არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის
უკატეგორიოდ
1946 ნახვა
A+
A
A-

3 აგვისტოს, ვიცე-პრემიერმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო ბოლო დროს გახშირებულ ე.წ ბორდერიზაციასა და „მცოცავი ოკუპაციის“ თემას გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „[ეს პროცესი] არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის“ და „ეს არის იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა“. მსგავსი განცხადება 6 ივლისს, სოფელ ბერშუეთში ე.წ სასაზღვრო ბანერის აღმართვის შემდეგ გააკეთა დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმაც, სადაც აღნიშნა, რომ: „ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში, ოკუპაციას წერტილი დაესვა 2008 წელს“.

ე.წ „მცოცავი ოკუპაციის“ საკითხი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი საზოგადოებაში, რასაც სახელმწიფო უწყებების არათანმიმდევრული და ხმამაღალი, პოლიტიკური განცხადებებიც ერთვის თან. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და შეეცადა როგორც ვიცე-პრემიერის, ასევე სოზარ სუბარის განცხადებათა გადამოწმებას.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევას. საფრთხეებთან გამკლავება საჭიროებს სტრატეგიულ ხედვას, შესაბამის პოლიტიკასა და კონცეპტუალური დოკუმენტების მომზადებას, რომლის მიზანი საერთო ძალისხმევისა და რესურსების მობილიზებაა. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა წარმოადგენს თავდაცვის სისტემის მართვის საფუძველს და განსაზღვრავს თავდაცვის დაგეგმვის ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს. “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” კანონში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება როგორც ეროვნული, ასევე უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტია „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული, ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს (კონკრეტული პერიოდისთვის); აღწერს არსებულ ვითარებას; მიმოიხილავს საფრთხეებს; გამოწვევებს; მიზნად ისახავს საიმედო, ქმედითუნარიანი, ნატოს სტანდარტებთან თავსებადი და შედეგზე ორიენტირებული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას. დოკუმენტი ითვალისწინებს შეზღუდული რესურსებით გამოწვეულ რეალობას და აყალიბებს ყოვლისმომცველ, დროში გაწერილ განვითარების სტრატეგიას.

დოკუმენტის მე-3 თავი აღწერს საქართველოს უსაფრთხოების გარემოს. სადაც გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლების ხედვა ეროვნული უსაფრთხოებისათვის ყველაზე სახიფათო და ყველაზე მოსალოდნელი სცენარების შესახებ. მე-10 გვერდის პირველ აბზაცში ვკითხულობთ შემდეგს: „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და ე.წ. „მცოცავი“ ოკუპაციის გაგრძელება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს და უხეშად ხელყოფს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს“.

ამრიგად გაურკვეველია, თუ უახლეს სტრატეგიულ დოკუმენტში არის აღნიშნული, რომ მცოცავი ოკუპაცია სახეზეა და ის გრძელდება 2008 წლის ომის შემდეგ, რატომ აკეთებს ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი საპირისპირო განცხადებას. გარდა ამისა, მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის ტერმინს იყენებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედია, მათ შორის The Guardian , Al Jazeera, Independent და სხვა.

 

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება ერთი და იგივე საკითხის გარშემო, ხელისუფლებისგან და საჯარო ინსტიტუტებისგან ერთმანეთის გამომრიცხავ ინფორმაციას იღებს. თუ სტრატეგიულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება 2008 წლის შემდგომ, იმავდროულად ვისმენთ სრულიად საპირისპირო განცხადებებს ვიცე-პრემიერისა და მთავრობის გუნდის სხვა წარმომადგენლისგან. შესაბამისად სახეზე გვაქვს როგორც ა) კოორდინაციის ნაკლებობა უშუალოდ საჯარო უწყებებს შორის; ბ) ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე ერთიანი და კარგად შემუშავებული გზავნილის არ არსებობა, რაც ჩვენი პრობლემების სერიოზულობის დისკრედიტაციის ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება მოგვევლინოს.

გააზიარეთ: