საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფრაქციის წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა: „საშინაო ვალი გააორმაგეთ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დააახლოებით მილიარდ ნახევარი აიღო საშინაო ვალი. მიმდინარე წელსაც, ექვსი თვის განმავლობაში, თქვენ 12 მილიონით მეტი საშინაო ვალი აიღეთ ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. სამაგიეროდ, ვერ აითვისეთ თითქმის 200 მილიონი საგარეო ვალი, რომელიც როგორც წესი ინფრასტრუქტურაზე არის მიმართული... ვსაუბრობ საგარეო ვალზეც, რომელიც ჯამში გაორმაგებულია და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 10%-ით არის გაზრდილი და უკვე ჩვენი ეკონომიკის 45% არის ვალი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2012

წლის ბოლოს, საქართველოს საშინაო ვალი 1.89 მილიარდ (მშპ-ის 7.2%), 2017 წლის აგვისტოს ბოლოს კი 3.47 მილიარდ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, სახელმწიფო საშინაო ვალი დაახლოებით 1.58 მილიარდი ლარით გაიზარდა (83.6%-ით). აბსოლუტური მაჩვენებლის პარალელურად, 7.2%-დან 9.4%-მდე გაიზარდა საშინაო ვალის ფარდობა ნომინალურ მშპ-თან.

გრაფიკი 1:

საქართველოს საშინაო ვალი (2010-2017 წლები)

image001 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მიმდინარე წლის საშინაო ფინანსური ვალდებულებების ზრდის ფაქტობრივი მონაცემი, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშგების თანახმად, 264.6 მლნ ლარს შეადგენს, რაც 11.9 მლნ-ით აღემატება გეგმიურ მაჩვენებელს. პარალელურად, საგარეო ფინანსური ვალდებულებების ზრდის ფქტობრივი მაჩვენებლი გეგმიურს 210.4 მლნ ლარით ჩამოუვარდება. ჩამორჩენის მხოლოდ 28.3% მოდის საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების სახით მიუღებელ სახსრებზე, დარჩენილი 71.7%-ს კი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები შეადგენს. თავის მხრივ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ 2017 წლის პირველი 6 თვის მანძილზე ბიუჯეტის ნაშთი 291.6 მლნ ლარით გაიზარდა (ბიუჯეტის ფაქტობრივმა შემოსულობებმა გადააჭარბა ფაქტობრივი გადახდების მოცულობას), შესაბამისად, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების ათვისების აუცილებლობა არ დამდგარა.

გრაფიკი 2:

საგარეო და მთლიანი სახელმწიფო ვალის ცვლილების ტენდენცია (2010-2017 წლები)

image002 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2012

წელს საგარეო სახელმწიფო ვალი 7.22 მლრდ, მთლიანი სახელმწიფო ვალი კი 9.11 მლრდ ლარს შეადგენდა. 2017 წლის მდგომარეობით აღნიშნული მაჩვენებლები შესაბამისად 12 (66.3%-ით) და 15.5 მლრდ (69.9%-ით) ლარამდეა გაზრდილი. თუმცა, ვალის მოცულობის ანალიზისათვის მეტად მიღებულ მაჩვენებელს ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან მისი ფარდობითი სიდიდე წარმოადგენს. 2016 წლის მდგომარეობით, 2012 წელთან მიმართებაში საგარეო სახელმწიფო ვალის და მთლიანი სახელმწიფო ვალის ნომინალურ მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 7.6 და 9.8%-ული პუნქტით არის გაზრდილი და, შესაბამისად, 35.2 და 44.6%-ს შეადგენს.

ამავდროულად, საგარეო ვალის მოცულობის ანალიზისას გასათვალისწინებელია, რომ ვალდებულებები უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. შესაბამისად, საგარეო ვალის ლარში გამოხატული მაჩვენებლის ცვლილებაზე, ისევე როგორც მშპ-თან მის ფარდობაზე, გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. საგარეო სახელმწიფო ვალის ლარში გამოხატული მნიშვნელობისთვის ბოლო წლებში დამახასიათებელ ზრდის ტენდენციას დიდწილად სწორედ ლარის კურსის გაუფასურება განაპირობებს. დოლარში გამოხატული საგარეო სახელმწიფო ვალი 2012-დან 2016 წლამდე მხოლოდ 54 მლნ-ით გაიზარდა, ხოლო ლარში გამოხატული 589 მლნ ლარით. ნომინალური მშპ 2012-2016 წლებში 29.63%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ვალუტის კურსის უცვლელობის პირობებში, თეორიულად საგარეო სახელმწიფო ვალის ნომინალურ მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი შემცირდებოდა.

  დასკვნა 2012

წლიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით საშინაო და საგარეო სახელმწიფო ვალი, აბსოლუტურ მაჩვენებლებში, შესაბამისად 83.6 და 66.3%-ით გაიზარდა. ვალის ნომინალურ მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 2012-2016 წლებში საშინაო ვალის შემთხვევაში 7.2-დან 9.4%-მდე, საგარეო სახელმწიფო ვალისათვის კი 27.6-დან 35.2%-მდე გაიზარდა. თუმცა, საგარეო ვალისა და მისი ნომინალურ მშპ-თან ფარდობის მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანი გავლენის მატარებელია ვალუტის კურსის ცვლილება, აღნიშნული ფაქტორის გამორიცხვის შემთხვევაში ვალის აბსოლუტური მნიშვნელობის ზრდა უმნიშვნელო იქნებოდა, ნომინალურ მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი კი, ეკონომიკური ზრდის ტემპის გათვალისწინებით, შემცირდებოდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მონაცემებს, იანვარ-ივნისის შესრულების ანგარიშის თანახმად, საშინაო ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი 11.9 მლნ ლარით აღემატება გეგმიურს, საგარეო წყაროებიდან მისაღები კრედიტების ათვისებაში ჩამორჩენა კი 210 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა, აღნიშნული 210 მლნ ლარიდან მხოლოდ 28.3% მოდის საინვესტიციო გრძელვადიანი კრედიტების სახით მიუღებელ სახსრებზე, დარჩენილ 71.7%-ს კი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების დანაკლისი შეადგენს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი