გორში ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ერთ-ერთ მაგალითად მან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაზიფიცირების პროექტი დაასახელა. "საოკუპაციო ზოლთან არსებულ ყველა სოფელში, ასეთია 56 სოფელი, უკვე დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები", - განაცხადა

კვირიკაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით,

შიდა ქართლის მასშტაბით, გაზიფიცრება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე 56 სოფელში (გორის - 33, ქარელის - 10, კასპის - 10, ხოლო ხაშურის - 3 სოფელი) განხორციელდა, რის შედეგადაც ბუნებრივი აირი 13 ათასამდე აბონენტს მიეწოდა. ეს საკითხი დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე გადაწყდა. პროექტის განხორციელება 2014 წელს დაიწყო და სამუშაოები "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" შეასრულა. "სოკარ ჯორჯია გაზმა" კი, თავის მხრივ, აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები განახორციელა. სახლებში გაზის შეყვანა და ერთი წერტილის მიერთება უფასოდ განხორციელდა. შიდა ქართლის გარდა, გაზიფიცირების პროგრამა ზუგდიდის ორ სოფელშიც განხორციელდა, მთლიანად კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამისთვის 19 მილიონი ლარი გამოიყო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების სამთავრობო კომისია შიდა ქართლის მასშტაბით სწორედ 56 სოფელზე მუშაობდა. ფაქტ-მეტრმა ამ სოფლების სია და გაზიფიცირების პროექტის მიხედვით სოფლების ჩამონათვალი შეადარა და აღმოჩნდა, რომ ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება თავიდანვე გათვალისწინებული არ ყოფილა (მაგალითად, ასეთი სოფლებია: დვანი, თამარაშენი, ღოღეთი, ტახტიძირი, ბრეძა, საციხური, დირბი), თუმცა, "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, დარჩენილი სოფლებიც უკვე გაზიფიცირებულია და გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია.

  დასკვნა

შიდა ქართლის მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში გაზიფიცირების პროგრამა მართლაც "ქართული ოცნების" ხელსუფლებაში ყოფნის დროს განხორციელდა. ენერგეტიკის სამინისტროსა და "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, 56-ივე სოფელი, რომელსაც აქვს კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიის სტატუსი, უკვე გაზიფიცირებულია და ამჟამად ქსელზე მიერთების სამუშოები მიმდინარეობს  (გამონაკლისია კასპის რაიონის სოფელი ბოჟამი, სადაც ბუნებრივი აირი მხოლოდ რამდენიმე ოჯახს მიეწოდება, რადგან ამ სოფელში გაზგამანაწილებელი ქსელი არ არის).

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი