ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: მთავრობის ინიციატივით, 2019 წლიდან სოციალურად დაუცველ, 16 წლამდე ბავშვებზე, 10 ლარიანი დანამატი 50 ლარამდე იზრდება. აქედან, 20 ლარი იქნება ფულადი დახმარება, ხოლო 30 ლარი კვების ვაუჩერი.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველ პროექტში, რომელიც პარლამენტმა ოქტომბერში განიხილა, ბავშვზე სოციალური დახმარების ზრდა გათვალისწინებული არ იყო.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში, რომელიც პარლამენტს 2 ნოემბერს წარედგინა, „მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების“ მუხლი, რომელიც მოიცავს სოციალურ დახმარებებს, მათ შორის ბავშვზე დანამატს, მიმდინარე წელთან შედარებით, 72 მლნ ლარით იზრდება.

აღნიშნულ ინიციატივას ზურაბ ჭიაბერაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირებს, რასაც ჩვენ ცალსახად ვერ დავადასტურებთ, თუმცა ამ მოსაზრებას ნამდვილად ამყარებს ის ფაქტი, რომ ბავშვზე დანამატის ზრდა ბიუჯეტის პირველად პროექტში არ იყო გათვალისწინებული. მთავრობის წევრების მხრიდან ბავშვზე სოციალური დახმარების ზრდის შესახებ განცხადებებიც კი არ გაკეთებულა. აღნიშნული ინიციატივა პირველად 2 ნოემბერს (არჩევნების პირველი ტურის შემდეგ) გაჟღერდა.

ანალიზი

2018 წლის 2 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა: „სოციალურად დაუცველი, 16 წლამდე ბავშვები, ამჟამად არსებული 10 ლარიანი დანამატის ნაცვლად, მიიღებენ 50 ლარიან დახმარებას. აღნიშნული ინიციატივა შეეხება 140 000 ბავშვს“. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, თითოეულ ბავშვზე (16 წლამდე), ყოველთვიურად 50 ლარიან დანამატს, 2019 წლის 1 იანვრიდან მიიღებენ. 50 ლარიანი დახმარება მოიცავს 20 ლარიან ფულად ბენეფიტს და 30 ლარიან კვების ვაუჩერს.

მთავრობის ამ ინიციატივას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა - „საპრეზიდენტო არჩევნებში მოახლოებული დამარცხების წინ, „ქართული ოცნება“ უცბად იწყებს ზრუნვას სიღარიბეზე და აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების 10 ლარიან დანამატს 50 ლარამდე გაზრდის. არადა, 2019 წლის ბიუჯეტის პირველ პროექტში, რომელიც პარლამენტმა 2 კვირის წინ განიხილა, მსგავსი არაფერი ეწერა“. ჭიაბერაშვილის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ბავშვზე 10 ლარიანი დანამატის გაცემა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ იუნისეფმა ამგვარი დანამატის 25 ლარის ოდენობით გაცემის რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2012 წელს გასცა“.

2012 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა ახალ მთავრობის („ქართული ოცნების“) მისამართით რეკომენდაციები გასცა. ერთ-ერთი რეკომენდაცია ბავშვებისთვის დამატებით სოციალური დახმარების შემოღებას შეეხებოდა. „გაეროს ბავშვთა ფონდმა შეაფასა სხვადასხვა სოციალური დახმარების გაზრდის შესაძლო შედეგები, რომლის თანახმადაც, 30 ლარიან ყოველთვიურ სარგებელს 0-16 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე, შეუძლია შეამციროს უკიდურესი სიღარიბე“.

მთავრობამ ბავშვზე დანამატი 2015 წლიდან შემოიღო. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000 არ აღემატება, 16 წლამდე ასაკის თითოეულ პირზე დამატებით 10 ლარს იღებენ. ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ბავშვზე 10 ლარიან დანამატს 16 წლამდე ასაკის 125 391 პირი იღებს.

იუნისეფის 2017 წლის კვლევაში აღნიშნულია, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარება უფრო მეტად მიმართულია ბავშვიან შინამეურნეობებზე. მიზნობრივ სოციალურ დახმარებას და ბავშვზე დანამატს ბავშვთა სიღარიბის შემცირებაზე დიდი გავლენა აქვს. მიუხედავად ამისა, იუნისეფის მონაცემებით, 2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების წილი 2.5%-დან 6.8%-მდე გაიზარდა, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე გაზრდილია 2013 წელთან შედარებითაც. იუნისეფის კვლევის თანახმად, სიღარიბის ზრდა ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას და გაზრდილ სამომხმარებლო ფასებს უკავშირდება. როგორც ჩანს, სოციალური ტრანსფერები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანაში სიღარიბე არ გაზრდილიყო.

იუნისეფის კვლევა, რომელიც სიღარიბის და განსაკუთრებით ბავშვთა სიღარიბის ზრდაზე მიუთითებდა, 2018 წლის ივნისში გამოქვეყნდა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მთავრობა ბავშვებზე სოციალური ტრანსფერის ზრდის ინიციატივით გამოდის ლოგიკურია, მაგრამ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველ პროექტში, რომელიც განსახილველად პარლამენტს ოქტომბერში წარედგინა, ბავშვზე სოციალური დახმარების ზრდა გათვალისწინებული არ იყო.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისპირველ ვარიანტის მიხედვით, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების მუხლის (პროგრამული კოდი 27 02 02) 680 მლნ-დან 672.5 მლნ-მდე შემცირება იყო გათვალისწინებული.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს განსახილველად 2 ნოემბერს, არჩევნების პირველი ტურის შემდგომ წარედგინა, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების ხარჯები, მიმდინარე წელთან შედარებით, 72 მლნ ლარით (752 მლნ-მდე) იზრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, პირველი ვერსიასთან შედარებით, 74 მლნ-ით იზრდება.

რატომ არ იყო გათვალისწინებული სოციალურად დაუცველ ბავშთა დანამატი ბიუჯეტის პირველ პროექტში? ამ კითხვას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უპასუხეს (იხ. ბმული 1; ბმული 2). მათი განმარტებით, ბავშვთა დახმარების ზრდასთან დაკავშირებით მუშაობა ზაფხულში დაიწყო, თუმცა ელოდებოდნენ ბიუჯეტის პარამეტრების დაზუსტებას. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობდა ბიუჯეტის პარამეტრების შეთანხმება, მიმდინარე და სოციალური ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ 2 ნოემბრამდე ბავშვზე დანამატის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან განცხადებაც კი არ გაკეთებულა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი