ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი არის ყალბი.   რეზიუმე:

„საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატია „ლუკ კოფი: საქართველო ნატოს წევრობისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებსაც დათმობს“, არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია. ორგანიზაცია Heritage Foundation-ის მკვლევარ ლუკ კოფს, საკუთარ ანგარიშში არ დაუწერია, რომ საქართველო დათმობს ან უნდა დათმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის. მან ერთ-ერთ რეკომენდაციაში დაწერა, რომ საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე ნატოში ინტეგრაცია შესაძლებელია ისე, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელიც გულისხმობს ნატოს წევრი ქვეყნის აგრესორისგან დაცვას, არ ამოქმედდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ქვეყნის  დეოკუპაციის შემდეგ კი სრულად ამოქმედდეს. ლუკ კოფი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ნატოში საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიით გაწევრიანდება. „საქართველო და მსოფლიომ“, როგორც ანტიდასავლური ნარატივის გამავრცელებელმა მედიამ ისარგებლა ლუკ კოფის კვლევის ანგარიშით და მისი არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.

ანალიზი მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია  „ლუკ კოფი: საქართველო ნატოს წევრობისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებსაც დათმობს“. აღნიშნულში ავტორი „განიხილავს“ ამერიკული გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციის Heritage Foundation-ის მკვლევარ ლუკ კოფის  სპეციალურ ანგარიშს, რომელიც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას (“NATO Membership for Georgia: In U.S. and European Interest”). Geworld-ის სტატიაში ანგარიშიდან შერჩეული და ავტორის მიერ ინტერპრეტირებულია რამდენიმე აბზაცი, რომელიც ყველაზე უკეთ „ამყარებს“ სათაურში მიზანმიმართულად გამოკვეთილ იდეას, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა მოუწევს. ამავე პერიოდში, „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა ჰამლეტ ჭიპაშვილთან ინტერვიუ

შემდეგი სათაურით: „სასტუმრო “რუმსში” პრეზენტაცია უნდა გაიმართოს თემაზე: “აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე ნატოში გაწევრება”. ეს ორი სტატია, აშკარად, ცდილობს გააყალბოს გამოქვეყნებული ანგარიშის და მის ირგვლივ არსებული დისკუსიის შინაარსი, ხოლო მკითხველს ნეგატიური განწყობა გაუჩინოს საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსისადმი.

The Heritage Foundation  არის ამერიკული დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია. 2018 წლის 29 იანვარს, ორგანიზაციის ერთ-ერთმა მკვლევარმა ლუკ კოფმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც განიხილავს საქართველოს  წინაშე არსებულ გამოწვევებს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება უნდა მოხდეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რეპორტის არცერთი პუნქტი არ მიუთითებს ალიანსში გაწევრიანებისთვის საქართველოს მხრიდან აუცილებლობას ან რაიმე სახის დაშვებას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის ხარჯზე. რეკომენდაცია, რომელიც კვლევის ფარგლებში ლუკ კოფმა შეიმუშავა, გულისხმობს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში ისე, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთისგან სრულ დეოკუპაციამდე  ნატოს ხელშეკრულების

მე-5 მუხლი არ ამოქმედდეს საქართველოს ამ ორ რეგიონზე.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების

 მე-5 მუხლი გულისხმობს შემდეგს: „მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ერთ ან ერთზე მეტ მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა აღიქმება ყველას წინააღმდეგ თავდასხმად. არსებულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების საფუძველზე, მხარეები დახმარებას გაუწევენ საფრთხის ქვეშ მყოფ მხარეს ან მხარეებს და განახორციელებენ ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით. ნებისმიერი მსგავსი შეიარაღებული თავდასხმისა და მის საპასუხოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დასრულდება უშიშროების საბჭოს მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისთანავე“.

საქართველოს ნატოში გაწევრიანებისას აღნიშნული მუხლის არ გავრცელების შესაძლებლობას უშვებს ლუკ კოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისი შეფასებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მე-5 მუხლის გავრცელება მოხდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის შემდეგ.

სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა სწორედ ამ ანგარიშის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე,

რომელსაც ფაქტ-მეტრის ანალიტიკოსიც ესწრებოდა, ლუკ კოფმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ ნიშნავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას. მსგავსი მითითებები არც კვლევაში მოიპოვება. მისი შეფასებით, ნატოში გაწევრიანება ისე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით არ ამოქმედდეს მე-5 მუხლი, ქვეყნის სრულად დეოკუპაციის ხელშემწყობი ფაქტორი გახდება.

დეზინფორმაცია საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად ვრცელდება. ძირითადად, ნატოში ინტეგრაციის მოწინააღმდეგეები სპეკულირებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხით. „საქართველო და მსოფლიომ“, როგორც ანტიდასავლური ნარატივის გამავრცელებელმა მედიამ, ისარგებლა ლუკ კოფის კვლევით და მისი არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი