2017

წლის 21 თებერვალს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში", ბოლო 4 თვის განმავლობაში პარლამენტთან ურთიერთობის დინამიკაზე ისაუბრა და ხელისუფლებას მეტი დიალოგისკენ მოუწოდა. "მარტივად გეტყვით, დაიწყო ჩემი შეთავაზებით საკონსტიტუციო კომისიის ფორმირებასთან დაკავშირებით - უარი. ჩემი მცდელობით, რომ ვისაუბროთ უფრო ჩართულად - უარი. ვეტოს დადებამდე დისკუსიაზე - უარი. ვეტოს დადების შემდეგ დისკუსიაზე უარი. მოსმენების კანონზე დისკუსიის გამართვაზე - უარი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

  საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის 18 ნოემბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, პრეზიდენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა. მან პარლამენტს შესთავაზა, რომ მაღალი პოლიტიკური ჩართულობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად, კონსტიტუციის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილიყო. ამ ინიციატივას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უარყოფითად უპასუხა და განმარტა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ადგილი პარლამენტია, რომელსაც გააჩნია საკანონმდებლო და, მათ შორის, საკონსტიტუციო ინიციატივის უფლება. პრეზიდენტის ინიციატივა საინტერესო არ აღმოჩნდა არც პარლამენტის თავმჯდომარისთვის. ირაკლი კობახიძიემ განაცხადა, რომ იურიდიული და პრაქტიკული თვალსაზრისით, მიზანშეწონილი იქნებოდა, თუკი კომისიას ერთი თავმჯდომარე ეყოლებოდა. ამ მოტივებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ინიციატივაზე უარი განაცხადა და საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის 15 დეკემბერს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შეიქმნა. პარლამენტის დადგენილებით, კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლებიც მიიწვიეს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მდივანი ანა დოლიძე. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. „წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, საკითხთა განხილვის დემოკრატიულობას და არ არის ორიენტირებული ფართო კონსესუსის მიღწევაზე. უფრო მეტიც, აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნული და ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე“, - განაცხადა

გიორგი აბაშიშვილმა. ამდენად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში თავადაც არ დათანხმდა შეთავაზებულ საკონსულტაციო ფორმატს.

  "საერთო სასამართლოების შესახებ" ცვლილებათა პაკეტი 2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღის სახელითაა ცნობილი. 24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ „ეს კანონთა პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს“. პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მომზადებული მოტივირებული შენიშვნები

პარლამენტს გაუგზავნა. პრეზიდენტის შენიშვნები ძირითადად სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და გამოსაცდელი ვადის გაუქმებას ეხებოდა.

შენიშვნების გაგზავნის შემდეგ, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღისა და ვეტოს მოტივირებული შენიშვნების განსახილველად, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე მიიწვია პარლამენტის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელები და არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრა შედგა, თუმცა, მას არ დაესწრნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ გამართული შეხვედრა PR კამპანიას შეადარა და განაცხადა,

 რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მხოლოდ რეფორმის შეფერხებას იწვევს - „ასეთი ფორმატი სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს - პრეზიდენტი კონსულტაციებზე (ვეტოს დაძლევის, თუ არ დაძლევის თემაზე) იბარებს უმრავლესობის წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს. ეს გარკვეულწილად ჰგავს პიარის და რაღაც პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას. ვინმეს, საზოგადოების რომელიმე წევრს საქართველოში, წარმოუდგენია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ უნდა დავმჯდარიყავით და სერიოზულად გვესაუბრა თემებზე, რომელიც სასამართლო რეფორმას შეეხება? - რა თქმა უნდა, აქედან გამოვიდოდა პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც ხალხს არ აინტერესებს... ეს რეფორმა შეფერხდა პრეზიდენტის ვეტოს გამო, მაგრამ არა უშავს, ამ ვეტოსაც გადავლახავთ”.

საბოლოოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა

საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. 8 თებერვალს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

  ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონი 2016 წლის 14 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ფარული მიყურადების განხორციელების არსებული საკანონმდებლო რეგულაციები და პარლამენტს ახალი კანონპროექტის მომზადება დაევალა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, 2014 წლის 29 ნოემბერს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს ფარული მოსმენების შესახებ ვეტო

დაადო. კანონპროექტი კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს უტოვებდა საკომუნიკაციო საშუალებებთან პირდაპირი მიერთების ბერკეტს.

2017 წელს წარმოდგენილი კანონპროექტი (ფარული მოსმენების შესახებ) საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადდა და ის ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფარული მოსმენების შესახებ ახალი კანონპროექტის შესწავლა დაიწყო, ასევე შეხვედრები გამართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან და არასამთავრობო სექტორთან. ამის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს კონსულტაციები შესთავაზა და მას ოფიციალური წერილით მიმართა. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ამ შემთხვევაშიც უარი თქვა პრეზიდენტთან კონსულტაციებზე და მასთან ე.წ. მოსმენების კანონპროექტის განხილვაზე. ამასთან, კამპანიამ „ეს შენ გეხება“ ფარული მოსმენების ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის უმრავლესობის მიერ მომზადდა, რისკები და ხარვეზები გამოაქვეყნა. პრეზიდენტის შეთავაზების და არასამთავრობო სექტორის შენიშვნების მიუხედავად, 2017 წლის 23 თებერვალს პარლამენტმა ფარული მოსმენების კანონზე ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.   დასკვნა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს კონსულტაციები შესთავაზა საკონსტიტუციო კომისიის ფორმირებასთან დაკავშირებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებათა პაკეტის და ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ. პრეზიდენტის მცდელობებს, საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები გამართულიყო, „ქართულმა ოცნებამ“ უარით უპასუხა.

საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შეიქმნა. შესაბამისად, პრეზიდენტის შეთავაზება გათვალისწინებული არ იქნა. თუმცა, მოგვიანებით, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია დათანხმდა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მონაწილეობაზე და კონსულტაციების შესაძლო შანსი ხელიდან გაუშვა. იყო თუ არა სწორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება, ცალსახად რთული სათქმელია. თუმცა, ფაქტ-მეტრი საკითხზე მუშაობას აგრძელებს და ამ თემაზე საზოგადოებისა თუ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლების მოსაზრებებს მომავალში შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და ვეტო უმრავლესობამ დაძლია, ხოლო ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტი პარლამენტმა პრეზიდენტთან კონსულტაციების გარეშე, პირველი მოსმენით მიიღო.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი