2014

წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს. სხდომაზე სიტყვით უმცირესობის წარმომადგენელი, ხათუნა გოგორიშვილი გამოვიდა. მან ყურადღება თვითმმართველობის არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე განხორციელებულ ზეწოლაზე გაამახვილა. დეპუტატმა განაცხადა: „საკმარისია რომელიმე რაიონში პარტიული კონფერენცია ჩატარდეს და კანდიდატი გამოვლინდეს, რომ მაქსიმუმ ორ დღეში სამართალდამცავი ორგანოები ამ ადამიანებს აპატიმრებენ. ასეთი სიტუაცია იყო ხონში. ზურაბ ჯიბუხაია ნამდვილად იქნებოდა ჩვენი კანდიდატი გამგებლის თანამდებობაზე და თქვენც იცით ხონის მოსახლეობის განწყობა. ამით დაიზღვია თავი ხელისუფლებამ და ჩამოიცილა ჯიბუხაია. მსგავსი სიტუაცია იყო დუშეთში. ოტიაშვილი უნდა ყოფილიყო ჩვენი კანდიდატი. ასეა ზუგდიდში, სადაც გია წურწუმია ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში მოიაზრებოდა კანდიდატად“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

ჩვენ განცხადების ავტორს, დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილს დავუკავშირდით და ფაქტების დაზუსტება ვთხოვეთ. მისი განმარტებით, ხონში, ზუგდიდში და დუშეთში პარტიული კონფერენციების მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. 8 თებერვალს, დუშეთის რაიონში დეპუტატი დავით საყვარელიძე იყო ჩასული, რომელმაც პარტიული კონფერენციის ჩასატარებლად მოსამზადებელი საორგანიზაციო შეხვედრა ჩაატარა. ამ შეხვედრიდან ორ დღეში საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარის მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ოტიაშვილი დააკავეს. ასევე, 6, 7 და 8 თებერვალს ხონში, რაიონული კონფერენციის მოსამზადებლად დეპუტატი აკაკი ბობოხიძე იმყოფებოდა. 2 დღეში ხონის რაიონის მოქმედი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე ბესო ჭელიძე დააკავეს.

ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, ხონის მოქმედ გამგებელს, ზურაბ ჯიბუხაიასა და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზურაბ ოტიაშვილს დაგეგმილ პრაიმერში უნდა მიეღოთ მონაწილეობა და დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ხონის და დუშეთის რაიონებში სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ. აგრეთვე, ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია წურწუმია, ზუგდიდის ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ 18 თებერვალს ისიც დააკავეს.

საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია განცხადება,

სადაც ხონის გამგებლის ზურაბ ჯიბუხაიას და მისი მოადგილის, ბესარიონ ჭელიძის დაპატიმრების საფუძველია აღწერილი. განცხადების მიხედვით, 2014 წლის 10 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 26 ივლისს, სსიპ „ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ ბრძანებით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას უსასყიდლოდ გადაეცა ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს უკანონოდ მოჭრილი და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული 28 884.45 ლარის ღირებულების 213,662 მ3 სამასალე და საშეშე მერქანი. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული მერქანი უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სტიქიის შედეგად დაზარალებულ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ და მრავალშვილიან ოჯახებს. ნაცვლად ამისა, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ჯიბუხაიამ გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძესთან წინასწარი შეთანხმებით, ხე-ტყე შეჭირვებული მოსახლეობის ნაცვლად, ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ხის გადამამუშავებელ საამქროებს გადასცა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-

ე მუხლის მესამე ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მითვისება და გაფლანგვა), 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

10

თებერვალს სამართალდამცველებმა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ ოტიაშვილი დააკავეს. იგი ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (თანამდებობის ბოროტად გამოყენება), 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 180-ე (თაღლითობა) და 340-ე (კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში წაუყენა.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ გიორგი წურწუმიას, იგი 18 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით, ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით არის აღძრული. აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმა მოგვაწოდა.

დასკვნა

როგორც ფაქტ-მეტრთან საუბარში ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, ხონში, ზუგდიდსა და დუშეთში ნაციონალური მოძრაობის პარტიული კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, დაახლოებით ორ დღეში, ხონში, გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე ბესარიონ ჭელიძე (10 თებერვალი), დუშეთში საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი (10 თებერვალი), ზუგდიდში კი - საკრებულოს წევრი გია წურწუმია (18 თებერვალი) დააკავეს. დეპუტატის განცხადებით, მათ პრაიმერში (შიდა პარტიული არჩევნები) უნდა მიეღოთ მონაწილეობა და დიდი ალბათობით, თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უნდა ყოფილიყვნენ.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ რაიონებში პარტიული კონფერენციები არ ჩატარებულა და კანდიდატები არ გამოვლენილა (ხონში პარტიული კონფერენცია 27 თებერვალს ჩატარდა). დაკავებების პერიოდში, მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები იყო ჩატარებული. ასევე არ ჩატარებულა პრაიმერი. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ დასახელებული წევრები არც ოფიციალური კანდიდატები ყოფილან, რაც თავად ქალბატონმა გოგორიშვილმაც დაგვიდასტურა სატელეფონო საუბარში. შესაბამისად, მისი განცხადების ეს ნაწილი, არაზუსტია.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ რაიონებში არჩევნებში მონაწილე კანდიდატები „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა პარტიულ კონფერენციაზე არ გამოუვლენია, ჩვენ ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა ისინი მართლაც მოიზრებოდნენ ოპოზიციური პარტიის საარჩევნო კანდიდატებად. გარდა ამისა, რამდენიმე რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პრაქტიკულად ერთდროული დაკავება, გარკვეული ეჭვის საფუძველსაც იძლევა (ბუნებრივია, ჩვენ ამ დაკავებების სამართლიანობას ამ ეტაპზე ვერ გადავამოწმებთ). ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავება, მათ რაიონში უშუალოდ პარტიის ლიდერების ვიზიტსა და კონფერენციის მოსამზადებელ სამუშაოებს მოჰყვა.

სტატიაში გაანალიზებულ გარემოებებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის განცხადება: „საკმარისია, რომელიმე რაიონში ჩატარდეს პარტიული კონფერენცია და გამოვლინდეს კანდიდატი, რომ მაქსიმუმ ორ დღეში სამართალდამცავი ორგანოები ამ ადამიანებს აპატიმრებენ“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი