მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით 13.5 მლნ შეადგინა. ორწელიწადნახევარში უფრო უკეთესი შედეგი დაფიქსირდა, ვიდრე გასულ 7 წელში. ჩვენ აქ ძალიან დიდ პოზიტივს ვხედავთ".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 3.5%-ით გაიზარდა. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 2%, ხოლო 2013 წელს 26% იყო.

ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილის თვის ჩათვლით ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობას წინა 7 წლის მონაცემებს ადარებს. საქართველოს 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით, ჯამში, 13 453 875 ვიზიტორი ეწვია. რაც შეეხება წინა 7 წელიწადს (2005 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის სექტემბრის ჩათვლით), ამ პერიოდში ქვეყანაში შემოსულმა ვიზიტორთა რაოდენობამ ჯამში 12 885 377 ვიზიტორი შეადგინა.

პრემიერი აღნიშნულ პერიოდს მისი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იღებს. საქართველოში ხელისუფლება 2012 წლის ოქტომბერში შეიცვალა. ბუნებრივია, რომ 2012 წელს ქვეყანაში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა ახალი მთავრობის პოლიტიკის შედეგი ვერ იქნება. ამიტომ, თუ რომელიმე პერიოდთან ამჟამინდელი მთავრობის მმართველობის პერიოდს ვადარებთ, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2013 წლიდან უნდა ავიღოთ. ამ შედარების მიხედვით, გამოდის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ქვეყანაში 12 743 407 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო წინა 7 წლის მანძილზე (2006-2012 წლები) კი - 13 887 438. შესაბამისად, 2006-2012 წლებში ქვეყანაში 1 144 031-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2013 წლიდან 2015 წლის აპრილის თვის ჩათვლით.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა ტენდენციის მსგავსი მეთოდით დათვლა არასწორია. საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ პოზიტიური ტენდენცია გვაქვს თუ არა, ეს ყოველწლიური პროცენტული ზრდის ტემპით განისაზღვრება. სწორედ ყოველწლიური მაღალი პროცენტული ზრდის შედეგია, რომ 2005 წლიდან დღემდე ვიზიტორთა რაოდენობა 500 ათასიდან 5.5 მილიონამდე ავიდა.

გრაფიკი 1:

საქართველოში შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა და მათი რიცხვის ზრდის ტემპი, 2006-2015 წლები

image001

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2006 წლიდან დღემდე ვიზიტორთა ყველაზე დაბალი პროცენტული ზრდა 2014 და 2015 წლებში ფიქსირდება.

რეალური მდგომარეობის განსაზღვრისთვის, შეგვიძლია გავაანალიზოთ, საშუალოდ რამდენი პროცენტით იზრდებოდა საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლით და რამდენი პროცენტით იზრდება ის 2012 წლის ბოლოდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ვიზიტორთა ყოველწლიური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 35% იყო. 2013, 2014 და 2015 წლებში კი, ამ  მაჩვენებელმა 10% შეადგინა. მართალია, რომ  ყოველ წელს შეიძლება ისეთი მაღალი პროცენტული ზრდა არ დაფიქსირდეს, როგორც ეს მაგალითად 2012 წელს (57%) იყო, თუმცა, როცა ეს მაჩვენებელი 26%-დან 2%-მდე ეცემა, დადებით ტენდენციად ვერ  ჩაითვლება.

დასკვნა

იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, თუ როგორია საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის მაჩვენებელი, საჭიროა ყოველწლიური პროცენტული ზრდის ტემპს დავაკვირდეთ. ბოლო 2 წლის წინა 7 წელთან შედარება (როდესაც ბოლო წელს ფაქტიურად ზრდა არ არის) არანაირ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ გვაძლევს და მხოლოდ რიცხვებით მანიპულირებაა. 2006 წლიდან დღემდე ვიზიტორთა ზრდის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი 2014 და 2015 წლებში დაფიქსირდა. შესაბამისად, ბოლო ორი წელი, განსაკუთრებით კი 2014 წელი, ამ მხრივ წარმატებული არ ყოფილა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამინდელი ხელისუფლების მოსვლის დღიდან 2015 წლის აპრილის თვის ჩათვლით, საქართველში შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობას წინა 7 წლის მონაცემებს ადარებს და ათვლის წერტილად 2012 წლის ოქტომბრის თვეს იღებს, რაც არასწორია.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასწორია როგორც  პრემიერის მიერ გამოყენებული დათვლის მეთოდი, ისე განცხადებაში მოყვანილი პერიოდები და რიცხვები. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი