ბოლო პერიოდში საქართველოს პროდასავლურ იმიჯს ორჯერ დაემუქრა სერიოზული საფრთხე. პირველად ეს დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებისას მოხდა, მეორედ კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების გამო.

ეს ორი შემთხვევა შინაარსითა და მასშტაბურობით განსხვავებულია, თუმცა ხელისუფლების როლი ორივესთან მიმართებით არასახარბიელო კონტექსტში წარმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ საკუთარ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტის თბილისის ცენტრიდან „გაქრობამ“ თავისი რეზონანსულობით თითქმის დაჩრდილა კიდეც მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაპატიმრებისა და მისი შესაძლო ექსტრადიციის საქმე. თუმცა, აშკარაა, რომ მას საკუთარი ქვეყნის ხელისუფებისგან ისეთივე საფრთხე ემუქრება, როგორიც აფგან მუხთარლის, რომელიც უკვე აზერბაიჯანული მხარის ხელშია.

ვინ არის მუსტაფა ემრე ჩაბუქი მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა 24 მაისს დააკავეს, სასამართლომ სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

მას ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება ბრალად.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაიბადა 1978 წლის 27 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ცნობილი თურქი ლიტერატორისა და მწერლის ოჯახში. 2002 წელს, ქალაქ ბოლუს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ფიზიკის მასწავლებლად. 2007-2012 წლებში ქუთაისის ნ. ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ჯერ ფიზიკის მასწავლებლის, ხოლო შემდეგ დირექტორის პოზიცია ეკავა. 2012-2016 წლებში ის „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2016 წლიდან ასრულებდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მოვალეობას.

ბოლო თხუთმეტი წელია, ის აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში და საქართველოში ახალგაზრდა მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა IYIPO-ს კურირებს. ბოლო 10 წელია ჩაბუქი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საზოგადოებრივი ხასიათის პროექტში. უკვე ორი წელია, მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში ბინადრობის მოწმობას ფლობს.

ჩაბუქს ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც განათლებას ქართულ სკოლაში იღებენ.

რა "დააშავა" ჩაბუქმა

გასული წლის 15 ივლისს თურქეთის ორ დიდ ქალაქში - ანკარასა და სტამბოლში - შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადეს. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოსახლეობას მოუწოდა, ქუჩაში გამოსულიყო და თურქეთის დემოკრატიისა და ქვეყნის პრეზიდენტისთვის მხარი დაეჭირა. რამდენიმე საათში მედიასაშუალებებმა მაუწყებლობა შეწყვიტეს, ხოლო ქუჩებში სამხედროებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გრძელდებოდა. უკვე 16 ივლისს ტაქსიმის მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და სამხედრო გადატრიალების მცდელობის მარცხით დასრულება აღნიშნეს. ერდოღანმა შეკრებილებს გამარჯვება მიულოცა.

თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. მოვლენები ამის შემდეგ ძალიან დრამატულად განვითარდა. გარდა იმისა, რომ დაღუპულთა რიცხვმა 270-ს მიაღწია, ხოლო 1 440 ადამიანი დაშავდა, საფრთხე შეექმნა რამდენიმე ათას ადამიანს - 3 000-მდე დაკავებულს.

დაპატიმრებების პროცესს დასასრული დღემდე არ უჩანს. გადატრიალების მცდელობაში ბრალდებით დაკავებულთა შორის მაღალი თანამდებობის პირები არიან, მათ შორის, გენერლები და მოსამართლეც კი. ერდოღანის ხელისუფლება არც საერთაშორისო არენაზე დამკვიდრებული იმიჯის შელახვას მოერიდა და გიულენთან თუ სხვა ოპოზიციურ ძალებთან კავშირის ბრალდებით რამდენიმე თურქი და უცხოელი ჟურნალისტი დააპატიმრა. დაკავებულთა შორის არის სოციალური ქსელის 1 734 მომხმარებელიც, რომლებსაც ტერორიზმის პროპაგანდაში ედებათ ბრალი. 10 000 ადამიანი კი, გიულენთან კავშირის ბრალდებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. აქციის ორგანიზებასა და სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ოფიციალურმა თურქეთმა მთავარ ორგანიზატორად თვითონ გიულენი აღიარა, რომელიც აშშ-ში, პენსილვანიაში ცხოვრობს და მსოფლიო მასშტაბით ათეულობით საგანმანათლებლო ობიექტის მფლობელია. თურქეთმა აშშ-ის პრეზიდენტს გიულენის დაკავება და თურქული მხარისთვის გადაცემა მოსთხოვა.

პარალელურად, დაიწყო დევნა ყველა იმ პირისა, რომელთა მიმართაც ხელისუფლებას გიულენთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირის ეჭვი გაუჩნდა. მათ შორის აღმოჩნდა მუსტაფა ემრე ჩაბუქი.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩაბუქს თურქული მხარე ტერორისტული ორგანიზაციისთვის ხელშეწყობას ედავება. ბრალდების მტკიცებით, დანაშაული 2017 წლის თებერვალში საქართველოში მოხდა. ფაქტ-მეტრთან კომენტარისას ბრალდებულის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია, რომელთან კავშირიც მუსტაფა ჩაბუქს ტერორიზმისთვის ხელშეწყობად ჩაუთვალეს, აშშ-შია რეგისტრირებული. მისივე თქმით, კოლეჯის მფლობელებმა, რომლებიც გერმანიის მოქალაქეები არიან, ბრალდებულს მისცეს მინდობილობა, რათა მათი ქონება ამერიკული კომპანიისთვის გადაერეგისტრირებინა. ადვოკატს მიაჩნია, რომ ამ ქმედების დანაშაულად ჩათვლა ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებაა, თუმცა ის პოლიტიკური განცხადებებისგან თავს იკავებს.

მუსტაფა ჩაბუქის დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. მიზეზად მოსწავლეების ჩარიცხვასთან დაკავშირებით არსებული დარღვევები დასახელდა. თუმცა, მანამდე თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა მშობლებს მოუწოდა,

შვილები შაჰინის სკოლა-ლიცეუმისთვის მოერიდებინათ, რადგან იქ ბავშვებს ტერორისტული იდეოლოგიით ზრდიდნენ.

მუსტაფა ჩაბუქი ყველაზე სუსტი რგოლი აღმოჩნდა, რომელმაც მხოლოდ ის „დააშავა“ რომ ამერიკულ კომპანია „Metropolitan Education and Consulting Service”-სა და გერმანიის მოქალაქეებს შორის შუამავალი იყო. აღნიშნული კომპანია კი, როგორც ადვოკატმა გვითხრა, ტერორისტულ ორგანიზაციად არსად არ სახელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ში მის მიმართ შესაბამისი ქმედებები განხორციელდებოდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურ თურქეთს ანგარიში გაუწია და მუსტაფა ჩაბუქი დააპატიმრა. აღსანიშნავია, რომ მის დაპატიმრებამდე ორი დღით ადრე, 22 მაისს, საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ჩამოფრინდა, მეორე დღეს კი ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. ხელისუფლება აცხადებდა, რომ ამ ვიზიტის მიზანი სტრატეგიული საბჭოს სხდომაში თურქი მაღალჩინოსნის მონაწილეობა იყო. მუსტაფა ჩაბუქის დაპატიმრების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრისას იმ თურქი მოქალაქეების შესახებაც ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ და შესაძლოა, ფეთჰულა გიულენთან რაიმე კავშირი ჰქონდეთ. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ აღნიშნულ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოში, თურქული მხარის მოთხოვნით, ქართველმა სამართალდამცავებმა, ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერის ბრალდებით, თურქი ბიზნესმენი სინან სარაჩი დააკავეს.

მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ამ დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

როგორ განვითარდება მოვლენები? აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ განხორციელებულმა ქმედებებმა მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აღაშფოთა. ჩაბუქის ამბის პოლიტიკური სარჩული იმდენად გამოკვეთილია, რომ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმურჩუ კომენტარს თავს არიდებს. მისი თქმით,

ეს საქმე სამართალდამცველებისა და სასამართლოს პრეროგატივაა. არც ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული აკეთებს კომენტარს. განახორციელებს თუ არა ქართული მხარე ჩაბუქის ექსტრადიციას მისი სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, ეს ჯერ უცნობია. ეს საკითხი იუსტიციის მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს. მანამდე, როგორც ფაქტ-მეტრს ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ განუცხადა, მათ მიმართეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების გზით. ადვოკატის განცხადებით, ანკეტირება უკვე ჩატარდა, დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. თუ სამინისტრო ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ექსტრადიციის პროცესი შეწყდება.

იმედია, ასეც მოხდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამაში საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დიდი როლი ითამაშა. თუმცა, საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და არა მხოლოდ ერთი. უპირველეს ყოვლისა, საფრთხე ემუქრება მუსტაფა ემრე ჩაბუქს, თუ მას თურქულ მხარეს გადასცემენ, რადგან ამ შემთხვევაში გამორიცხული არაა, მისი სიცოცხლე ხელყონ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის იდეას დიდი რაოდენობით მომხრე გამოუჩნდა. გარდა ამისა, საფრთხე ემუქრება ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ ღირებულებებს და ამ შემთხვევაში, ჩვენი იმიჯი საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნად დაზარალდება. ის, რომ აფგან მუხთარლი „თბილისში გაქრა და აზერბაიჯანში გაჩნდა“, საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისედაც დიდ კითხვის ნიშანს სვამს. უცხოელმა პოლიტიკოსებმა თურქეთში პოლიტიკური მოტივით დაწყებული გამოძიებების შესახებ ექსტრადირების მოთხოვნა არაერთხელ დაგმეს. საკუთარი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ საქართველოს მთავრობას ოფიციალურად მიმართეს

და მოუწოდეს, არ დაუშვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქული მხარისთვის გადაცემა.

ფაქტ-მეტრი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ყველა იმ საფრთხეს, რომლებიც ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა მუსტაფა ემრე ჩაბუქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქროს, ასევე ეცდება, მეტი ზიანი არ მიაყენოს აფგან მუხთარლის საქმის გამო შელახულ იმიჯს და, ამჯერად მაინც, გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი