ვერდიქტი: სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ლგბტ თემის მიმართ ფეხბურთელების - ლამისა და რამოსის ჰომოფობიური დამოკიდებულების შესახებ, არის ყალბი.   რეზიუმე: სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო წარწერით: „ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიო ჩემპიონმა სერხიო რამოსმა კატეგორიული უარი განაცხადა ლგბტ სამკლაურის გაკეთებაზე, ხოლო ასევე მსოფლიო ჩემპიონმა, გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ ფეხბურთში ჰომოსექსუალიზმის ადგილი არ არის“, - არის ყალბი ამბავი. ფილიპ ლამი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გამოთქვამს შიშს იმის შესახებ, რომ ფეხბურთელის მიერ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად საუბარს შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვება, რამაც შესაძლოა ის სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს. ჟურნალ „ბუნთესთან“ (Bunte) ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ჰომოსექსუალ თანაგუნდელთან თამაშის წინააღმდეგი არ არის. სერხიო რამოსის მიერ ლგბტ სამკლაურის გაკეთებაზე უარის თქმის პრეცედენტი კი ინტერნეტსივრცეში არ იძებნება.  kapitani ანალიზი: 2017 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია ეროვნულ ჩემპიონატზე გასამართმატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა, რასაც საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლითაც მან კაშიასადმი მხარდაჭერა გამოხატა, 31 ოქტომბერს „ქართული მარშის“ წევრებმა ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გამართეს. ისინი ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ და პროტესტის ნიშნად ლგბტ დროშა დაწვეს. იმავე დღეს სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ფოტო, რომელზეც ფეხბურთის ვარსკვლავები, სერხიო რამოსი და ფილიპ ლამი არიან გამოსახულნი. სურათზე აღნიშნულია, რომ „ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიო ჩემპიონმა სერხიო რამოსმა კატეგორიული უარი განაცხადა ლგბტ სამკლაურის გაკეთებაზე, ხოლო ასევე მსოფლიო ჩემპიონმა, გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ ფეხბურთში ჰომოსექსუალიზმის ადგილი არ არის“. ფილიპ ლამის შესახებ იგივე ინფორმაცია გაავრცელა

„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა წევრმა კონსტანტინე მორგოშიამ.

გავრცელებულ ფოტოზე გაკეთებული წარწერა წარმოადგენს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. ფილიპ ლამი ჰომოსექსუალიზმის თემას თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, რომ გეი ფეხბურთელებს არ ურჩევს თავიანთ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად საუბარს და მოჰყავს ბრიტანელი პროფესიონალი ფეხბურთელის ჯასტინ ფაშაუს მაგალითი: „მეშინია სხვებმაც არ გაიზიარონ ჯასტინ ფაშაუს ბედი, რომელიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღია განცხადების გაკეთების შემდეგ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს“. გარდა ამისა, გერმანულ ჟურნალ „ბუნთესთან“ (Bunte) ინტერვიუში

ფილიპ ლამი აღნიშნავს, რომ გეი ფეხბურთელი შესაძლოა შეურაცხმყოფელი კომენტარების მსხვერპლი გახდეს და აცხადებს, რომ ჰომოსექსუალ თანაგუნდელთან ერთად თამაში მისთვის არანაირ პრობლემასთან არ ასოცირდება.

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრების კაპიტან სერხიო რამოსს, მის მიერ ლგბტ სამკლაურის გაკეთებაზე უარის თქმის პრეცედენტი ინტერნეტსივრცეში არ იძებნება. აქვე ხაზგასასმელია, რომ 2009 წელს მან მონაწილეობა მიიღო ესპანურ ჟურნალ „შენგეის“ (Shangay) ფოტოსესიაში.

აღნიშნული ჟურნალი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ბრენდს ლგბტ თემისათვის.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს წარწერა, სერხიო რამოსისა და ფილიპ ლამის ჰომოფობიური განცხადებების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და ლგბტ თემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი