მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: "სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 2011 წელს 9.2% იყო, ახლა არის 11.6%. ანუ, ამ მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია".

ფაქტ-მეტრი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით დაინტერესდა და სიღარიბის მაჩვენებლები გადაამოწმა.

საქსტატის მონაცემებით, 2011 წელს რეგისტრირებული სიღარიბე, ანუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 9.2% იყო, 2012-2013 წლებში კი - 9.7%. ეს მაჩვენებელი 2014 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11.6% შეადგინა, თუმცა, ასეთი ზრდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებმა განაპირობა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, 2014 წლის მონაცემი 2014 წლის 5 ნოემბრის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვითაა გაანგარიშებული. საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგებით,

მოსახლეობის რიცხოვნობა 4 მილიონ 372 ათასიდან (2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით) 3 მილიონ 730 ათასამდე შემცირდა. შესაბამისად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობასთან გაიზარდა. რეგისტრირებული სიღარიბის წინა წლების მაჩვენებლებს რაც შეეხება, მათი გადაანგარიშება 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით ჯერ არ მომხდარა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ რეგისტრირებული სიღარიბის მაჩვენებელი 2014 წელს არ გაზრდილა და ის ნომინალურ მაჩვენებლებში შემცირდა კიდეც. პროცენტული ცვლილება კი საყოველთაო აღწერის შედეგად მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების შედეგია. საქსტატის წარმომადგენლის განცხადებით, წინა წლების რეგისტრირებული სიღარიბის პროცენტული მაჩვენებელი ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუ მას 3.7 მილიონთან მიმართებით დავიანგარიშებთ.

გრაფიკი 1:

რეგისტრირებული სიღარიბე პროცენტებში

image001

აღსანიშნავია, რომ საქსტატი რეგისტრირებულ სიღარიბეს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის მიხედვით ითვლის. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის (ანუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების) რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2012 წლის ბოლოს საარსებო შემწეობას 501 445 ადამიანი იღებდა, 2015

წლის ნოემბრის მონაცემებით კი, მათი რაოდენობა 371 323-მდე შემცირდა, რაც გარკვეულწილად სოციალურად დაუცველი ოჯახების შინამეურნეობების შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია. ამ ფაქტს ოპოზიცია დღემდე აქტიურად აპროტესტებს.

მართალია, საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანები რეგისტრირდებიან როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, თუმცა მხოლოდ ამ მონაცემზე დაყრდნობით სიღარიბის მაჩვენებლის განსაზღვრა სრულყოფილ სურათს არ იძლევა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური სიღარიბეს ასევე განსაზღვრავს მედიანური მოხმარების მიხედვით, რასაც ფარდობითი სიღარიბე ეწოდება. აღნიშნული მაჩვენებლებით, 2014 წელს იმ მოსახლეობის წილი, რომელიც საშუალო მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს 21.4% იყო. საშუალო მოხმარების 40%-ზე ნაკლებს კი, მოსახლეობის 8% მოიხმარდა. ეს მაჩვენებლები უფრო მაღალი იყო 2011 და 2012 წლებში (იხ. გრაფიკი 2).

გრაფიკი 2:

ფარდობითი სიღარიბე პროცენტებში

image002

სიღარიბის ტენდენციის ანალიზისთვის ჩვენ ასევე გავეცანით UNICEF-ის "კეთილდღეობის კვლევას", რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება (2015 წლის მაჩვენებელი ჯერჯერობით ცნობილი არ არის). 2013 წლის მონაცემებით (იხ. კვლევა,

 გვ. 37, ცხრილი 4.6), 2011 წლის შემდეგ, მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. იმ ადამიანთა წილი, რომელთა დღიური ხარჯები 1.25 აშშ დოლარზე ნაკლები იყო ("უკიდურეს სიღარიბეში" მყოფი მოსახლეობა) 9.1%-დან 3.9%-მდე შემცირდა. 37.9%-დან 24.6%-მდე შემცირდა იმ ადამიანთა წილიც, რომელთა დღიური ხარჯები 2.50 აშშ დოლარზე ნაკლები იყო ("ზოგად სიღარიბეში" მყოფი მოსახლეობა).

დასკვნა

საქსტატის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 9.2% იყო. მართალია, ეს მაჩვენებელი 2014 წელს 11.6%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს ცვლილება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგია და არ ნიშნავს, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი რეალურად გაიზარდა. საყოველთაო აღწერის შედეგად მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვანად შემცირდა და შესაბამისად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობასთან გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან, აღნიშნული გარკვეულწილად სოციალურად დაუცველი ოჯახების შინამეურნეობების შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებამაც გამოიწვია.

საქსტატის მონაცემებით, 2011-2012 წლების შემდეგ შემცირებულია იმ მოსახლეობის წილი, რომელიც საშუალო მოხმარების 40%-ზე და 60%-ზე ნაკლებს მოიხმარდნენ. ამასთან, UNICEF-ის "კეთილდღეობის კვლევის" თანახმად, 2011 წლის შემდეგ, მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებლები (უკიდურესი და ზოგადი) გაუმჯობესდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, არსებული რიცხვი მაინც საკმაოდ მაღალია და მთლიანობაში, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: "სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 2011 წელს 9.2% იყო, ახლა არის 11.6%. ანუ, ამ მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია", არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი