საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა: "

საქართველო ბოლო პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმა არ შეუმცირეს რეიტინგი".

ფაქტ-მეტრი დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ქვეყნების საკრედიტო რეიტინგებს სამი საერთაშორისო ორგანიზაცია - Moody’s, Standard & Poors და Fitch Ratings Inc. ადგენს. კონკრეტული რეიტინგი ქვეყნებსა და მათ სამეზობლოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ფიქსირდება და იცვლება. საკრედიტო რეიტინგი აფასებს ქვეყნების გადახდისუნარიანობას და ზომავს ნაკისრი სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის რისკებს გრძელვადიან პერიოდში. აღნიშნული მონაცემი საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადების შესამოწმებლად ფაქტ-მეტრმა რეგიონის, კონკრეტულად სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 2013-2016 წლების სარეიტინგო მონაცემები განიხილა Moody’s, S&P-ისა და Fitch-ის მიხედვით.

2013-2016

წლებში საქართველოს სარეიტინგო მონაცემი ორმა ორგანიზაციამ, Moody’s-მა და Fitch-მა შეცვალა. S&P-ის შეფასებით კი, ქვეყანა 2011 წლიდან ინარჩუნებს BB - სტაბილურ მაჩვენებელს. Moody’s რეიტინგში საქართველოს საკრედიტო მონაცემის პერსპექტივამ დაიკლო და 2014 წლის Ba 3 პოზიტიური პროგნოზი 2016 წელს Ba 3 სტაბილურმა ჩაანაცვლა, რაც შემცირებული გადახდისუნარიანობის მაჩვენებელია. პერსპექტივის ცვლილების მიზეზად Moody’s საქართველოს შენელებულ ეკონომიკურ ზრდის ტემპს, მაღალ სავაჭრო დეფიციტს, მთავრობის გაზრდილ საგარეო ვალსა და ეროვნული ვალუტის 2014 წლიდან დაწყებულ გაუფასურების ტენდენციას ასახელებს. შინაარსობრივად ანალოგიური ცვლილება განახორციელა Fitch-მაც, მან 2014 წლის BB - პოზიტიური პერსპექტივა 2015 წელს BB - სტაბილურით ჩაანაცვლა. Fitch-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ცვლილების მიზეზი საქართველოს მკვეთრად შემცირებული ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მონაცემია. პერსპექტივის ცვლილების არგუმენტი იყო 2011-2013 წლებთან მიმართებით 30%-ით გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც, რასაც, Fitch-ის პროგნოზით, საქართველოს საგარეო ვალის და სავაჭრო დეფიციტის ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება უნდა გამოეწვია. აღნიშნული მიზეზები კი ბუნებრივად უნდა ასახულიყო სასესხო ვალდებულების გადახდისუნარიანობის კლებაზეც.

2013-2016

წლებში Moody’s-მა, ისევე როგორც S&P-მ და Fitch-მა, სომხეთისა და აზერბაიჯანის საკრედიტო რეიტინგები გააუარესეს. Moody’s-მა და Fitch-მა აღებულ საანგარიშო პერიოდში შეამცირა რუსეთისა და თურქეთის მაჩვენებელი მაშინ, როცა, S&P-ის მიხედვით, ორივე დასახელებულ ქვეყანას გაეზარდა რეიტინგი BB + ნეგატიურიდან BB + სტაბილურ პერსპექტივამდე. სამივე სარეიტინგო ორგანიზაციამ გააუმჯობესა უკრაინის სარეიტინგო მაჩვენებელი. გადახდისუუნარობის გამომხატველი ნიშნულიდან 2015-2016 წლებში უკრაინამ Fitch-ისა და S&P-ის მიხედვით B - სტაბილურ, Moody’s-ის მიხედვით კი Caa 3 სტაბილურ მაჩვენებელზე გადაინაცვლა.

ცხრილი 1:

საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების მიმდინარე სარეიტინგო მონაცემები

Moody's Fitch S&P
საქართველო Ba3 Stable BB- Stable BB- Stable
სომხეთი B1 Stable B+ Stable -
აზერბაიჯანი Ba1 Negative BB+ Negative BB+ Stable
რუსეთი Ba1 Negative BBB- Negative BB+ Stable
თურქეთი Ba1 Stable BBB- Negative BB+ Stable
უკრაინა Caa3 Stable B- Stable B- Stable
წყარო: Tradingeconomics.com

2013-2016

წლებში აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით სამივე საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციამ რეიტინგი გაუზარდა ლიტვას, ლატვიას, უნგრეთს, რუმინეთს, სლოვენიას, სლოვაკეთსა და სერბეთს. საანგარიშო პერიოდში ალბანეთი მხოლოდ S&P-მა შეაფასა და მისი რეიტინგი B + სტაბილურამდე გაუმჯობესდა. ესტონეთს, ჩეხეთსა და მაკედონიას, სამივე ორგანიზაციის შეფასებით, აღებულ საანგარიშო პერიოდში უცვლელი მონაცემი აქვთ. პოლონეთსა და ხორვატიას კი, Fitch-მა, S&P-სთან და Moody’s-სთან ერთად, სარეიტინგო მაჩვენებელი შეუმცირა. S&P-ის მიხედვით, შემცირდა, ხოლო Fitch-ის მიხედვით გაუმჯობესდა ბულგარეთის პერსპექტივა. S&P-ის შეფასებით, დაიკლო ბელარუსის რეიტინგმაც, თუმცა იგი Moody’s-ის მიხედვით გაუმჯობესდა. Moody’s-ზე დაყრდნობით გაუარესდა მოლდოვას მაჩვენებელიც.

დასკვნა 2013-2016

წლებში საქართველოს რეიტინგი Moody’s-მა და Fitch-მა პოზიტიურიდან სტაბილურ პერსპექტივამდე შეამცირეს, რაც ქვეყანაში მიმდინარე სავალუტო კრიზისით, გაზრდილი სავაჭრო დეფიციტითა და ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპით აიხსნა. აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა უკრაინის სარეიტინგო მაჩვენებელი, ხოლო რუსეთისა და თურქეთის მონაცემი S&P-ის მიხედვით გაუმჯობესდა. აღმოსავლეთ ევროპის რიგი ქვეყნების შემთხვევაში არსებული რეიტინგი უცვლელად შენარჩუნდა, ზოგიერთი ქვეყნის მაჩვენებელი გაუარესდა, ზოგიერთის კი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი