საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში ვიდეო გაავრცელა, სადაც კახეთის მოსახლეობას მიმართა. როგორც სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, მისი პრეზიდენტობის დროს კახეთი ტურიზმის ცენტრად იქცა, ახლა კი სიღნაღში ტურისტების რაოდენობა შემცირებულია.

"სიღნაღში უფრო ნაკლები ტურისტი ჩადის ახლა, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. ეს ხომ არასწორია? ეს ნიშნავს, რომ ხელი მოაკლეს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ისე არ გაკეთდა," - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების გადამოწმებას შეეცადა.

სიღნაღის რეაბილიტაცია 2007 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო. პირველი წლის განმავლობაში ჯერ სიღნაღის ძველი, ცენტრალური უბნები აღდგა, რასაც ეტაპობრივად მთელი ქალაქის განახლება მოჰყვა. 2007 წლის 29 ივლისს სიღნაღის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციას მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. "მალე სიღნაღი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდება," - განაცხადა სააკაშვილმა. 2007 წლიდან 2010 წლამდე სიღნაღის რეაბილიტაციაზე 22 მლნ ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტაციისა და სარეკლამო კამპანიის შედეგად სიღნაღი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი გახდა.

სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან 22 აგვისტოს ჩათვლით, საინფორმაციო ცენტრს დახმარების მიზნით 4 761-მა ვიზიტორმა მიაკითხა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს თითქმის 50%-ით აღემატება.

საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტის, ზურა სიფრაშვილის თქმით, სპეციალური მარშრუტის ასარჩევად ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს 2011 წელს 2 358-მა უცხოელმა ვიზიტორმა მიმართა. 2012 წელს ცენტრში 4 560 ვიზიტორი იმყოფებოდა, 2013 წელს - 5 809, 2014 წელს - 4 170, ხოლო 2015 წელს - 6 549 (2011 წელზე უფრო ძველი სტატისტიკა საინფორმაციო ცენტრს არ აქვს).

მისივე თქმით, ქალაქში შემოსული ტურისტების რიცხვი აღნიშნულ მონაცემებს ბევრად აღემატება და ტურისტების სიმრავლის გამო სიღნაღში მოქმედი 50-ზე მეტი საოჯახო სასტუმრო თითქმის სრულად არის დატვირთული.

ტურისტების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ფაქტ-მეტრი სიღნაღში არსებული სასტუმროების მფლობელებს დაუკავშირდა.

"

ქალაქში სასტუმროების რაოდენობამ იმატა, თითქმის ყველამ საოჯახო სასტუმრო გააკეთა და ტურისტებიც გადანაწილდნენ. ამიტომ, ვიღაცას შეიძლება ეჩვენება, რომ სიღნაღში ვიზიტორების რიცხვი შემცირდა. მე ჩემს საოჯახო სასტუმროს სიღნაღის რეაბილიტაციის დღიდან ვამუშავებ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნანა ქოქიაშვილმა.

"

საოჯახო სასტუმროში 7 ნომერი მქონდა. ტურისტების რიცხვის ზრდის გამო წელს 3 ახალი ნომერი დავამატეთ," - ამბობს ანა ელიზბარაშვილი.

სიღნაღის სასტუმროებში ერთი სტანდარტული ნომრის ღირებულება 80 ლარიდან იწყება და კომფორტის მიხედვით, 400 დოლარამდე აღწევს. საოჯახო სასტუმროებში კი ღამის გათევა 40 ლარიდან 120 ლარამდე ღირს. ფასები უფრო მაღალია დასვენების დღეებში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შიდა ტურიზმის კვლევის

მიხედვით, 2014 წელს (კვლევის ჩატარება ამ წელს დაიწყო) კახეთში სულ 60 700 (15 წლის და უფროსი ასაკის) ვიზიტორი იმყოფებოდა. 2015 წელს რეგიონს 70 100, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, 62 400 ვიზიტორი სტუმრობდა.

ცხრილი 1:

კახეთში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2014-2016 წლებში

 

2014

 2015  2016 (პირველი კვ.)

60 700 ვიზიტორი

70 100 ვიზიტორი

62 400 ვიზიტორი

საქართველოს რეგიონების მიხედვით, ვიზიტორთა განაწილების რაიმე სხვა მონაცემები საქსტატს ამ მომენტისთვის არ გააჩნია. საქართველოს შსს-ს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში შემოსულ ვიზიტორების და მათ შორის ტურისტების (ვიზიტორები, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტ ხანს რჩებიან) რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.

დასკვნა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ სიღნაღში ტურისტების რიცხვი შემცირდა, სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით არ დასტურდება. ამ მონაცემების თანახმად, ტურისტების რიცხვი, რომლებმაც ცენტრს ინფორმაციისთვის მიმართეს, იზრდება. 2011 წელს საინფორმაციო ცენტრში 2 358 ტურისტი დაფიქსირდა, 2016 წლის იანვრიდან აგვისტოს ბოლო რიცხვებამდე კი თითქმის ორჯერ მეტი - 4 761. ტურისტების რაოდენობის შემცირებას ჩვენს მიერ გამოკითხული სიღნაღში არსებული სასტუმროების მეპატრონეებიც უარყოფენ. რაიმე სხვა სტატისტიკა ქალაქ სიღნაღში ჩასული ტურისტების რაოდენობის შესახებ ამ დროისთვის არ მოიპოვება და, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რის საფუძველზე გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა დასკვნა მათი რაოდენობის შემცირების შესახებ. ამავე დროს, ყოფილმა პრეზიდენტმა სიმართლე თქვა, როცა საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის ზრდაზე მიუთითა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი