ვერდიქტი: დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე: საქართველოს საკრედიტო რეიტინგის[1]

უახლესი შეფასება, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა, 2018 წლის 16 მარტს გამოაქვეყნა. საკრედიტო რეიტინგი BB-ორგანიზაციამ უცვლელად დატოვა, თუმცა რეიტინგის პერსპექტივა გაუმჯობესდა და BB-სტაბილური, BB-პოზიტიურით შეიცვალა, რაც საუკეთესო შედეგია, რომლისთვისაც საქართველოს დღემდე მიუღწევია. აღნიშნული შეფასება, BB-პოზიტიური, საქართველოს პირველად, 2014 წლის ოქტომბერში მიენიჭა, 2015 წლის აპრილში კი, Fitch-მა, პოზიტიური პერსპექტივა ისევ სტაბილურის დონეზე ჩამოსწია. შესაბამისად, მიმდინარე წლის დასაწყისში, საქართველო, საკრედიტო რეიტინგში საკუთარ ისტორიულ მაქსიმუმს დაუბრუნდა. თავისთავად, BB-საშუალო დონის შეფასებაა და საქართველოს უმაღლეს შეფასებამდე (AAA) 12 საფეხური აშორებს.

ანალიზი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა,

რომ სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის და შოკების მიმართ გამძლეობის მანიშნებელია.

მსოფლიო ეკონომიკაში, ქვეყნები ერთმანეთს უწევენ კონკურენციას უცხოური კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით. უცხოურ კაპიტალზე განსაკუთრებით დამოკიდებულია განვითარებადი/ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, რომელთა საკუთარი რესურსი შეზღუდულია. თავის მხრივ, კრედიტორები/ინვესტორები არჩევანს აკეთებენ კონკრეტულ ქვეყანაში უკუგების ნორმისა და სტაბილურობის, სხვანაირად, რომ ითქვას სახსრების განთავსების მოსალოდნელი მომგებიანობისა და რისკის გათვალისწინებით. რაც ნაკლებია რისკი (მეტია სანდოობა), მით დაბალია უკუგების ნორმა, რომლის სანაცვლოდაც კაპიტალის მფლობელი მზადაა განათავსოს საკუთარი სახსრები ქვეყანაში. რისკიანობის შემცირებასთან ერთად, მცირდება საკრედიტო რესურსზე დაწესებული საპროცენტო სარგებელიც.

ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი აწვდის ინვესტორს ინფორმაციას ცალკეულ ქვეყანაში ინვესტირების რისკის ფაქტორებთან და ამ ქვეყნის სანდოობასთან დაკავშირებით. საკრედიტო რეიტინგებს ათეულობით სააგენტო აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავლენიანი და საყოველთაოდ ცნობილი სამეულია Standard & Poor’s (S&P), Moody’s და Fitch.

ყოველი საკარედიტო სააგენტო საკუთარი მეთოდოლოგიის შესაბამისად მუშაობს, თუმცა ძირითადი მაჩვენებლები, რასაც ექცევა ყურადღება საერთოა და მოიცავს როგორც ეკონომიკურ ინდიკატორებს, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გარემოს. პოზიტიური საკრედიტო რეიტინგის მიღწევა ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი.

სარეიტინგო სააგენტო Fitch საკრედიტო რეიტინგის საფეხურებს ლათინური ასოების შესაბამისად ყოფს - მინიმალური D-დან მაქსიმალურ AAA-მდე[2].

რეიტინგთან ერთად მნიშვნელოვანია რეიტინგის პერსპექტივა, რომელიც შესაძლებელია იყოს ნეგატიური, სტაბილური ან პოზიტიური და უახლოეს მომავალში რეიტინგის ცვლილების მოსალოდნელ მიმართულებას აღნიშნავს.

Fitch-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შეფასება პირველად 2007 წლის ივლისში განხორციელდა და ქვეყანას BB-რეიტინგი მიენიჭა სტაბილური პერსპექტივით. BB- საშუალო დონის შეფასებაა და უმაღლეს AAA დონემდე 12 საფეხური აშორებს.

ცხრილი 1:

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი - საკრედიტო სააგენტო Fitch

თარიღი რეიტინგი პერსპექტივა
18.07.2007 BB- სტაბილური
08.08.2008 B+ ნეგატიური
07.04.2009 B+ ნეგატიური
26.08.2009 B+ სტაბილური
03.03.2011 B+ პოზიტიური
15.12.2011 BB- სტაბილური
17.10.2014 BB- პოზიტიური
20.04.2015 BB- სტაბილური
16.03.2018 BB- პოზიტიური
წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/rating

2008

წლის აგვისტოს ომის პარალელურად რეიტინგი, ბუნებრივია, საქართველოს გაუუარესდა და B+ (Negative)-მდე შემცირდა. კრიზისამდელ ნიშნულზე დაბრუნება 2011 წლის დეკემბერში გახდა შესაძლებელი, როცა საქართველოს Fitch-მა ისევ BB-რეიტინგი მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით. 2014 წლის ოქტომბერში რეიტინგის პერსპექტივა გაუმჯობესდა და პოზიტიურით შეიცვალა, თუმცა 2015 წლის აპრილში ისევ სტაბილურამდე შემცირდა. 2018 წლის მარტის შეფასებით, საქართველო დაუბრუნდა 2014 წელს დაფიქსირებულ საუკეთესო შედეგს და BB-რეიტინგი ისევ პოზიტიური პერსპექტივით მიენიჭა. საბოლოო ჯამში შესაძლებელია ითქვას, რომ 2007 წლის ივლისიდან დღემდე საქართველოს რეიტინგში წინსვლა არ განუცდია და მხოლოდ რეიტინგის პერსპექტივა გაუმჯობესდა სტაბილურიდან პოზიტიურამდე.

რაც შეეხება სამეულში შემავალი სხვა სააგენტოების შეფასებას,

Standard & Poor’s-მა 2005 წლის დეკემბერში საქართველოს B+ რეიტინგი მიანიჭა, პოზიტიური პერსპექტივით, ბოლო (2011 წლის ნოემბერი) შეფასებით კი რეიტინგი BB-საფეხურზე შეფასდა სტაბილური პერსპექტივით. შემდგომ პერიოდში Standard & Poor’s-ს საქართველოს საკრედიტო რეიტინგი არ განუახლებია. Moody's-მა კი საქართველოს საკრედიტო რეიტინგი პირველად 2010 წლის ოქტომბერში შეაფასა და Ba3 რეიტინგი მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით, ბოლო შეფასებით (2017 წლის სექტემბერი) კი Ba2 საფეხურამდე გააუმჯობესა სტაბილური პერსპექტივით. აღნიშნული პოზიცია შეესაბამება Fitch-ის ბოლო შეფასებას და საშუალო მაჩვენებელია.

[1]

პოტენციური მსესხებლის საკრედიტო რისკიანობის შეფასება, რომელიც აღწერს სუბიექტის, მათ შორის ცალკეული ქვეყნის, შესაძლებლობას/უნარს მოემსახუროს საკუთარ ვალდებულებებს.

[2] რეიტინგში იერარქია განისაზღვრება შემდეგი პრინციპით: 1. სიმბოლოთა ანბანური რიგითობა - A უფრო მაღალი საფეხურია ვიდრე B ან B-ს ნებისმიერი კომბინაცია (B-,B,B+,BB-,BB,BB+,BBB-,BBB, BBB+) ანალოგიურად დანარჩენი სიმბოლოებისათვის. 2. სიმბოლოთა რაოდენობა - რაც მეტია ასოების რაოდენობა მით მაღალია რეიტინგი, მაგ BBB უფრო მაღალი საფეხურია ვიდრე ორი ან ერთი ერთეული B-ს ნებისმიერი კომბინაცია (B-,B,B+,BB-,BB,BB+) ანალოგიურად დანარჩენი სიმბოლოებისათვის. 3. „+“ უფრო მაღალი საფეხურია ვიდრე „-„ მაგ. B უფრო დაბალი საფეხურია ვიდრე “B+” და უფრო მაღალი ვიდრე “B-“, ანალოგიურად დანარჩენი სიმბოლოებისათვის.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი