"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა:

 "საქართველომ ისე უნდა გამოიყენოს თავის გეო-ეკონომიკური და გეო-სტრატეგიული მდებარეობა, რომ ეკონომიკური კორიდორები მასზე გადიოდეს… პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ირანის პრეზიდენტი შეხვდნენ ერთმანეთს და შეიმუშავეს ეს ძალიან მნიშნველოვანი სატრანსპორტო კორიდორის გეგმა, როდესაც ინდოეთიდან ირანის, აზერბაიჯანის და რუსეთის გავლით ევროპაში გადის ტრილიონობით ღირებულების ტვირთი, ჩვენ აგვიარა ამ პროექტმა რამდენიმე კილომეტრით". ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ გზას საქართველოზე გაევლო, ნინო ბურჯანაძის პასუხი იყო - "რა თქმა უნდა".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ნინო ბურჯანაძის განცხადება 2016 წლის 8 აგვისტოს ბაქოში შემდგარ სამმხრივ შეხვედრას ეხება, სადაც ვლადიმერ პუტინმა, ჰასან როუჰანიმ და ილჰამ ალიევმა სხვა საკითხებთან ერთად, ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (INSTC) ისაუბრეს.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მულტიმოდალური სატრანსპორტო მაგისტრალი 2000 წელს  ირანის, რუსეთისა და ინდოეთის მიერ შეიქმნა და ინდოეთის ოკეანიდან ევროპამდე საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო გზებს მოიცავს. მაგისტრალის საერთოს სიგრძე 7 200 კილომეტრია, შეთანხმების რატიფიცირება 2002 წელს მოხდა. პროექტი რამდენიმე გზას ითვალისწინებს, რომელთაგან უმთავრესია ინდოეთი-ირანი-აზერბაიჯანი-რუსეთი, რომლის ირანი-აზერბაიჯანი-რუსეთის მონაკვეთი სარკინიგზო უნდა იყოს და რომლის აზერბაიჯანული ნაწილიც ექსპლუატაციაში 2016 წლის ბოლოსთვის

შევა. პირველ ეტაპზე ამ მარშრუტით ყოველწლიურად 5 მილიონი ტონა ტვირთის, ხოლო სამომავლოდ 10 მილიონზე მეტის გადაზიდვა იგეგმება.

ნინო ბურჯანაძის განცხადება ფაქტ-მეტრისთვის სამი ასპექტით იყო საინტერესო.

პირველი: გაწევრიანების ნორმატიული რეგულაციები. პროექტის ოფიციალური ვებგვერდიდან

  ვიგებთ, რომ პროექტში გაწევრიანება რამდენიმე ეტაპიანია. პირველ რიგში, ხდება განცხადების შეტანა, ხოლო შემდეგ დამფუძნებელი ქვეყნების მიერ მათი რატიფიცირება და გაწევრიანების პაკეტის მინიჭება. რეგიონის ქვეყნების უმეტესობამ გაწევრიანებაზე განაცხადი 2001 წელს გააკეთა, მათ შორის სომხეთმა და აზერბაიჯანმა. უკრაინამ 2003 წელს და თურქეთმა 2004 წელს, განაცხადი ყველაზე გვიან შეიტანეს. შესაბამისად, საქართველოს განაცხადის გაკეთებას პოლიტიკური ნება სწორედ ამ წლებში უნდა გამოეთქვა, როდესაც ნინო ბურჯანაძე ჯერ კიდევ პარლამენტის სპიკერი და შემდგომში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, რაც ამ პერიოდში არ გაკეთებულა.

მეორე: შესაძლებელი იყო თუ არა ირან-რუსეთის მარშრუტის გზის საქართველოს გავლით  რუსეთში გასვლა.

სახმელეთო კავშირი რუსეთსა და ირანს შორის სამხრეთ კავკასიის გავლით მხოლოდ ტრანზიტული გზებითაა შესაძლებელი. პირველი, ეს არის კასპიის ზღვის გავლით ირანის პორტებამდე (ანზალი და ამირაბადი). მეორე - კასპიის ზღვის გასწვრივ, დაღესტნის და აზერბაიჯანის გავლით და მესამე, საქართველოს სამხედრო გზით ჯვრის უღელტეხილის გავლით - ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოში და შემდეგ სომხეთისა და ირანის გავლით. თუმცა, ასევე შესაძლებელია საქართველო-აზერბაიჯანის გავლით მოხვედრა ირანშიც, თუმცა აღნიშნული მონაკვეთი მეორე გზას 200 კმ-ით აღემატება და არაეკონომიურია.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პროექტში აზერბაიჯანი არ იყო ჩართული, თუმცა მისი გაწევრიანების შემდეგ სატესტო მოდელმა აჩვენა, რომ ბაქომდე ყოველ 15 ტონაზე 2 500 დოლარის ეკონომია კეთდებოდა. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის (CIPDD)

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პროგრამის ხელმძღვანელის თამარ პატარაიას შეფასებით, „საქართველო ამ მიმართულებას კონკურენციას ვერ გაუწევს, თუ ამ დერეფნის მონაწილე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და უკრაინა არ გახდებიან და დღის წესრიგში საქართველოს პორტების გამოყენება არ დადგება“.

აზერბაიჯანულ სარკინიგზო ხაზთან შედარებით საქართველო-რუსეთს შორის ტვირთბრუნვის შესაძლებლობები შეზღუდულია და მხოლოდ საავტომობილო კავშირით, ლარსის გამშვები პუნქტით ხორციელდება. რთული გეოგრაფიული გარემოს გამო აღნიშნული ხშირად იკეტება. მათ შორის ზამთარში და სტიქიების დროს. ბოლოს, ის 2016 წლის ივნისში დევდორაკის ხეობაში განვითარებული სტიქიის გამო ჩაიკეტა. რაც შეეხება სომხეთი-რუსეთის დამაკავშირებელ სარკინიგზო გადაზიდვებს, პატარაიას აზრით საქართველო ამ ეტაპზე, სულ მცირე, სამი მიზეზით ვერ ჩაერთვება: ერთის მხრივ, ერთადერთი სარკინიგზო გზა გადის რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე და სარკინიგზო კავშირების აღდგენაზე საუბარი ნაადრევია. მეორე - ამ მხრივ გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის პოზიცია, რომელიც სომხეთ-რუსეთის სარკინიგზო კავშირის აღდგენას ეწინააღმდეგება და მესამე - საქართველოს სამართლებრივი სივრცე ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება და საბაჟო დეკლარაციები და დოკუმენტაციების მოთხოვნა ძირითადად ევროპული სტანდარტების მიხედვით ხდება, მაშინ როდესაც ის ძალზე განსხვავებულია ევრაზიული კავშირის სტანდარტებისგან. და ბოლოს, პოლიტიკური ფაქტორი - რუსული ემბარგო, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებზე საერთაშორისო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა ინვესტიტიცების ჩადებას მსგავსი ტიპის სავაჭრო გზების შექმნაში საქართველო-რუსეთს შორის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით შეუძლებელს ხდის.

მესამე: იმის მიუხედავად, რომ საქართველო პროექტში არაა გაწევრიანებული, ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორი საქართველოს მონაკვეთს მაინც მოიცავს.

მაგისტრალი რამდენიმე გზას აერთიანებს, მათ შორის სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის პორტების მონაკვეთს, რომელიც ცენტრალურ აზიას, ირანს და საქართველოს აკავშირებს. პატარიას შეფასებით, „საქართველოს პორტები, ასევე თურქეთ-საქართველოს საგზაო კავშირები ისედაც ხდის საქართველოს ამ მაგისტრალის ნაწილად, რადგანაც საგზაო გადაზიდვები სომხეთი-საქართველო, ასევე აზერბაიჯანი-საქართველო, შუა აზიის ქვეყნები-საქართველოს მიმართულებით უკვე ხორციელდება“. კორიდორის საავტომობილო მაგისტრალის სომხეთის მონაკვეთის - მეგრი-ერევანი-ბავრას განხორციელებისთვის სომხეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2010 წელს მსოფლიო ბანკთან 500 მილიონის დოლარის ღირებულების შეთანხმებას ხელი მოაწერა. პროექტის ფარგლებში ირანის საზღვრიდან საქართველოს საზღვრამდე მაღალი გამტარობის გზის მონაკვეთის დაგება უნდა მოხდეს. საავტომობილო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2012 წელს დაიწყო და ეტაპობრივად 2017 და 2019 წლებში უნდა დასრულდეს.

დასკვნა

ნინო ბურჯანაძის განცხადების კონტექსტი ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალში (INSTC) საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობაზე, მიუხედავად განცხადების ფაქტობრივი სიზუსტისა, მცდარია. ბურჯანაძის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მაშინ როდესაც რეგიონის ყველა სხვა ქვეყანა გაწევრიანდა, საქართველოს მაგისტრალში გაწევრიანებაზე განაცხადი არ შეუტანია. გარდა ამისა, აღნიშნულ მაგისტრალში საქართველოს ჩართულობა შეზღუდულია ტექნიკურად, არაეკონომიურია პროექტისთვის და პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან  იბლოკება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პროექტში გაწევრიანებული არ არის, ქვეყნის ტერიტორიის გავლით ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორის ფარგლებში გადაზიდვები ხორციელდება, საიდანაც ქვეყანა გარკვეულ შემოსავალს იღებს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნინო ბურჯანაძის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი