თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თბილისის მერიის გარშემო შექმნილი სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

მისი განმარტებით, გავრცელებული ხმები მისი სამსახურებრივი ავტომობილის 100 ათას ლარიანი ღირებულების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. "ბოლო დროს ჩვენმა ოპონენტებმა საინფორმაციო სივრცე დეზინფორმაციით გააჯერეს. რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ალექსანდრე მარგიშვილზე ამბობდნენ, თითქოს კორუფციის ელემენტები მასთან მიდის. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, მას არანაირი კავშირი არ აქვს კორუფციასთან. ასევე ამბობენ,  ქალაქის მერი 100 ათასიანი მანქანით დადისო, თითქოს მერიიდან ვერ შეიძინაო, მაგრამ დაცვის სამსახურს შეაძენინა 100 ათასიანი მანქანაო. მე 2009 წელს გამოშვებული მანქანით დავდივარ, რომელიც მართლა დაცვის სამსახურს ეკუთვნოდა, მაგრამ თავის დროზე ეს მანქანა სანდრა რულოვსის მშობლებს უყიდეს სხვათა შორის" - განაცხადა თბილისის მერმა.

იმის გასარკვევად, თუ ვის სარგებლობაში იყო დავით ნარმანიას სამსახურებრივი ავტომობილი გასულ წლებში, ჩვენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და თბილისის მერიას შემდეგი შეკითხვებით მივმართეთ (კითხვა N1კითხვა N2). სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის

 თანახმად, 2013 წლის ბოლოდან დავით ნარმანიას გადაადგილების უზრუნველსაყოფად 2011 წელს გამოშვებული და იმავე წლის ივნისის თვეში შეძენილი (99 572 ათასი ლარის ღირებულების) "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" ემსახურება. აღნიშნული ავტომობილი 2011 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე ირიცხებოდა და მას პრეზიდენტის დაცვის სამსახური იყენებდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, არ დასტურდება, რომ ავტომობილი პირადად სანდრა რულოვსის მშობლებისთვის შეიძინეს.

ამ საკითხის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ჩვენ დავით ნარმანიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით. მათი განცხადებით, "სანდრა რულოვსის მშობლები აღნიშნული ავტომობილით მხოლოდ საქართველოში ყოფნის პერიოდში სარგებლობდნენ".

ქალაქ თბილისის მერიდან მიღებული ინფორმაციის

 თანახმად, დავით ნარმანია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით - "კია კადენზა"-თიც სარგებლობდა (სახ. ნომერი - NXN 171, გამოშვების წელი 2011, საბალანსო ღირებულება 54 250 ლარი). თუმცა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ავტომობილი მწყობრიდანაა გამოსული და თბილისის მერი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გადაცემული "ტოიოტა ლენდ კრუიზერით" გადაადგილდება.

ავტომანქანა "კია კადენზათი" მანამდე ქალაქ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, სევდია უგრეხელიძე და ქალაქ თბილისის მერი, გიგი უგულავა სარგებლობდნენ. ამასთან, ქალაქ თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სხვადასხვა დროს სარგებლობდა ავტომანქანებით: "აუდი A8" (გამოშვების წელი 2006, საბალანსო ღირებულებით 152 884.11 ლარი) და "ტოიოტა პრადო" (გამოშვების წელი 2008, საბალანსო ღირებულება 69 802 ლარი).

დასკვნა

თბილისის მერს, დავით ნარმანიას, მერობის პერიოდში ახალი სამსახურებრივი ავტომობილი არ შეუძენია. მის სარგებლობაში მყოფი "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" მართლაც ირიცხებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშზე, თუმცა ამ სამსახურის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ წერილში არ დასტურდება, რომ აღნიშნული ავტომობილი სანდრა რულოვსის მშობლებისთვის შეიძინეს. თბილისის მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შესაძლოა სანდრა რულოვსის მშობლები თბილისის მერის დაცვის სამსახურის ავტომობილით საქართველოში ყოფნის პერიოდში გადაადგილდებოდნენ, თუმცა არც ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი მოეპოვებათ.

შესაბამისად, თბილისის მერი მართალია, როცა აცხადებს, რომ მას ახალი მანქანა არ შეუძენია, თუმცა არ დასტურდება მისი განცხადების მეორე ნაწილი. ამასთან, გაუგებარია, თუ რატომ გაუსვა ხაზი დავით ნარმანიამ იმას, რომ აღნიშნული მანქანა სანდრა რულოვსის მშობლებს შეუძინეს, როცა ამ ფაქტის მოხსენიება მისთვის დასმული კითხვის პასუხად და ზოგადად, ამ დისკუსიაში არაფრის მომცემი იყო.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ნარმანიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი