საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,

„მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2018 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს რეიტინგი შვიდი ერთეული პუნქტით გაუმჯობესდა და ახლა ჩვენი ქვეყანა ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერია“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების რეიტინგს 2003 წლიდან აქვეყნებს. ამ დროისთვის კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანაა ჩართული. Doing Business აღნიშნულ ქვეყნებში ბიზნესის წამოწყების, მართვისა და დახურვისათვის საჭირო სახელმწიფო რეგულაციების სიმარტივეს ზომავს, რაც  მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქვეყნებში არსებული ბიზნეს გარემოს შესაფასებლად.

2018 წლის კვლევაში

აღნიშნულია, რომ ბიზნესის კეთების ამჟამინდელი რეიტინგის ტოპ 20 ქვეყანას შორის, საქართველომ რეგულაციების გასამარტივებლად ყველაზე მეტი რეფორმა (ჯამში 47 რეფორმა 2003-2017 წლებში) განახორციელა და 190 ქვეყანას შორის ლიდერთა რიგებში მოექცა.

Doing Business-ის სარეიტინგო ქულის შეფასების კრიტერიუმები დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ამ დროისთვის მსოფლიო ბანკი 190 ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივეს 10 განსხვავებული კრიტერიუმით ადგენს. 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ რეიტინგში მე-9 ადგილი დაიკავა და მსოფლიო ბანკის რეგიონალური კლასიფიკაციის ლიდერთა რიგებში მოექცა. აღსანიშნავია, რომ რეგიონი, რომელშიც საქართველო ერთიანდება ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს (და არა ევროპის ყველა ქვეყანას) მოიცავს. მსოფლიო ბანკის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი სწორედ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს აქვთ.

გასულ წელს საქართველო რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებდა. წელს ქვეყნის მაჩვენებელი გადახდისუუნარობის პრობლემის გადაჭრის (+15.57 ქულა), მცირე წილის აქციონერების უფლებათა დაცვის (+5.0), ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების (+0.55), გადასახადების გადახდის (+0.04), სამშენებლო ნებართვების მიღებისა (+0.02) და ბიზნესის დაწყების (+0.01) კრიტერიუმში გაუმჯობესდა. სხვა შემთხვევაში საქართველოს მონაცემები იგივე დარჩა და არც ერთი კრიტერიუმისთვის არ გაუარესებულა. ყველაზე მაღალი პოზიცია საქართველოს მცირე წილის აქციონერთა უფლებების დაცვის კრიტერიუმში აქვს და მსოფლიოში მე-2 ადგილზეა.

  ცხრილი 1:

საქართველოს პოზიცია ბიზნესის კეთების რეიტინგში

2018
პოზიცია ქულა (100-დან)
ბიზნესის დაწყება 4 97.84
სამშენებლო ნებართვების მიღება 29 77.57
ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება 30 84.32
ქონების რეგისტრაცია 4 92.85
კრედიტის მიღება 12 85
მცირე აქციონერების უფლებათა დაცვა 2 81.67
გადასახადების გადახდა 22 87.14
საგარეო ვაჭრობის სიმარტივე 62 82.43
კონტრაქტების აღსრულება 7 75.97
გადახადისუნარიანობის აღდგენა 57 55.59
წყარო: მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს ყველაზე მაღალი პოზიცია 2012 წელს ჰქონდა. ქვეყანას მაშინ რეიტინგში მე-8 ადგილი ეკავა, ხოლო 2013 წელს მე-9 ადგილზე იყო. 2013 წლის შემდეგ მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების რეიტინგის მეთოდოლოგია ორჯერ შეცვალა (ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც წერდა) და გაზომვის პროცესში კრიტერიუმების ხარისხობრივი მაჩვენებელი გაზარდა. მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად, საქართველოს რეიტინგი თანდათანობით გაუარესდა და 2015 წელს 23-ე ადგილზე გადავედით. შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რომელ ადგილზე იქნებოდა საქართველო 2014-2015 წლებში, მეთოდოლოგია რომ არ შეცვლილიყო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მსოფლიო ბანკის კვლევით, 2014-2015 წლებში საქართველოში ბიზნესის ხელშემწყობი მხოლოდ 2 რეფორმა განხორციელდა (როცა ბოლო 2 წელში 8 რეფორმა გატარდა), საქართველო პოზიციებს ვერ გაიუმჯობესებდა. ფაქტ-მეტრი ამ თემაზეც წერდა. 2016

წელს საქართველომ მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.

  დასკვნა

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2018 წლის რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილს იკავებს და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია. გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ პოზიცია 7 ერთეულით გაიუმჯობესა და ისეთ სახელმწიფოებს გაუსწრო, როგორიცაა შვედეთი, ესტონეთი, ფინეთი და ავსტრალია. რეიტინგში უფრო მაღალ პოზიციებს ნორვეგია, ბრიტანეთი, ამერიკა, ჰონგ-კონგი(ჩინეთი), სამხრეთ კორეა, დანია, სინგაპური და ახალი ზელანდია (რეიტინგის ლიდერი) იკავებენ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი