი, საწარმოს მიერ დიდ ბრიტანეთში განაწილებული პირი) და დროებით დასაქმებული პირები.

მაღალი ღირებულების მქონე მიგრანტებს დასაქმებისათვის სამუშაო ნებართვა ესაჭიროებათ, რომელიც  ბრიტანეთის სასაზღვრო სააგენტოს მიერ ჩატარებული ტესტის საფუძველზე გაიცემა. სააგენტომ შესაძლოა კანდიდატისაგან  ბიზნესგეგმა ან სხვა დამატებითი ინფორმაცია მოითხოვოს. წარდგენილი ინფორმაციისა და ტესტის საფუძველზე, კანდიდატები  ქულებით ფასდებიან. თუ კანდიდატი სასაზღვრო სააგენტოს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს,  ის შესაბამის სამუშაო ნებართვას ვერ მიიღებს.

მსგავსი ტესტის გავლა უწევთ პირებს, რომლებიც  უნარიან მუშაკთა რიცხვს მიეკუთვნებიან. გარდა ტესტისა, მათ ნებართვის ასაღებად  კონკრეტულ პოზიციაზე დამსაქმებლის შემოთავაზებაც მოეთხოვებათ.

დროებით დასაქმებული პირების კლასიფიკაცია  პროფესიისა და სამუშაოს ტიპის მიხედვით ხდება. მაგალითად, სპორტსმენი, რომელიც დროებით სამუშაოდაა დიდ ბრიტანეთში ჩასული, საკუთარ სფეროში წარმატებით უნდა სარგებლობდეს, ცნობილი უნდა იყოს საერთაშორისო დონეზე და მისი სამუშაოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. განსხვავებული რეჟიმი  საქველმოქმედო, რელიგიური თუ  სხვა მიზნით ვიზიტით მყოფ პირებზე მოქმედებს.

საფრანგეთი

საფრანგეთიც, ისევე როგორც ევროპის კავშირის სხვა ქვეყნები, ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეთათვის, გარდა რუმინეთის და ბულგარეთისა, დასაქმებისას რაიმე სახის წინასწარ ნებართვას არ მოითხოვს.

თუკი პირი ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე არ არის, მას სამუშაო ნებართვა

ესაჭიროება. გამოიყოფა ნებართვების ორი ტიპი:

  • დროებითი სამუშაო ნებართვა - გაიცემა პირებზე, რომლებიც  არიან არა ფრანგულ საწარმოში დასაქმებული, თუმცა სამუშაოს შესასრულებლად დროებით საფრანგეთში  ადგილობრივ საწარმოში საქმდებიან. მსგავსი ნებართვის გასაცემად  უცხოური საწარმოს მოთხოვნაც საკმარისია, მაგრამ აღნიშნულ პროცესში სავალდებულოა ფრანგული კომპანიის ჩართვა. ეს ნებართვა ვალიდურია მანამ, სანამ საწარმოებს შორის დადებული ხელშეკრულება მოქმედებს. ამასთან ერთად, დასაქმებული პირის თვიური ხელფასი უნდა აღემატებოდეს 3, 835 ევროს.
  • მუდმივი სამუშაო ნებართვა - გაიცემა  პირებზე, რომლებსაც  ფრანგული საწარმო ასაქმებს. სავალდებულოა, რომ პირი სრულ განაკვეთზე მუშაობდეს  და საფრანგეთის ტერიტორიაზე  ანაზღაურებას იღებდეს, რომელიც უნდა აღემატებოდეს 3, 835 ევროს. გარდა ამისა, კანდიდატი პროფესიონალიზმის მაღალი დონით და გამოცდილებით უნდა გამოირჩეოდეს. ნებართვის გაცემისას შეიძლება ყურადღება მიექცეს ფრანგული ენის ცოდნას.

პირებს, რომლებიც საფრანგეთში სტუდენტის სტატუსით სარგებლობენ, შეუძლიათ ყოველგვარი ნებართვის გარეშე, წელიწადში 946 საათი იმუშაონ. თუკი პირი ამ ლიმიტს გადააჭარბებს, მას სამუშაოსათვის სამუშაო ნებართვა დასჭირდება.

აშშ რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს,  უცხო ქვეყნის მოქალაქეს აშშ-ში დასაქმებისათვის, ესაჭიროება მუშაობის ნებართვა. ნებართვა (Employment Authorization Document (EAD)) აშშ-ს სამოქალაქო და საიმიგრაციო სამსახურის  მიერ გაიცემა. EAD არის პლასტიკური ბარათი, რომელიც უმეტესად ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს  და მისი განახლება შესაძლებელია. EAD შემდეგი კატეგორიის უცხოელზე გაიცემა: ლტოლვილზე, თავშესაფრის მაძიებელზე, სტუდენტზე (კონკრეტული ტიპის სამსახურის მაძიებელზე), აშშ-ს მოქალაქის მეუღლეზე და სხვა. ასევე, უცხოელისთვის აშშ-ში მუშაობისთვის შესაძლებელია მწვანე ბარათის (Green Card) აღება. იმისთვის, რომ უცხოელმა მწვანე ბარათი მოიპოვოს, შესაბამისი ფორმა და დოკუმენტები უნდა წარადგინოს აშშ-ს სამოქალაქო და საიმიგრაციო სამსახურში. კანონმდებლობა

აშშ-ს მოქალაქეებს და სამუშაო ნებართვის მქონე (EAD, Green Card)  პირებს იცავს  და  კრძალავს ეროვნული თუ მოქალაქეობის საფუძვლით დისკრიმინაციას.

რუსეთი

იმისთვის, რომ უცხოელმა რუსეთში იმუშაოს, საჭიროა მას სამუშაო ვიზა და ნებართვა ქონდეს. ამასთან, ის მიგრაციის სააგენტოში უნდა დარეგისტრირდეს.

იმ უცხოელებს, რომელთაც არ ჭირდებათ ვიზა (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები გარდა თურქმენეთისა და საქართველოსი), რუსეთში  90 დღის განმავლობაში ნებართვის გარეშე შეუძლიათ იმუშაონ. იმ შეთხვევაში, თუ ამ ვადის გაგრძელება ერთ წლამდე სურთ, მათ სამუშაო ნებართვა

უნდა აიღონ.

მოლდოვა

იმისთვის, რომ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა მოლდოვაში იმუშაოს, მას  სამუშაო ნებართვა სჭირდება, რომელსაც  დასაქმების ეროვნული სააგენტო გასცემს.

უცხოელს სამუშაო ნებართვა არ სჭირდება შემდეგ შემთხვევებში, თუ ის:

  • მოლდოვაში  სამეცნიერო მიზნებისთვისაა (ევროპული ან საერთაშორისო პროექტით) ჩასული;
  • მოლდოვაში სამუდამო ბინადრობის უფლება აქვს;
  • მოლდოვაში დროებითი ბინადრობის უფლება აქვს და მიზნად აქვს ოჯახში ინტეგრაცია;
  • სამთავრობო უწყებების მიერ სამუშაო მიზნებისთვისაა მიწვეული;
  • არის პროფესიონალი, რომელიც მოლდოვაში  საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზეა ჩასული;
  • არის პროფესიონალი, რომელიც  მოლდოვაში საინვესტიციო საქმიანობითაა დაკავებული (დაზუსტებული ეკონომიკის სამინისტროს მიერ).

დასკვნა

ჩვენი კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სახელმწიფო რიგ პროფესიებს, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს, მოქალაქეობრივ შეზღუდვას უწესებს.

ვერდიქტის გამოტანისთვის საჭიროა  რიგი სახელმწიფოების პრაქტიკა  გავითვალისწინოთ. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ მუშაობის უფლების მინიჭება/შეზღუდვა, მიუხედავად იმისა, მსუბუქია თუ მკაცრი, ევროპის, აშშ-სა და დსთ-ს ქვეყნებში მაინც არსებობს.

საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვები არ არსებობს და ნებისმიერ უცხოელს შეუძლია  საქართველოში ნებართვის გარეშე დასაქმდეს (ესაჭიროებათ მხოლოდ დროებითი ბინადრობის აღება ვიზის ვადის ამოწურვის შემდგომ). ინიცირებული კანონპროექტი, დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, არეგულირებს საიმიგრაციო პოლიტიკას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ დეპუტატ კვიჟინაძეს განცხადება „სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, ყოველგვარი კვოტისა და შეზღუდვის გარეშე შეეძლო დაეწყო მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. ეს პრაქტიკულად არ ხდება ევროპის, ამერიკის, თუნდაც დსთ-ს ქვეყნებში“, არის სიმართლე.


[1]

ავტ: მათ შორის უცხოელის და მოქალაქეობის არმქონე პირის.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი