საკონსტიტუციო სასამართლო:
უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ზოგიერთი ჯგუფი სასამართლოზე ზეწოლას ახდენს
დავით უსუფაშვილი:
მოსამართლეთა სახლის წინ გამართულ აქციებში სერიოზულ პრობლემებს ვერ ვხედავ. მინდა მოსამართლეებს ვთხოვო, რომ პატივი სცენ ადამიანების უფლებას საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე
1608 ნახვა
A+
A
A-

2015 წლის 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, “საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პირები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და სხვა მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან შეიკრიბნენ. მათ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს, ამასთან, თავმჯდომარის სახლს პომიდვრები და კვერცხები დაუშინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი პაპუაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და სამართალდამცავ ორგანოებს დროული და ადექვატური რეაგირებისკენ მოუწოდა.

ამ თემაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა: “მე აქ [საპროტესტო აქციები მოსამართლეების სახლთან] რაიმე სერიოზულ პრობლემებს ვერ ვხედავ. მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებსაც, ვთხოვო, რომ პატივი სცენ ადამიანების უფლებას საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე და თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ. მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი სცენ სასამართლოების დამოუკიდებლობას. ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას. მოქალაქეს ვერავინ წაართმევს იმის უფლებას, რომ მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში გამოთქვას თავისი აზრი. შევეგუოთ იმას, რომ ხშირად ჩვენი გადაწყვეტილებები არ იქნება ყველასთვის მოსაწონი და იქნება კრიტიკა”. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ასევე განაცხადა, რომ “მოსამართლეები დაცულები უნდა იყვნენ, მაგრამ ყველას აქვს შეკრებისა და გამოხატვის უფლება”.

უსუფაშვილის განცხადებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც გამოეხმაურა. სასამართლომ წერილში ხაზი გაუსვა, რომ მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია, ხოლო მოსამართლის მიმართ მუქარა კი სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მოსამართლეებსა და მათ ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლებად და წახალისებად შეიძლება აღქმულიყო. “… პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოსამართლის სახლთან შეკრებილი პირების მხრიდან მუქარის, ძალადობისკენ მოწოდებისა და სახლის ფანჯრებში სხვადასხვა საგნების სროლის გამოხატვის თავისუფლებად შეფასება გარკვეულ კითხვებს აჩენს” – ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებებით დაინტერესდა და საკითხში გარკვევა სცადა.

დემოკრატიულ სახელმწიფოში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უმნიშვნელოვანესია. ის მჭიდროდაა დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლებასთან. ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და საკუთარი აზრის გამოხატვის, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების გაკრიტიკების უფლება. ამასთან, აღნიშნული უფლებების რეალიზაცია კანონით დადგენილ ფარგლებში უნდა მოხდეს. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, “ამ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს, თუკი აუცილებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში სასამართლოსა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად”.

მართალია, მოსამართლეებს კრიტიკის თმენის ვალდებულება აქვთ, თუმცა გააჩნია, თუ სად და რა ფორმით ხდება საწინააღმდეგო აზრის გამოხატვა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოსამართლის საცხოვრებელ ადგილსა და საერთო სასამართლოში (უშუალოდ შენობაში) შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას წარმოადგენს და 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო შენობაში იკრძალება არა მხოლოდ მოსამართლის საწინააღმდეგო, არამედ მისი მხარდამჭერი აქციების მოწყობაც – მიიჩნევა, რომ ეს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე პირდაპირ აისახება.

გიორგი პაპუაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მუქარის შემცველ განცხადებებს ჰქონდა ადგილი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დასჯადი ქმედებაა. კონსტიტუციის 87-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფომ მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თუ სხვა მოსამართლეების სახლებთან გამართულ მანიფესტაციებთან, ასევე თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს დაუყოვნებლივ უნდა მოეხდინა რეაგირება, რასაც ადგილი არ ჰქონია.

დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას გამოეხმაურა. მან უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისი განცხადება მოქალაქეების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის წახალისებად შეიძლება ყოფილიყო აღქმული და დააზუსტა, რომ მის თავდაპირველ განცხადებაში საუბარი გამოხატვის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემის და მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩაურევლობის ფუნდამენტური პრინციპების დაბალანსებულ დაცვაზე იყო. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ არც ამჯერად განმარტა, თუ რამდენად ჯდებოდა მოსამართლეების სახლებთან აქციები და პროტესტი “კანონის ფარგლებში”.

დავით უსუფაშვილმა და თეა წულუკიანმა კონკრეტულ შემთხვევაში [საპროტესტო აქციები მოსამართლეების სახლებთან] გამოხატვის თავისუფლებას მიანიჭეს უპირატესობა. ამას თან ერთვის სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა, კერძოდ მყისიერი რეაგირების განუხორციელებლობა, რამაც აქციათა მასშტაბურობა და ხანგრძლივობა გამოიწვია. მანიფესტაციის მონაწილე პირების წინააღმდეგ კანონით დადგენილი სანქციები არ გამოუყენებიათ.

საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეთა წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების პარალელურად, საპროტესტო აქცია ასევე გაიმართა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც. ამ შემთხვევაში სამართალდამცავების მობილიზება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ორი პირის დაკავება დროულად განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთანაც დააკავა ერთი პირი პომიდვრებისა და კვერცხების სროლისთვის, თუმცა მათი მხრიდან სხვა სახის რეაგირებას ადგილი არ ჰქონია. პოლიტიკოსების მოსაზრებით, სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება აჩენს ეჭვს ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობის შესახებ და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების განხორციელებას. ხელისუფლების მხრიდან შერჩევითი მიდგომების შესახებ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს არასამათავრობო ორგანიზაციებმაც.

შექმნილ ვითარებაზე განცხადება გააკეთა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ, რომელმაც სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეგავლენის აღმოფხვრისკენ მოუწოდა.

 

დასკვნა

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიულ სახელმწიფოში უმნიშვნელოვანესი, თუმცა არა აბსოლუტური უფლებაა. ამასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონმდებლობა მოსამართლეებთან მიმართებით უფრო მეტად ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვიდრე სხვა შემთხვევაში. კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას როგორც მხარდამჭერი, ისე მოსამართლის საწინააღმდეგო მანიფესტაციის გამართვა. სახელმწიფო ვალდებულია მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყოს და სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით მყისიერად იმოქმედოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შემთხვევაში სახელმწიფომ აღნიშნული ვალდებულა არ შეასრულა.

გააზიარეთ: