პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა,

რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი მძიმეა და დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი საჯარო სექტორში მუშაობს.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.

დასაქმების შესახებ საქსტატის ბოლო მონაცემები 2014 წლის სტატისტიკას ასახავს, რომლის თანახმადაც უმუშევრობის დონე 12.4%-ს შეადგენდა. ეს მონაცემი 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, უმუშევრობის დონის დათვლისას დასაქმებულთა რიცხვში თვითდასაქმებულებიც (ისინი, ვინც საკუთარ მეურნეობაში ან საწარმოში შრომით საქმიანობას ეწევიან) განიხილებიან. საქართველოში თვითდასაქმებულთა ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობაში მოღვაწეობს, მათი შემოსავალი საკმაოდ დაბალია და ხშირ შემთხვევაში მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა. დასაქმებულ ადამიანებს შორის 60% თვითდასაქმებულია, ხოლო 40% დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიას მიეკუთვნება. ევროკავშირის ქვეყნებში თვითდასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში საშუალოდ 16%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, უმუშევრობის დონის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებამაც მოახდინა. 2014 წელს 2012 წელთან შედარებით უმუშევართა რაოდენობა 59.1 ათასი ადამიანით შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 21.2 ათასი კაცით გაიზარდა. 38 ათასი ადამიანით შემცირდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (ანუ, ისინი აღარც დასაქმებულებში ითვლებიან და აღარც უმუშევრებში). შესაბამისად, უმუშევრობის დონის შემცირება მეტწილად (65%-ით) ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებითაა გამოწვეული, ვიდრე დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი ყველაზე მაღალია სკანდინავიის ქვეყნებში (28-34%-ის ფარგლებში), ხოლო ყველაზე მცირე იაპონიასა და სამხრეთ კორეაში (7.9%, 7.6%). ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი

მთლიან დასაქმებაში საშუალოდ 21%-ია. თვითდასაქმებულთა გამოკლებით თუ დავთვლით, განვითარებულ ქვეყნებში საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი 24.5%-ია.

ფაქტ-მეტრმა საქსტატიდან სახელმწიფო სექტორში დაქირავებით მომუშავეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,

 2014 წელს სახელმწიფო სექტორში 251 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 36.2%-ს შეადგენს, ხოლო  დასაქმებულთა საერთო რაოდენობასთან მიმართებაში (თვითდასაქმებულთა ჩათვლით) სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილი 14.3%-ია. ასევე, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ 2012 წელთან შედარებით, 2014 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 22.4 ათასით იყო შემცირებული.

მთლიანობაში, 2014 წელს დასაქმებული მოსახლეობის გადანაწილება ასე გამოიყურება:

გრაფიკი 1:

დასაქმებულთა გადანაწილება საქმიანობის მიხედვით 2014 წელს

image001 წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დასკვნა

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე 2012 წელს 15%-ს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს ის 12.4%-მდე შემცირდა. უმუშევრობის დონის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის კლებამ მოახდინა. დასაქმებულთა შორის თვითდასაქმებულებს კვლავ მნიშვნელოვანი წილი (60%) უკავიათ. აქედან გამომდინარე, ის, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი მძიმეა, სიმართლეა.

რაც შეეხება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვს, 2014 წელს სახელმწიფო სექტორში 251.2 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 36.3%-ია. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში დაქირავებით დასაქმებულებში საჯარო სექტორს 24.5% უჭირავს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი