ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ქეთევან ციხელაშვილის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე:

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების პროცესი 2014 წელს დაიწყო და უკვე დასრულებულია. სულ 13 913 აბონენტია გაზიფიცირებული. გარდა ამისა, 45 სოფლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაც მოხდა. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში (35 სოფელი) რეაბილიტირებულია სასმელი და საირიგაციო სისტემა. ასევე, ამ სოფლების მოსახლეობას, ზამთარში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად, 200 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ. სახელმწიფო აფინანსებს აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა სწავლის გადასახადს  და დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

  ანალიზი

პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, გამყოფი ხაზის მიმდებარე  სოფლების ინფრასტრუქტურაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „აბსოლუტურად ყველა სოფლის (გამყოფი ხაზის გასწვრივ) გაზიფიცირება დასრულდა და ჩვენ 14 000 აბონენტზე ვსაუბრობთ. ასევე, თითქმის დასრულებულია ელექტროფიკაცია. აბსოლუტურად ყველა სტუდენტი ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან ვინც ამ სოფლებში ცხოვრობს და არის იმ ოჯახებიდან. დაფინანსებული სტუდენტების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება და წელს უკვე 1 200 სტუდენტია დაფინანსებული. მოწესრიგდა და გრძელდება სასმელი და საირიგაციო წყლის სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, ყოველი ზამთრის განმავლობაში, ჩვენ ყველა ოჯახს ვეხმარებოდით გამოზამთრებისთვის  შეშის ვაუჩერით და ფულადი ვაუჩერით“.

2010 წელს  პრეზიდენტის (მიხეილ სააკშვილის) განკარგულებით მიღებულ დოკუმენტში „სახელმწიფო სტრატეგია

ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ“, ტერმინი „გამყოფი ხაზი“ შემდეგნაირად არის განმარტებული: „ოკუპანტი ძალის მიერ შექმნილი საოკუპაციო ხაზები, რომლითაც ოკუპირებული ტერიტორიები გამოყოფილია საქართველოს დანარჩენი ნაწილიდან“.

ოკუპირებული ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი სულ 62-ია. ეს ის სოფლებია, სადაც ხელოვნური ბარიერებია (მავთულხლართები) აღმართული და შეზღუდულია წვდომა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან და სხვა იმ რესურსებთან, რომლითაც მოსახლეობა ადრე სარგებლობდა.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). დღევანდელი მდგომარეობით, ოფიციალური სტატისტიკის

თანახმად, გამყოფი ხაზის მიმდებარე 62-ვე სოფელში გაზიფიცირების პროცესი დასრულებულია და სულ 13 913 აბონენტია გაზიფიცირებული. რაც შეეხება აღნიშნული სოფლების ელექტროფიკაციას, ჯამში სულ 45 სოფელია ელექტროფიცირებული.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსება სახელმწიფომ 2014 წლიდან დაიწყო. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით,

სწავლა აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ  პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ.

სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს დაზარალებული სტუდენტის ჩარიცხვის შესაბამის წელს განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა.

ცხრილი 1: 2013-2018

წლებში გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა

სასწავლო წელი 2013-2014 2014-2015 2015-2016 2016-2017 2017-2018 სულ
სტუდენტი 433 552 751 906 1 168 3 810
წყარო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

როგორც ცხრილიდან ჩანს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა დაფინანსება მზარდი ტენდენციით ხასიათდება და მიმდინარე სასწავლო წელს ყველაზე მეტი - 1 168 სტუდენტი დაფინანსდა.

რაც შეეხება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის  და საირიგაციო სისტემის მოწესრიგებას, აღნიშნულ საკითხებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხ. სტატია 1; სტატია 2).

დღეისთვის სასმელი წყლის სისტემა გამყოფი ხაზის 35 სოფელშია მოწესრიგებული.  საირიგაციო სიტემის (სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სიტემის) რეაბილიტაციის შედეგად კი, გამყოფი ხაზის მიმდებარე 39 სოფლის სარწყავი სისტემა (20 000 ჰექტარი მიწის)  გაუმჯობესდა, რომლითაც 18 000 ოჯახი სარგებლობს.

ქეთევან ციხელაშვილი განცხადებაში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის გათბობის ვაუჩერით უზრუნველყოფაზეც საუბრობს.

სახელმწიფო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში  მცხოვრებ ოჯახებს, ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით,  ყოველწლიურად 200 ლარიან დახმარებას გადასცემს.

ოჯახებს, რომლებიც ბუნებრივი აირის აბონენტებად არიან დარეგისტრირებულნი, წლის განმავლობაში 200 ლარიანი გაზის ვაუჩერი ერიცხებათ, შეშის მომხმარებელ ოჯახებს კი იგივე ღირებულების საშეშე მასალა გადაეცემათ.

ცხრილი 2: 2013-2018

წლებში ზამთრის პერიოდში დახმარების მიმღებ ოჯახთა რაოდენობა

წელი 2013-2014 2014-2015 2015-2016 2016-2017 2017-2018
ოჯახი 11 440 11 677 12 261 11 894 12 178

2015-2017 წლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის მიზნით, სატყეო უბნებიდან  42 565 მ3 მერქნული რესურსი იქნა გამოყოფილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი