საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან 4 წელი გავიდა. 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. პროგრამის მიზანი სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა და ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯების შემცირება იყო.

აღნიშნული რეფორმით ჯანდაცვის პოლიტიკაში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა: 1. მიზნობრიობის პრინციპი საყოველთაოობის პრინციპმა ჩაანაცვლა და 2. შეიცვალა დაფინანსების წესი.

2012 წლისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობდნენ ის ადამიანები, ვისაც ყველაზე ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი ჯანდაცვაზე. ესენი იყვნენ: სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, 5 წლამდე ბავშვები, შშმ ბავშვები და სხვა (იხილეთ N218 და N165

დადგენილებები). აღნიშნული დაზღვევით მოსარგებლე პირები 2014 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდნენ და არსებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შეუნარჩუნდათ.

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებს 2013 წლამდე კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებელი კი სოციალური მომსახურების სააგენტოა და კერძო კომპანიები მასში ჩართული არ არიან. შესაბამისად, დაზღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებიც სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის.

ამასთან, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებიდან კერძო სადაზღვევო კომპანიების გამოთიშვა უარყოფითად აისახა ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზრზე (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია

ამ თემაზე).

  საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი

გასული წლების სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს საყოველთაო ჯანდაცვის პორგრამის ხარჯების შეკავებას. პროგრამის გეგმიური ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტი საკმარისი არცერთხელ არ აღმოჩნდა.

2014

წელს პროგრამის ბიუჯეტი 200 მლნ ლარით განისაზღვრა, თუმცა 338 მლნ ლარი დაიხარჯა. 2015 წელს პროგრამის ბიუჯეტი 470 მლნ ლარამდე გაზარდეს, თუმცა წლის ბოლოს  100 მლნ ლარის დამატება გახდა საჭირო. 2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 570 მლნ ლარით განისაზღვრა, თუმცა არც ეს თანხა აღმოჩნდა საკმარისი და სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 681 მლნ ლარი დაიხარჯა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 2017 წლის ბიუჯეტში 660 მლნ ლარი განისაზღვრა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების ზრდას მოთხოვნის ზრდა იწვევს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არის შემთხვევები, როცა კლინიკების მხრიდან სიტუაციის განზრახ დამძიმება (გაურგენტულება) ხდება, რათა სახელმწიფოსგან მეტი დაფინანსება მიიღოს (ჯანდაცვის ხარჯებზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

იმისთვის, რომ სახელმწიფომ ჯანდაცვის ხარჯები შეაკავოს, პროგრამაში სადაზღვევო კომპანიები უნდა ჩართოს. ისინი ფინანსურ რისკებსაც საკუთარ თავზე აიღებენ და თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მონიტორინგსაც განახორციელებენ.

  ჯანდაცვაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა

მაშინ, როცა ჯანდაცვის დანახარჯების 50%-ზე მეტი მედიკამენტებზე მოდის და წამლებზე ფასები ყოველწლიურად იზრდება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების დაფინანსებას/თანადაფინანსებას არ ითვალისწინებს.

2016 წლის ბოლოს Unicef-მა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის 2015 წლის კვლევა

გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2015 წელს, 2013 წელთან შედარებით, ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ჯანდაცვის ხარჯები შინამეურნეობების მთლიან ხარჯებში 7%-დან 8.1%-მდე გაიზარდა.

ასევე გაიზარდა იმ შინამეურნეობათა პროცენტული წილი, ვისთვისაც ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი კატასტროფულად მაღალია. 2013 წელს ოჯახების 23%-ში სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე საკუთარი ჯიბიდან გაწეული ხარჯი კატასტროფულად მაღალი იყო, ეს მაჩვენებელი 2015 წელს დაახლოებით 30%-მდე გაიზარდა. აქვე განვმარტავთ, რომ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი იმ შემთხვევაში ითვლება კატასტროფულად, თუ ის შინამეურნეობის მთლიანი მოხმარების 10%-ზე მეტს წარმოადგენს.

2013

წლის შემდეგ ორჯერ შემცირდა (11.6%-და 5.7%-მდე) იმ შინამეურნეობების პროცენტული რაოდენობა, რომლებისთვისაც უმთავრეს პრობლემას სამედიცინო სერვსიების საფასურის გადახდა წარმოადგენდა. თუმცა, 18.4%-დან 26.4%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი ვისაც მედიკამენტების შეძენა უჭირს.

  ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

გასული წლის ბოლოს ხელისუფლებამ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით საყოველთაო ჯანდაცვის პორგრამაში ცვლილებები დაანონსა. პროგრამაში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირებზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ გავრცელდება.

N36 დადგენილებით თავიდანვე განისაზღვრა, რომ მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო დაზღვევით ერთდროულად ვერ ისარგებლებდნენ. 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო პროგრამაში ჩართულ პირებზე საყოველთაო ჯანდაცვა არ გავრცელებულა. თუმცა, მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის შემდეგ დამატებით ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის პაკეტები შეიძინა იმ სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ფარავს (მაგ. მედიკამენტები, სტომატოლოგია და ა.შ.). ცვლილება სწორედ ამ მოქალაქეებს შეეხებათ. სადაზღვევო ბაზების განახლების შემდეგ (რომელსაც სამინისტრო უახლოეს მომავალში დაასრულებს), კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვერ ისარგებლებენ.

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება საავადმყოფოების შერჩევითი კონტრაქტირებაა. ეს ნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მხოლოდ ის კლინიკები განახორციელებენ, ვისაც ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს.

ფაქტ-მეტრი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებზე და მოსალოდნელ შედეგებზე უკვე წერდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ არაერთხელ დაანონსდა პროგრამის გაფართოება და მედიკამენტების კომპონენტის დამატება. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით,

პირველივე დაზოგილი თანხებით მარტოხელა და სოციალურად დაუცველ პენსიონერებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. თუმცა, კონკრეტულ ვადებს, თუ როდიდან შევა ეს ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მინისტრი არ ასახელებს.

  დასკვნა

სახელმწიფო ვერ ახერხებს საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების მართვას, რასაც ადასტურებს გასული წლების სტატისტიკური მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, ბოლო სამი წლის განმავლობაში პროგრამას ყოველწლიურად აკლდება თანხები და წლის ბოლოს საჭირო ხდება ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოძიება პროგრამის ხარჯების დასაფარად.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. თუმცა, გაძვირებული მედიკამენტების ხარჯზე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ვერ აფინანსებს, მოსახლეობას ჯანდაცვაზე დანახარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდა. საერთო ჯამში კი, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი