საქართველო გარემოს დაცვის კუთხით არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ქვეყანა. იელის უნივერსიტეტის ანგარიშის მიხედვით, მეზობელ სომხეთს ჩამოვრჩებით 50 პუნქტით
სიმართლე
1038 ნახვა
A+
A
A-

 

11 ნეომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოქ-შოუ „არჩევანში“ სტუმრობისას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „საქართველო, გარემოს დაცვის კუთხით, არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებლების მქონე ქვეყანა. იელის უნივერსიტეტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მეზობელ ქვეყანას, როგორიც არის სომხეთი, ჩამორჩება 50 პუნქტით. გარემოს დაცვის პარამეტრებით ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებლები“.

ფაქტ-მეტრი  აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს მაჩვენებლები გარემოს დაცვის სფეროში ასახულია იელის უნივერსიტეტის 2016 წლის ანგარიშში გარემოსდაცვითი შესრულების ინდექსის შესახებ. აღნიშნული მონაცემი ასახავს ქვეყნების მდგომარეობას ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოსისტემის დაცვის კუთხით. ამ ორი მიზნის ფარგლებში მოწმდება ქვეყნების მდგომარეობა გარემოს დაცვის ცხრა სფეროს მიმართ და ფასდება 20 ინდიკატორით (ჰაერის ხარისხი, წყლის რესურსები, ბიომრავალფეროვნება, სანიტარული ნორმები, კლიმატი და ენერგოპოლიტკა, მოსახლეობის ჯანმრთელობა და სხვა).

ინდიკატორები ზომავენ, თუ როგორ თანხვედრაშია ქვეყნის პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ სტანდარტებთან. გარემოსდაცვითი შესრულების ინდექსის ინდიკატორები გათანაბრებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებთან. წარმოადგენს ქვეყნების ეროვნული შესრულების შეფასების ბაზისს და გვიჩვენებს, რამდენად შორს არიან ქვეყნები გლობალური მიზნების მიღწევისაგან.

გარემოსდაცვითი შესრულების ინდექსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი საერთო რანჟირების გამო, რომელიც მიზნად ისახავს პროდუქტიული კონკურენციის მართვას, არამედ იმიტომ, რომ გვთავაზობს ქვეყნებისათვის დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტს, რათა ჩაუღრმავდნენ შიდა გარემოსდაცვითი პოლიტიკის სუსტ და ძლიერ მხარეებს.

იელის უნივერსიტეტის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე 3.5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს სახიფათო ჰაერის ხარისხის მქონე ქვეყნებში, განადგურებულ იქნა 2.52 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტყის საფარი, ქვეყნების მხოლოდ 20% აკმაყოფილებს აზოტის ეფექტური გამოყენების სტანდარტებს და ა.შ. გარდა ამისა, იგივე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური განვითარება გარემოს დაცვის გრკვეული სფეროების მდგომარეობის გაუმჯოესებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.

გარემოსდაცვითი შესრულების ინდექსის შესახებ 2016 წლის ანგარიშში შეფასებულია მსოფლიოს 180 ქვეყანა, საიდანაც საქართველო 111-ე ადგილს იკავებს, 64.96 ქულით. ასევე აღნიშნულია, რომ გარემოს დაცვის პოლიტიკასთან მიმართებით საქართველო ჩამორჩება რეგიონის ქვეყნებს და მათთან შედარებით დაბალი ეფექტურობით ხასიათდება. აზერბაიჯანი მსოფლიოს მასშტაბით რანჟრებაში 31-ე ადგილს იკავებს 83.78 ქულით, ხოლო სომხეთი – 37-ე ადგილს, 81.6 ქულით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 17 ქვეყანას შორის, საქართველო ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ ბოსნია-ჰერცეგოვინაზე უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევა.

 

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები
რანჟირება ქვეყანა ქულა 10 წლის %-ული ცვლილება
15 ხორვატია 86.98 22.37
31 აზერბაიჯანი 83.78 18.1
32 რუსეთი 83.52 24.34
35 ბელარუსი 82.3 3.77
37 სომხეთი 81.6 13.19
44 უკრაინა 79.69 25.38
48 სერბეთი 78.67 14.9
50 მაკედონია 78.02 18.81
55 მოლდოვა 76.69 9.09
61 ალბანეთი 74.38 27.1
69 ყაზახეთი 73.29 25.8
71 ყირგიზეთი 73.13 23.53
72 ტაჯიკეთი 73.05 16.82
84 თურქმენეთი 70.24 20.96
99 თურქეთი 67.68 7.31
111 საქართველო 64.96 11.77
120 ბოსნია და ჰერცეგოვინა 63.28 16.11

წყარო: Yale Center for Environmental Law & Policy

 

დასკვნა

იელის უნივერსიტეტის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, გარემოსდაცვითი შესრულების ინდექსის შესახებ, ასახულია მსოფლიოს 180 ქვეყნის მონაცემი, რომელიც შეფასებულია 20 ინდიკატორით. აღნიშნული მაჩვენებლები ასახავენ ქვეყნების მდგომარეობას ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოსისტემის დაცვის კუთხით. საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 111-ე ადგილს იკავებს 64.96 ქულით და საგრძნობლად ჩამორჩება რეგიონის სხვა ქვეყნებს. მაგ. აზერბაიჯანი 31-ე ადგილზეა, სომხეთი – 37-ზე, ხოლო უკრაინა – 44-ზე. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 17 ქვეყანას შორის საქართველოზე ცუდი მაჩვენებელი გარემოს დაცვის მხრივ მხოლოდ ბოსნია-ჰერცეგოვინას აქვს, რომელიც მსოფლიო რანჟირებაში 63.28 ქულით 120-ე ადგილს იკავებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: