24 ივნისს, "შუახევიჰესის" ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:

„აღსანიშნავია "შუახევიჰესის" პროექტის ტექნიკური მახასიათებლები, განსაკუთრებით კი 37 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც მსოფლიოში მეორე გახლავთ სიდიდით“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

"შუახევიჰესის" მშენებლობა 2014 წლის 9 მარტს დაიწყო. პროექტთან დაკავშირებულ დეტალებზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს ინდური TATA POWER-ისა და ნორვეგიული Clean Energy Invest-ის მიერ შექმნილი კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია" ახორციელებდა. "შუახევიჰესის" ოპერირება დაახლოებით 45 წელს გაგრძელდება და, სავარაუდოდ, 2060 წელს პროექტის დახურვის პროცედურები დაიწყება.

მშენებლობის დასრულების თარიღად 2017 წლის ნოემბერი დაანონსდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა. "შუახევიჰესი" ექსპლუატაციაში რამდენიმე თვეში შევა. პროექტის განხორციელებას 420 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია დასჭირდა. ახალი ობიექტის ჯამური სიმძლავრე 187 მგვტ-ია. როგორც საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის სამხრეთ კავკასიის მიმართულების რეგიონულმა მენეჯერმა იან ვან ბილსენმა აღნიშნა, "

შუახევიჰესის" პროექტი ყველა სიახლის დანერგვის მაგალითია და მათი სურვილია, რომ შემოსავლის დიდი ნაწილი ადგილობრივ თემებს დაუბრუნონ. მისივე თქმით, 37 კილომეტრიანი გვირაბი საკმაოდ მოკლე დროში აშენდა.

ფაქტ-მეტრმა შეისწავლა მდ. აჭარისწყალზე "შუახევიჰესის" მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში,

რომლის დამკვეთიც არის შპს "აჭარისწყალი ჯორჯია". მოცემულ დოკუმენტში მითითებულია, რომ აჭარისწყლის კასკადში სამი ძირითადი გვირაბი შედის: ჩირუხი-სხალთის, სხალთა-დიდაჭარისა და დიდაჭარა-შუახევის. გარდა ამისა, პროექტი კიდევ რამდენიმე სადაწნეო და მიმყვან გვირაბს მოიცავს.

მდინარეებზე - აჭარისწყალზე, სხალთასა და ჩირუხისწყალზე მოწყობილი წყალსაცავებიდან მიმღები გვირაბებით წყალი სადერივაციო გვირაბებში გადადის, შემდეგ კი მისი ტრანსპორტირება ხდება რამდენიმე მიმართულებით: ხეობაში, გამთანაბრებელ აუზში ან სადაწნეო გვირაბში. გამოყენებული წყლის მდინარის ხეობაში გადაგდება სადერივაციო გვირაბით ხდება.

ცხრილი 1:

აჭარისწყლის კასკადში შემავალი გვირაბები და მათი სიგრძეები

                                     დასახელება სიგრძე, მეტრი
დიდაჭარა-შუახევის სადაწნევო გვირაბი 17 907
დიდაჭარა-შუახევის შტოლნები   3 134
სხალთა-დიდაჭარის გადამცემი გვირაბი   9 222
სხალთა-დიდაჭარის შტოლნები      365
სხალთის სადერივაციო წყალსაგდები      363
ჩირუხისწყალი-სხალთის გადამცემი გვირაბი   6 350
ჩირუხისწყალი-სხალთის შტოლნები      246
ჯამი 37 738
წყარო:აჭარისწყალი ჯორჯია“ 

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური, რომელთა სადერივაციო გვირაბების სიგრძე 10-73 კმ-ის ფარგლებში მერყეობს. მათ შორის, პირველ ადგილზეა კარანჰიუკარი ისლანდიაში, რომელიც მდინარე იეკულსაუ-აუ-დალის ხეობაში მდებარეობს. კარანჰიუკარის ერთი გვირაბის სიგრძე 39 700  მეტრია, ხოლო გვირაბთა კასკადის საერთო სიგრძე 73 კილომეტრს შეადგენს. მეორე ადგილზეა ჰიდროელექტროსადგური Evanger Kraftverk ნორვეგიაში, რომლის გვირაბთა ჯამური სიგრძე 34 300 მეტრია, თუმცა "შუახევიჰესის" გახსნის შემდეგ ის მესამე ადგილზე გადაინაცვლებს. 26 000 მეტრი სიგრძისაა Gilgel Gibe II Power Station ეთიოპიაში (გახსნიდან რამდენიმე დღეში გვირაბი დაზიანდა და 2010 წელს აღადგინეს); Ward Tunnel (Big Creek) კალიფორნიაში - გვირაბების საერთო სიგრძე 20 610 მეტრი. 18 400 მეტრია სომხეთში "ტატევის" ჰიდროელექტროსადგურის გვირაბთა სიგრძე, ხოლო 15 000 მეტრი "ენგურჰესის"

გვირაბების საერთო სიგრძე.

დასკვნა

აჭარისწყალის გვირაბთა კასკადი წყალგამტარი, სადერივაციო, სადაწნეო და სატურბინე გვირაბებისგან შედგება. კვლევამ აჩვენა, რომ მათი ჯამური სიგრძე 37 738 მეტრია. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, "შუახევიჰესი" ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მართლაც მეორე ადგილზეა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი