2017 წლის 31 აგვისტოს ქართული შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის 18 წლის თავს  აღნიშნავენ. უკანასკნელი 18 წელი საქართველო კონტრიბუტორია მსოფლიო მშვიდობის დამყარებასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ემსახურება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსებობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს -

საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებას.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შემოგთავაზოთ საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის ქრონიკა და განიხილოს ყველა ის  მიზეზი, რის გამოც ქვეყნის ჩართვა მსგავს ოპერაციებში მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციები დღეისათვის მსოფლიოს სამ კონტინენტზე მიმდინარეობს და მასში რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო თუ სამოქალაქო მოსამსახურე მონაწილეობს.

საქართველო მისიებში 1999 წლიდან არის ჩართული. სხვადასხვა წელს განსხვავებულ „ცხელ წერტილებში“ ქვეყნიდან გაგზავნილი სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა მზარდია, შესაბამისად, დიდია წვლილი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პირველი ქართული სამშვიდობო  კონტიგენტი 1999 წელს კოსოვოში ეროვნული უმცირესობების დაცვისთვის გაემგზავრა. კონტიგენტი საკმაოდ პატარა იყო და შეადგენდა 34 სამხედრო მოსამსახურეს. 2003 წელს ქართული ასეული კოსოვოში გერმანული ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. 2005 წელს კოსოვოში გაიგზავნა მე-3 ქვეითი ბატალიონის ერთი ასეული 129 სამხედრო მოსამსახურით (რიგით მე-8 როტაცია), რომლიც, აგრეთვე, გერმანული ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა. 1999-2008 წლებში კოსოვოში მისიას ასრულებდა 2259 სამხედრო მოსამსახურე. ქართულმა სამშვიდობო ძალებმა ბალკანეთი 2008 წლის აპრილში დატოვეს. ბალკანეთში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის უდანაკარგოდ დასრულდა. ქართული დანაყოფები სამშვიდობო მისიებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონშიც ასრულებდნენ.

პირველი შემადგენლობა (21 სამხედრო მოსამსახურე) ერაყში 2003 წელს გაიგზავნა. 2004 წელს ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ერაყში 555 შეადგენდა, უკვე 2005 წელს კი 1110 ჯარისკაცს. 2007 წლის ივლისიდან ქართული კონტიგენტის რაოდენობა ისევ გაიზარდა და 2000 სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, ერაყში მისიას მხოლოდ ერთი ქართული ბატალიონი ასრულებდა - ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო საქართველო იძულებული გახდა უკან გამოეთხოვა მებრძოლები.  2008 წელს საქართველოს მონაწილეობით ოპერაციები ერაყში ფაქტობრივად დასრულდა.

აღსანიშნავია საქართველოს წვლილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) ყველაზე მასშტაბურ ოპერაციაში ISAF-ში, რომელიც ხორციელდებოდა ავღანეთში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 49 ქვეყნის მონაწილეობით.

პირველი ქართული გაძლიერებული ქვეითი ოცეული ავღანეთში 2004 წელს გაიგზავნა და გერმანული ბატალიონის შემადგენლობაში ასრულებდა მისიას. 2009-2012 წლებში კიდევ ერთი ქართული ასეული ქალაქ ქაბულში მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში ასრულებდა. მისიაში იყვნენ, ასევე, ქართული სამხედრო ინსტრუქტორები ყარდაღანის პროვინციაში 2011-2012 წლებში. 2010 წლიდან ქართველი ქვეითები მისიას ასრულებდნენ ჰელმანდის პროვინციაშიც. 2012 წლისთვის ავღანეთში კიდევ გაიზარდა ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა და საერთო ჯამში შეადგენდა 1600 მოსამსახურეს. ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში 2014 წლამდე იმყოფებოდნენ. 2015 წელს კი ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩაერთვნენ, რომელიც დღემდე გრძელდება. 2014 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს ჩართვაზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში. ამ მისიების ფარგლებში, დღეისათვის, ქართველი ჯარისკაცები იმყოფებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში. საქართველოს შესაძლებლობების ქვეყნის მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ხშირად ხდება დისკუსიის საგანი და ჰყავს მომხრეები თუ მოწინააღმდეგეები. მოწინააღმდეგეთა შეფასებით, საქართველოს არ აქვს საკმარისი რესურსები, შესაბამისად დანაკარგი, რომელსაც ქვეყანა განიცდის პირდაპირ აისახება თავდაცვისუნარიანობაზე და მაგალითად მოჰყავთ 2008 წლის ომი, როდესაც გარკვეული რაოდენობის მებრძოლები არ იმყოფებოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. აგრეთვე, გაუმართლებლად მიაჩნიათ საქართველოს ასეთი დოზით რეპრეზენტატულობა მისიებში, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს 20 % ოკუპირებულია. სხვები კი აღნიშნავენ, რომ რაც უფრო იზრდება საქართველოდან გაგზავნილი კონტიგენტის რაოდენობა, მით უფრო დიდია საფრთხე ქვეყანა გახდეს ტერორისტების სამიზნე. რაც შეეხება საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის აუცილებლობას - საქართველოს არმია საკმაოდ მცირეა, შესაბამისად, თითეული კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენია. მისიებში მონაწილეობის დროს ჯარისკაცები საერთაშორისო პროფესიულ მომზადებას გადიან, მსოფლიოს სხვადასხვა „ცხელ წერტილში“ გადამზადებული ჯარისკაცები კი ამაღლებენ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას. ქართული ჯარის მომზადების სტანდარტი უფრო მეტად უახლოვდება ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ჯარების სტანდარტებს. საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცების პროფესიონალიზმი 2008 წლის აგვისტოს ომმაც ნათლად აჩვენა. მეორე, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ასპექტი არის ე.წ. პოლიტიკური მხარდაჭერა. მისიებში მონაწილეობით საქართველო ამტკიცებს, რომ კარგი პარტნიორია და ნაბიჯებს დგამს  დასავლეთთან ინტეგრაციისკენ. საიმედო პარტნიორის სახელი ამ მისიებით საქართველომ ნამდვილად მოიპოვა. რაც შეეხება ტერორიზმს, იგი არ არის რომელიმე ერთი კონკრეტული ქვეყნის პრობლემა, შესაბამისად, საქართველო ისევეა ვალდებული ჩაერთოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც მსოფლიოს სხვა ნებისმიერი ქვეყანა.

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი