მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, პარლამენტის ვიცე სპიკერმა „ქართული ოცნებიდან“ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა: „ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2012 წლიდან 2016 წლამდე ნახევარი წლით გაიზარდა. ამაში საყოვლეთაო ჯანდაცვის პროგრამის დიდი წილია“.

ფაქტ-მეტრმა ზვიად ძიძიგურის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქსტატის მონაცემებით, 2012

წლის შემდეგ დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა (იგივე, რაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა) 1.8 წლით შემცირდა. ეს მაჩვენებელი 1.8 წლით ქალებში, ხოლო 1.6 წლით მამაკაცებში შემცირდა.

თუ წინა წლების სტატისტიკას გადავხედავთ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2008 და 2009 წლებში შემცირდა, 2010 წლიდან კი, 2013 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად იზრდებოდა. 2014 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მკვეთრად შემცირდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა. 2016 წლის მაჩვენებელი კი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

2006-2015

წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 და 2015 წლებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, 2014 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მნიშვნელოვნად შემცირება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს უკავშირდება. მეთოდოლოგიაში, რომლითაც საქსტატი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ადგენს, გათვალისწინებულია მოსახლეობის რაოდენობაც. 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის რიცხოვნება 4 490 ათასიდან 3 713 ათასამდე შემცირდა. ტენდენციის დანახვა, გაიზარდა თუ არა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, აღწერათაშორისი პერიოდის მონაცემების გადაანგარიშების შემდეგ იქნება შესაძლებელი. როგორც საქსტატში გვითხრეს, დაზუსტებული მონაცემები მომავალ წელს გამოქვეყნდება.

გრაფიკი 1:

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას (2014-2015 წლების მონაცემები ახალი საყოველთაო აღწერის შედეგებს ეფუძნება)

image001

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე საუბრისას, ზვიად ძიძიგურმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის როლზე გაამახვილა ყურადღება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის რაიმე სხვა პაკეტით არ სარგებლობდა.

ზოგადად, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და მისი ხარისხი შესაბამისად აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც. თუმცა, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ არსებულმა ჯანდაცვის სისტემამ სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა იმდენად გაზარდა, რომ მას შეიძლებოდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე გავლენა მოეხდინა.

Unicef-ის ბოლო კვლევის

მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ, გაიზარდა იმ შინამეურნეობათა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც ჯანდაცვის სერვისებზე ძნელად მიუწვდებათ ხელი. 2015 წელს ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის უმთავრესი დაბრკოლება კვლავაც ფინანსური ხარჯები იყო. კვლევის მიხედვით, ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. მთლიანი ჯანდაცვის ხარჯების მთავარი კომპონენტი მედიკამენტების ხარჯებია, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ აფინანსებს და რომელზეც მოსახლეობას ყველაზე ნაკლებად მიუწვდება ხელი.

  დასკვნა 2012

წლის შემდეგ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1.8 წლით შემცირდა. 2006-2015 წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები 2014 და 2015 წლებში დაფიქსირდა.

თუმცა, 2014-2015 წლებში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მნიშვნელოვნად შემცირება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს უკავშირდება. კერძოდ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის განსაზღვრისას გათვალისწინებულია მოსახლეობის რიცხოვნება. საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით კი, მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ტენდენციის დანახვა, გაიზარდა თუ არა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, წინა წლების მონაცემების გადაანგარიშების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრი ზვიად ძიძიგურის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს და ამ საკითხს შესაბამისი სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ დაუბრუნდება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი