2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევს. მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, პარტიის რიგებიდან კანდიდატი არ დაუსახელებია, მაგრამ ის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები. ისევე როგორც სრულიად საქართველოს მასშტაბით, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც, სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიისას თან ახლდნენ მუნიციპალიტეტების მერები და მერიის სხვა თანამშრომლები.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის (მუხ. 15) თანახმად, სამუშაო საათებში საჯარო მოხელე ვალდებულია თავი შეიკავოს პოლიტიკური აქტივობისაგან, საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსით (მუხ. 45), მოხელეს სამუშაო საათებში და მის მიერ სამსახურეობრივი ფუნქციების განხორციელებისას, აკრძალული აქვს საარჩევნო აგიტაცია. თუმცა, სხვა შემთხვევებში საჯარო მოხელის მიერ პოლიტიკური აქტივობა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება დასაშვებია. ამდენად, არსებობს პრაქტიკა, რომ საჯარო მოხელეები წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებებს იღებენ, რათა კანონი არ დაარღვიონ და საარჩევნო კამპანიაში მთავრობის სასურველ კანდიდატს თან ახლდნენ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზეა გამოკვეთილი. მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას, როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალური ორგანოების მოხელეების მმართველი პარტიის მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატის აგიტაციაში აქტიურ მონაწილეობაზე საუბრობენ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, რამდენმა საჯარო მოხელემ ისარგებლა სამსახურეობრივი შვებულებით.

საჯარო მოხელეს უფლება აქვს წელიწადში 24 სამუშაო დღიანი შვებულებით ისარგებლოს. ასევე, მას აქვს უფლება შვებულება გადაანაწილოს და კალენდარული წლის ნებისმიერ დროს გამოიყენოს.თუმცა, შვებულების უფლებით სარგებლობისას მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის ინტერესების გათვალისწინება, რადგან საჯარო დაწესებულებაში მოხელეთა შვებულებით სარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს შესაბამისი სამსახურის ფუნქციონირების შეფერხება. შვებულებით სარგებლობის განაწილებაიმგვარად უნდა მოხდეს, რომ ერთდროულად იმ რაოდენობამ არ ისარგებლოს, რაც საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს შეუშლის.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს სალომე ზურაბიშვილი შემდეგ თარიღებში სტუმრობდა: აბაშა - 19 ოქტომბერი; ზუგდიდი - 22 ოქტომბერი; ფოთი - 19 ოქტომბერი; მესტია - 18 ოქტომბერი; სენაკი - 19 ოქტომბერი. ასევე, 30 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ჩხოროწყუს, წალენჯიხას და მარტვილსაც სტუმრობდა. ყველა ვიზიტისას ზურაბიშვილს თან შესაბამისი ქალაქის მერები ან მერიის თანამშრომლები ახლდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტის მერიაში საშტატო ნუსხით ჯამში 1 237 ერთეული თანამდებობაა. მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე პერიოდში შვებულების უფლებით 268 საჯარო მოხელემ ისარგებლა, რაც მთლიანი რაოდენობის 21.7%-ია. ესე იგი, საჯარო დაწესებულებაში მომუშავეთა 1/5-ზე მეტმა 17 დღიან (კალენდარული) პერიოდში შვებულებით ისარგებლა. მათ შორის, შვებულების გამოყენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ზუგდიდის მერიაშია, სადაც საშტატო ერთეული 322-ია, ხოლო ხსენებულ პერიოდში კუთვნილი შვებულება 41.6%-მა, 134 მოხელემ გამოიყენა. ასევე, ქ. ფოთის და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიებში საშტატო ერთეულის 21.7% და 21.4% -მა გამოიყენა შვებულების უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ შვებულების გამოყენების პერიოდი ემთხვევა საარჩევნო კამპანიის ყველაზე აქტიურ პერიოდს და არ ემთხვევა მაგალითად ზაფხულს, როცა საკურორტო სეზონის პიკია.

გრაფიკი 1: მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა და შვებულებით სარგებოლობის რაოდენობა 1-ლი ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით

ttttttttttttttt

წყარო: მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 13-დღიან (სამუშაო დღე) შუალედში ზუგდიდის მერიაში დასაქმებულთა თითქმის ნახევარმა შვებულებით ისარგებლა. შესაბამისად, აღნიშნულს მერიის ნორმალური ფუნქციონირება სავარაუდოდ უნდა შეეფერხებინა, ხოლო თუ ასეთმა გარემოებამ დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუგდიდის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ადამიანურ რესურსებს. გარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა, იგივე შეიძლება ითქვას ქალაქ ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტების შემთხვევაშიც.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი