შიდა ქართლი
შიდა ქართლში ყინვისგან დაზარალებულ მოსახლეობას ხელისუფლება არ დახმარებია
სიმართლე
399 ნახვა
A+
A
A-

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში ვიზიტისას ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. „ქართლში, გორის რაიონში, ყინვამ მოსპო და მთლიანად გაანადგურა მოსავალი… ხელისუფლების მხრიდან დაზარალებული გლეხების მიმართ არანაირი დახმარების ნიშანწყალი არ ისმის და არ იგრძნობა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ძლიერი ყინვა შიდა ქართლში 2016 წლის დეკემბრიდან აღინიშნებოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტემპერატურა -8, -15 გრადუსამდე დაეცა. ყინვები განმეორდა მიმდინარე წლის მარტსა და აპრილშიც, რა დროსაც ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცა. მკაცრმა სეზონმა უმრავლეს სოფლებში მოსავლის განადგურება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული გლეხების ნაწილს მოსალოდნელი ძლიერი ყინვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, მოსავლის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხეს, რადგან ჰაერის დაბალმა ტემპერატურამ სათბურებშიც შეაღწია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს ინფორმაციით, ძლიერი ყინვების შედეგად რეგიონში მოსავლის დაახლოებით 80% განადგურდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმ პერიოდში მხოლოდ  ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით მიღებულ ზომებზე საუბრობდნენ, დახმარების პირობას კი გლეხები ყოველდღე ამაოდ ელოდნენ. შიდა ქართლის სოფლებში ზარალის ანაზღაურებას არც აგროდაზღვევის პროგრამა ითვალისწინებს, რომელსაც ა(ა)იპ “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაქტ-მეტრთან განმარტავს, რომ „აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყინვის რისკისგან დაზღვევა შესაძლებელია მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის და განსაზღვრულია დაზღვევის მოქმედების პერიოდი – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში არ მოიპოვება ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის ყინვისგან მიყენებული ზიანის შესახებ“.

ფერმერთა გაერთიანებაში დაზარალებული გლეხების მდგომარეობას რთულს უწოდებენ, მათი ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში ყინვისგან დაზარალებულები ამჟამად ვერანაირი დაზღვევით და შეღავათით ვერ სარგებლობენ.

„სამწუხაროდ, ქართლის მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სადაზღვეო პაკეტი ფერმერის ინტერესებისა და ქვეყნის კლიმატური კატაკლიზმების გათვალისწინებით შედგენილი არ არის და ამიტომ ახლა გვიწევს ხელშეკრულების პირობების გადახედვა და რეკომენდაციების მომზადება. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის ფერმერებს, მათი პრობლემა ამავე დროს არის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დაბალპროცენტიანი კრედიტები, რომლის რესტრუქტურიზაციას მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ ახერხებენ. ამ საკითხზე  უარი მიიღეს და ვცდილობთ ჩავერთოთ და რამენაირად მივეხმაროთ მათ“, – აცხადებს საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინა ფხოველიშვილი.

ფაქტ-მეტრი დაზარალებულ გლეხებსაც დაუკავშირდა, ისინი მოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხეზე საუბრობენ და მდგომარეობის გამოსწორების მიზნით სიახლეებს ხელისუფლებისგან ელოდებიან. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი მათი რაიმე სახით დაიმედება უჭირთ და აცხადებენ, რომ ყინვისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება ვერ მოხდება.

 

დასკვნა

2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის აპრილამდე გორის მუნიციპალიტეტში ძლიერი ყინვები იყო. დაბალმა ტემპერატურამ გლეხები დააზარალა და ხეხილი გაუნადგურა. მოსავლის გარეშე დარჩენილებს ზარალის ანაზღაურებას არავინ დაპირებია და, შესაბამისად, არც დახმარება არ მიუღიათ. შიდა ქართლში მოსული ხეხილის სახეობები არც სახელმწიფო აგროდაზღვევის ფარგლებში ჯდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, შალვა ნათელაშვილის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: