ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების კრიტიკის და შესაძლო ზეწოლის ობიექტი არაერთხელ გახდა. ხელისუფლების უკმაყოფილებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლოს ქმედებები და გადაწყვეტილებები იწვევს. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უკმაყოფილება 2015 წლის სექტემბერში, გიგი უგულავას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ სასამართლოს თითქმის ყველა ქმედებას თან სდევს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება კი „რუსთავი 2“-ის საქმეების განხილვას მოჰყვა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსამართლეთა ნაწილი მიკერძოებაში, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებაში ღიად არაერთხელ დაადანაშაულეს. სასამართლოს თავმჯდომარე კი ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ზეწოლის ფაქტებზე გიორგი პაპუაშვილი ადრეც საუბრობდა, თუმცა მის განცხადებებს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. გამოხმაურება მხოლოდ მის 21 ივლისს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რის შედეგადაც მოსამართლეები პროკურატურაში დაიბარეს და სათითაოდ დაკითხეს.

პროკურატურის შუალედური დასკვნის თანახმად, გამოკითხულ მოსამართლეთაგან მათზე ზეწოლის ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევის ფაქტი არც ერთმა არ დაადასტურა.

გამოძიების პარალელურად, გარკვეული სახის დაპირისპირებამ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შორისაც იჩინა თავი. ხუთმა მოსამართლემ (ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა და მერაბ ტურავა) გიორგი პაპუაშვილს განცხადებით მიმართა. მათ თავმჯდომარე პოლიტიკური კონტექსტის შემცველი საქმეების ფორსირებული წესით განხილვაში დაადანაშაულეს და გამოძიების დასრულებამდე აღნიშნული საქმეების განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე მაია კოპალეიშვილის განცხადებით, მისთვის „ერთობლივ განცხადებაში“ მონაწილეობა არავის შეუთავაზებია. განცხადების შესახებ არც დანარჩენ მოსამართლეებს ჰქონდათ ინფორმაცია. ამასთანავე, მაია კოპალეიშვილის აზრით, პროკურატურის მიერ საქმის გამოძიებამდე საქმეების განხილვის შეჩერების მოთხოვნა, რაც შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს, საფუძველს მოკლებულია.

საქმეების განხილვის შეჩერების შესახებ მოსაზრება არც გიორგი პაპუაშვილმა გაიზიარა, თუმცა 2016 წლის 2 აგვისტოს გიორგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის არსებითი განხილვა, კვორუმის არარსებობის გამო, მაინც ვერ შედგა. სხდომას, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის გამო, სწორედ ის მოსამართლეები არ ესწრებოდნენ, რომელთაც საქმეთა განხილვის შეჩერება მოითხოვეს.

ამჟამად პლენუმი მუშაობას სრული შემადგენლობით განაგრძობს და საქმეთა გადადების სხვა ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, უგულავასა და „კაბელების საქმეზე“ არსებითი განხილვა როდის განახლდება.

შექმნილმა ვითარებამ საზოგადოებაში საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლო პარალიზების შესახებ ეჭვები გააჩინა, რასაც მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მისი განცხადებით, სასამართლო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, მოსამართლეთა მხრიდან გარკვეულ საკითხებთან მიმართებით კითხვების დასმა კი მან მუშა პროცესად შეაფასა.

„ფაქტ-მეტრმა“ სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და მოსამართლეთა შორის გარკვეული დაპირისპირების შესაძლო შედეგების შეფასება კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილს სთხოვა.

„სამწუხარო მდგომარეობა შეიქმნა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტის, დისკრედიტაცია და საზოგადოებრივი ნდობისა და ლეგიტიმაციის ეროზია მოხდა. ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ სასამართლო შიგნიდან მოიშალა მისივე მოსამართლეების უმრავლესობის ხელით.

ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები ამ კოლაფსის ცხადი სიმპტომებია – როდესაც მოსამართლე საზოგადოებას არა საკუთარი დასაბუთებული გადაწყვეტილებით, არამედ ტაბლოიდური პრესისთვის მიცემული „სკანდალური“ ინტერვიუებით ესაუბრება. აქ სასამართლოზე, როგორც ინსტიტუტზე, უკვე რთულია საუბარი.

იმდენად დიდია ამ კოლაფსით გამოწვეული ზიანი, რომ სასამართლოსთვის იმ ინსტიტუციური სტატუსისა და ლეგიტიმაციის დაბრუნებას, რომელიც მას 2016 წლის ივნისამდე ჰქონდა, წლები და ათწლეულები შეიძლება დასჭირდეს“, – განაცხადა ზედელაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი უფრო „ოპტიმისტურად“ არის განწყობილი და საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან „გამოსავალს“ იმ ოთხი მოსამართლის (პაპუაშვილი, ვარძელაშვილი, ერემაძე, კოპალეიშვილი) შეცვლაში ხედავს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურებათ.

„ფაქტ-მეტრი“ კვლავაც აქტიურად განაგრძობს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მომავალშიც შესთავაზებს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი