საქართველოს პარლამენტი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, რომლის თანახმადაც (მიმდინარე ვერსიით), 2016 წელს პენსიები არ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" დაპირება

პენსიების 220 ლარამდე გაზრდა იყო, ჯერჯერობით ეს დაპირება არ შესრულებულა.

პენსიების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობა". "2016 წლის ბიუჯეტში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს პენსიის 50 ლარიანი ზრდა. ამისთვის საჭიროა ბიუროკრატიის შემცირება, უსარგებლო პროექტების დაფინანსების შეწყვეტა და საყოველთაო დაფინანსებიდან მიზნობრივი ჯგუფების დაფინანსებაზე გადასვლა" - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, თუ რა რესურსი აქვს მთავრობას იმისთვის, რომ პენსიები გაზარდოს.

2013 წლამდე ასაკობრივი პენსია 110-125 ლარის ფარგლებში (60-დან 67 წლამდე ქალებისა და 65-დან 67 წლამდე მამაკაცებისთვის - 110 ლარი, ხოლო 67 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის 125 ლარი) იყო. 2013 წლის აპრილიდან პენსია ყველა პენსიონერისთვის 125 ლარი გახდა. 2013 წლის სექტემბრიდან კი პენსია 150 ლარამდე გაიზარდა. 2014 წელს პენსია არ გაზრდილა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასაკობრივი პენსია 10 ლარით გაიზარდა და 160 ლარი გახდა. ბოლო სამ წელიწადში (2012 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე) პროდუქციაზე ფასები 9%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ინფლაციის დონის გათვალისწინებით, გამოდის, რომ 2013 წლის შემდეგ რეალური პენსია არ გაზრდილა (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია

ამ თემაზე).

2016 წლის

სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფაზე 1 მილიარდ 480 მილიონი ლარია გათვალისწინებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიუჯეტის ამ ვერსიით, მომავალ წელს პენსიის ზრდა არ იგეგმება.

გრაფიკი 1:

საპენსიო უზრუნველყოფაზე გამოყოფილი თანხა (მლნ ლარი)

image001

მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 705 000 პენსიონერია. ბოლო წლების სტატისტიკა

აჩვენებს, რომ პენსიონერთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. პენსიონერთა რაოდენობის ზრდასაც თუ გავითვალისწინებთ, იმისთვის, რომ სახელმწიფომ პენსია 50 ლარით გაზარდოს, 2016 წელს დამატებით მინიმუმ 436 მილიონი ლარი დასჭირდება.

რამდენად არის სახელმწიფო ბიუჯეტში იმის რესურსი, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს? ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები ეკონომიკის ზრდის პროპორციულად იზრდება. 2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 7%-ით იზრდებოდა, 2013-2015 წლებში ზრდის საშუალო ტემპი 3%-მდე შემცირდა. აქედან გამომდინარე, სოციალური ხარჯების სწრაფად ზრდაც შეფერხდა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელზეც სოციალური ხარჯების დიდი ნაწილი (570 მლნ ლარი, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით) მოდის. შესაბამისად, ყოველივე ამის ფონზე, მთავრობას დაპირების შესრულება და პენსიის გაზრდა გაუჭირდება.

მთავრობა პენსიის გაზრდას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ შეამცირებს სხვა ხარჯებს (მაგალითად: ბიუროკრატიულ ხარჯებს, პრემიებს და დანამატებს) და დანაზოგს პენსიებისკენ მიმართავს. ასევე, სახელმწიფოს საყოველთაო ტიპის პროგრამების მიზნობრივი პროგრამებით ჩანაცვლებით მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა შეუძლია.

2016

წლის ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯები სულ 357 მლნ ლარით იზრდება. სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები 280 მლნ ლარით, ხოლო საპენსიო უზრუნველყოფის მუხლი 90 მლნ ლარით იზრდება, რაც გამოწვეულია პენსიონერთა რაოდენობის ზრდითა და მიმდინარე წლის სექტემბერში პენსიის 10 ლარით გაზრდით. 100 მლნ ლარით იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებაც. მთავრობის ე.წ. ბიუროკრატიულ ხარჯებს რაც შეეხება, შრომის ანაზღაურების მუხლი 57 მლნ ლარით, ხოლო საქონელი და მომსახურების მუხლი 69 მლნ ლარით იზრდება. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გაზრდის ე.წ. ბიუროკრატიულ ხარჯებს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გახდის მიზნობრივს (შესაბამისად, მას არ დასჭირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების გაზრდა), სახელმწიფო ბიუჯეტში 226 მლნ ლარი გამოთავისუფლდება, რომელიც შეიძლება პენსიიის ზრდისკენ იყოს მიმართული. ასეთი მოცემულობით, მომავალი წლის იანვრიდან პენსიის დაახლოებით 25 ლარით, 2016 წლის მეორე ნახევრიდან კი 50 ლარით გაზრდაც შესაძლებელია. თუ მთავრობა შეინარჩუნებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და არ გაზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს, მაშინ 2016 წლის იანვრიდან პენსიის დაახლოებით 15 ლარით გაზრდა იქნება შესაძლებელი.

პენსიების გასაზრდელად კიდევ ერთი გზა ვალის აღებაა, თუმცა ეს გზა იმთავითვე უნდა გამოირიცხოს, რადგან ვალით სოციალური ხარჯების დაფინანსება ქვეყანას კირიზისამდე მიიყვანს, გაზრდის ინფლაციის დონეს და რეალური პენსია არ გაიზრდება.

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა,

რომ "თეორიულად შესაძლებელია პენსიები გაიზარდოს და ალბათ გაიზრდება. მთავრობა და პარლამენტი აქტიურად მუშაობს, რომ ზრდა იყოს რეალური". თუმცა, დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, თუ რა ოდენობით გაიზრდება პენსიები. ამასთან, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საპენსიო უზრუნველყოფის მუხლი ჯერჯერობით ისევ უცვლელი რჩება.

დასკვნა 2013

წლამდე ასაკობრივი პენსია 110-125 ლარის ფარგლებში იყო. 2013 წლის სექტემბრიდან კი პენსია 150 ლარამდე გაიზარდა. 2014 წელს პენსია არ გაზრდილა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასაკობრივი პენსია 10 ლარით გაიზარდა. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში (მიმდინარე ვერსიით), პენსიის ზრდა გათვალისწინებული არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გაზრდის ე.წ. ბიუროკრატიულ ხარჯებს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გახდის მიზნობრივს (შესაბამისად, მას არ დასჭირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების გაზრდა), სახელმწიფო ბიუჯეტში 226 მლნ ლარი გამოთავისუფლდება. ამ შემთხვევაში, მომავალი წლის იანვრიდან პენსიის დაახლოებით 25 ლარით, 2016 წლის მეორე ნახევრიდან კი 50 ლარით გაზრდაც შესაძლებელია.

შესაბამისად, მოსაზრება, რომ მთავრობას აქვს რესურსი პენსიები 50 ლარით გაზარდოს, რეალურია. ის, რომ პენსიების გარკვეული ოდენობით ზრდა შესაძლებელია, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც ადასტურებს, რომელმაც განაცხადა, რომ პენსიების ზრდის თეორიული შესაძლებლობა არსებობს და ის სავარაუდოდ გაიზრდება. თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე დაუბრუნა, პენსიების ზრდა ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი