2014 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას და ოპოზიციას, ასევე ეკონომიკურ ექსპერტთა უმრავლესობას სრულიად განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტი შესრულდა. უფრო მეტიც, მინისტრის განცხადებით, 2014 წელი იყო გამონაკლისი, როცა ბიუჯეტი შესრულდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ 2014 წელს ბიუჯეტი შესრულდა მხოლოდ ქაღალდზე და ამ წელს დაგეგმილი პროექტები სრულად არ განხორციელდა.

ფაქტ-მეტრი ბიუჯეტის შესრულების საკითხით დაინტერესდა და ზემოთ მოცემული განცხადებები გადაამოწმა.

სახელმწიფო ბიუჯეტი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ მისაღები შემოსავლებისა და გასაწევი ხარჯების გეგმას წარმოადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება ნიშნავს, რომ წლის ბოლოს მიღებული შემოსულობები და გასაწევი გადასახდელები დაგეგმილის ტოლია.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობებმა 9 125 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 100.2%-ია. საგადასახადო შემოსავლებმა 6 847 მლნ ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე მეტია (გეგმის 100.3%). რაც შეეხება გადასახდელების გეგმას, მისმა შესრულებამ 8 977 მლნ ლარი, გეგმის 98.9% შეადგინა.

2014 წელს, ვალის სახით, 1 636 მლნ ლარის აღება იყო დაგეგმილი, საიდანაც 600 მილიონი შიდა, ხოლო 1 036 მილიონი საგარეო ვალზე მოდიოდა. ცხრილი 1 გვიჩვენებს, რომ წლის განმავლობაში შიდა ვალის ზრდა დაგეგმილზე მაღალიც კი იყო, ხოლო საგარეო ვალის ზრდის ტემპი გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა (იხ. ცხრილი 2). 2014 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საგარეო ვალის ზრდამ გეგმის ნახევარი შეადგინა, ხოლო მეოთხე კვარტალში 478 მლნ ლარის ჩარიცხვა განხორციელდა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, 384 მლნ ლარი, დეკემბრის თვეში ჩაირიცხა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საგარეო ვალის გეგმიურ მაჩვენებელთან მიახლოებას დეკემბერში ლარის კურსის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი. ბიუჯეტი ლარის 1.71-იან კურსზე იყო დაგეგმილი, ხოლო დეკემბერში ლარის საშუალო კურსი დოლარის მიმართ 1.88 იყო. შედეგად, დეკემბერში მოზიდულ 384 მილიონში, ლარის გაუფასურების წილმა 40 მლნ ლარამდე შეადგინა.

ცხრილი 1:შიდა და საგარეო ვალის ზრდა 2014 წლის განმავლობაში (მლნ ლარი)

კვარტლები

I-III გეგმა

I-III
ფაქტი

შესრულება

IV ფაქტი

წლიური გეგმა

წლიური ფაქტი

შესრულება
საშინაო ვალის ზრდა

490

504

102.8%

69

600

573

95.5%

საგარეო ვალის ზრდა

629

519

82.6%

478

1036

997

96.2%

წყარო:საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საგარეო ვალი საერთაშორისო დონორების მიერ შეღავათიანი პირობებით გაცემული სესხებია, რომელიც ძირითადად საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. შესაბამისად, საგარეო ვალის ნაწილში ჩამორჩენა იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები სრულყოფილად არ სრულდება.

თუ საინვესტიციო ხარჯებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2014 წლის განმავლობაში საინვესტიციო პროექტების დაფინანსება არათანაბრად ხდებოდა. კერძოდ, მნიშვნელოვანი ჩამორჩენა იყო წლის დასაწყისში და მაღალი ხარჯვა წლის ბოლოს. 9 თვის განმავლობაში საინვესტიციო პროექტებზე 463 მლნ ლარი დაიხარჯა (დაგეგმილის 71.8%), ბოლო 3 თვეში კი, საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად 370 მლნ ლარი გადაირიცხა.

ცხრილი 2:2014 წლის ბიუჯეტის შესრულება გადასახდელების ნაწილში (მლნ ლარი)

კვარტლები

I-III გეგმა

I-III

ფაქტი

შესრულება

IV

ფაქტი

წლიური გეგმა

წლიური ფაქტი

შესრულება
გადასახდელები

6747

6183

91.6%

2794

9080

8977

98.9%

ხარჯები

5548

5209

93.9%

2238

7540

7447

98.8%

საინვესტიციო პროექტები

645

463

71.8%

370

838

833

99.4%

წყარო:საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ფაქტ-მეტრმა 2010-2012 წლებისსაინვესტიციო პროექტებისშესრულებაც გადაამოწმა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საინვესტიციო პროექტების დაფინანსება გეგმის მიხედვით სრულდებოდა, გამონაკლისი 2012 წლის მეორე ნახევარი იყო, როცა საინვესტიციო პროექტების გეგმა 85%-ით შესრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა მაღალი პროცენტით შესრულდა, 2014 წლის ბიუჯეტი შესრულების მაღალი მაჩვენებლით გამონაკლისი არ გახლავთ, როგორც ამას ნოდარ ხადური აცხადებდა. წინა წლებში ბიუჯეტის თავდაპირველი გეგმა გადაჭარბებითაც კი სრულდებოდა.

ცხრილი 3:ბიუჯეტის შესრულება 2008-2013 წლებში პირველადი გეგმის მიმართ

მლნ ლარი

შემოსულობები

გადასახდელები

2008

107%

118.5%

2009

100.4%

98,5%

2010

105%

103.1%

2011

106.5%

105%

2012

99.9%

98.6%

2013

91.6%

92.6%

წყარო:საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბიუჯეტის კვარტალური გეგმები არათანაბრად სრულდებოდა, რამაც წლის ბოლოს დეფიციტური ხარჯვა გამოიწვია. კერძოდ, მეოთხე კვარტალში ბიუჯეტის დეფიციტი 605 მლნ ლარი იყო. დეკემბრში ბიუჯეტის დეფიციტმა 269 მლნ ლარი შეადგინა, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

ბიუჯეტის კვარტალური შესრულების მიხედვით, საშუალოდ, თვეში 600-700 მლნ ლარის ხარჯვა ხდებოდა, ხოლო დეკემბერში 1 253 მლნ ლარის ხარჯვა განხორციელდა. აქედან, 489 მლნ ლარი ბოლო 5 სამუშაო დღეში გადაირიცხა. ლოგიკურია, რომ თანხის გადარიცხვის მიუხედავად, დაგეგმილი პროექტები რამდენიმე დღეში ვერ განხორციელდებოდა. ბიუჯეტი ფორმალურად შესრულდა, ხოლო რეალურად კი, ის პროექტები, რაც 2014 წლის ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო, 2015 წელში გადავიდა.

დასკვნა

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 100.2%-ით, ხოლო გადასახდელების ნაწილში 98.9%-ით შესრულდა. რაც შეეხება 2004-2012 წლების ბიუჯეტის შესრულებას, ეკონომიკური ზრდის გამო საბიუჯეტო შემოსავლები ისეთი ტემპით იზრდებოდა, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტის შესრულება მნიშვნელოვნად აჭარბებდა წლის დასაწყისში დამტკიცებულ ბიუჯეტის გეგმას. შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულების კუთხით, წინა წლები შეიძლება ბევრად უფრო წარმატებულად ჩაითვალოს. ხოლო, 2014 წელს საინვესტიციო ხარჯების და საგარეო ვალის კვარტალურ შესრულებაში არსებული დისპროპორცია გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ გასულ წელს დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები სრულყოფილად არ განხორციელდა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება: „2014 წელი იყო გამონაკლისი, როცა ბიუჯეტი შესრულდა,“ არის მეტწილად მცდარი,ხოლო ზურაბ ჯაფარიძის განცხადება - მეტწილად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი