გაზეთი ფაქტ-მეტრი
სახელმწიფოებრივი საფრთხეები კონსტიტუციის პროექტში
უკატეგორიოდ
2078 ნახვა
A+
A
A-

შემოდგომაზე დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი და სპეციალისტების დიდი ნაწილი აკრიტიკებს, როგორც ჩანს მაინც შედგება. ცვლილებების მიმართ, არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, კრიტიკული მოსაზრებები აქვს „ვენეციის კომისიასაც“. ამდენად, აღნიშნული ცვლილებები ქმნის საფრთხეს, რომ იქმნება კონსტიტუციური საფუძველი ერთპარტიული მმართველობის დამკვიდრებისთვის, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში.

ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში მოქცევის საშიშროების გარდა, სპეციალისტების აზრით, კონსტიტუციის პროექტმა შესაძლოა პრობლემები ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასაც შეუქმნას.

 

მოქალაქეობის საკითხი

საქართველოს კონსტიტუციის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ავტომატურად იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. გამონაკლისი ეხება იმ შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტი სხვა ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებისთვის ან სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე (მუხლი 12).

ამ შეზღუდვას აქვს პოლიტიკური უსაფრთხოების მნიშვნელობა, რადგან მოქალაქეობას, როგორც ინსტრუმენტს, პოლიტიკური ზეწოლისთვის აქტიურდ იყენებენ, პირველ რიგში კი რუსეთი. რუსეთს პირდაპირ აქვს გაცხადებული დოქტრინა, რომ საკუთარ მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას დაიცავს, მათ შორის ძალისმიერი გზითაც. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი, საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით, აწარმოებს ომს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც, ცხადია, მისი პოლიტიკური ინტერესის გატარებას ემსახურება. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის არგუმენტი იყო, რომ ის საკუთარ მოქალაქეებს იცავდა, იგივე არგუმენტი ჰქონდა ყირიმის ანექსიის დროსაც. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი, რუსეთი აქტიურად ახორციელებს ე.წ. პასპორტიზაციის პროცესს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფორმალურად რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობდნენ.

2 მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო პროექტით კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის შეზღუდვა ქრება. პროექტის თანახმად, „უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის შეთავსების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით“ (მუხლი 32.2).

სამართლის სპეციალისტის, კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, „ამ ჩანაწერის გაჩენა უკვე ნიშნავს დაშვებას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე შეზღუდვა იხსნება. თუ აქამდე საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ავტომატურად იწვევდა საქართველის მოქალაქეობის დაკარგვას, ახლა კონსტიტუციაში უკვე საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობასთან შეთავსების შესაძლებლობა ჩნდება“.

მისი თქმით, თუკი კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი საბოლოოდ დამტკიცდა, იგივე გალში მცხოვრებ ადამიანებს, ასევე საქართველოს სხვა ტერიტორიებზე მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, ან რუსეთის მოქალაქეობის მსურველებს, ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობა უჩნდებათ, რადგან მათ ამის საშუალებას კონსტიტუცია მისცემს, რომ მოქალაქეობა „შეუთავსონ“. ეს კი, რეალურად, „გახდება ხელშემწყობი რუსეთის ზრახვების რეალიზაციისთვის“.

მმართველ გუნდში კი, ფაქტ-მეტრთან საუბრისას აცხადებენ, რომ ამ საფრთხეებს ვერ ხედავენ და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ეს ქართველი ემიგრანტებისთვის კეთდება.

ხელისუფლების ამ არგუმენტს კონსტიტუციონალისტთა ნაწილი არ იზიარებს. როგორც გიორგი მშვენიერაძე ამბობს, ემიგრანტების საკითხი არსებული ნორმებითაც მარტივად მოგვარდებოდა, მათ, სურვილის შემთხვევაში, ინდივიდუალურად რომ მიემართათ პრეზიდენტისთვის. ახალი ჩანაწერის რუსეთის ხელში ინსტრუმენტად ქცევას კი ისიც რეალური საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

 

სახელმწიფოებრივი საფრთხეები პრეზიდენტის არჩევის წესში

პრეზიდენტის არჩევის წესი ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაზეც კონსენსუსი ვერ ხერხდება, რადგან ძალთა ბალანსის არარსებობას უწყობს ხელს. ამის პარალელურად, პრეზიდენტის არჩევის ის წესი, რაც პროექტშია მოცემული, სახელმწიფოებრივ საფრთხესაც ქმნის.

კონსტიტუციის პროექტის თანახმად, პრეზიდენტს ირჩევს ხმოსანთა ჯგუფი. ამ ჯგუფში შეყვანილია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც, პარლამენტის და ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად (მუხლი 50.3). კონსტიტუციონალისტები კი ხმოსანთა ჯგუფის ფორმირებაში ძალიან ბევრ საფრთხეს ხედავენ. უმთავრესი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაა, როგორც იმ ტერიტორიაზე მცხოვრები, ასევე დევნილები, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურის არჩევაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ ირიბადაც კი. ახლა დევნილები პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას ღებულობენ. ახალი წესით კი მათი ეს უფლება იზღუდება იმის გამო, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს არ ირჩევენ და, შესაბამისად, ხმოსანთა ჯგუფში წარმომადგენელი არ ეყოლებათ. ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო კი 1991 წლის შემდეგ არ არჩეულა და ამ ადამიანების მხრიდან ლეგიტიმაცია არ აქვს.

დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქცეულია 10 მუნიციპალიტეტი, 6 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და 4 – ცხინვალის რეგიონში. ამავე დროს, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ამ მუნიციპალიტეტებიდან დევნილები. მათ ისედაც შეზღუდული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რადგან ისინი არ მონაწილეობენ თვითმმართველობის არჩევნებში. მეორე, ისინი ვერ მონაწილეობენ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რადგან ეს საბჭო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე არ ახლდება. მესამე – ისინი ვერ მონაწილეობენ პარლამენტის მაჟორიტარულ ფორმირებაში და ამას დაემატება სახელმწიფოს მეთაურის არჩევნებში ვერ მონაწილეობა, რადგან ისინი არ ირჩევენ საკრებულოს წევრებს და, შესაბამისად, მათ ხმოსნებში წარმომადგენელიც ვერ ეყოლებათ.

გარდა იმისა, რომ ეს უკვე ამ ადამიანების უფლების შეზღუდვაა, მეორე დიდი პრობლემაა ის, რომ შესაძლოა, ეს პოლიტიკური არგუმენტი გახდეს ოკუპანტისთვის. სახელმწიფოს მეთაური გამაერთიანებელი აღარ არის, იმიტომ, რომ თვითონ მოსახლეობა არ აძლევს მას ლეგიტიმაციას, კონკრეტული ორგანოები ვერ მონაწილეობენ პროცესში და მათგანაც არ აქვს ლეგიტიმაცია და, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონების პრეზიდენტი. ეს რიტორიკა შეიძლება მივიღოთ ოკუპანტისგან და როგორ შემოგვიტრიალდება, კაცმა არ იცის“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

მის ამ მოსაზრებას იზიარებს და ანალოგიურ საფრთხეზე საუბრობს ილიას უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, კონსტიტუციონალისტი ალიკა კუპრავა.

მისი თქმით, „ადგილობრივი თვითმმართველობა და პრეზიდენტის არჩევა რატომ არის დაკავშირებული საქართველოში ერთმანეთთან, ძალიან გაუგებარია. ამ სისტემაში კიდევ პრობლემაა ის, რომ უზენაესი საბჭოს წევრები კი იქნებიან ჩართული, მაგრამ მათი ლეგიტიმაცია დგას კითხვის ქვეშ, რადგან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1991 წლის შემდეგ არჩევნები არ ჩატარებულა და ის ადამიანები, რომლებიც მაშინ აირჩიეს, რეალურად ვერ იქნებიან ამ ადამიანების წარმომადგენლები. ამას ემატება კიდევ ის, რომ ეს ადამიანები ადგილობრივ თვითმმართველობებს საერთოდ ვერ ირჩევენ. ამიტომაც, საფრთხე ძალიან რეალურია და ხელისუფლება ამაზე უნდა ფიქრობდეს“, – ამბობს კუპრავა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ეს საფრთხეები არ არსებობს და მოდელი ევროპულ დემოკრატიებში აპრობირებულია.

ჩვენ მიერ გამოკითხული კონსტიტუციონალისტები ამ არგუმენტს კატეგორიულად არ იზიარებენ. ალიკა კუპრავა ამბობს, რომ „თვითმმართველობა არსად, არც ერთ ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიაში არ მონაწილეობს სახელმწიფოს მეთაურის არჩევაში. ერთადერთი ე.წ. გამონაკლისი, სადაც თვითმმართველობა ერთვება ამ პროცესში, არის ესტონეთი, ოღონდ თვითმმართველობა მაშინ ერთვება, როდესაც პრეზიდენტის არჩევის დროს კრიზისი იქმნება. ანუ, როდესაც სამჯერ ზედიზედ ვერ ირჩევენ პრეზიდენტს“.

არ მინდა ვინმეს განზრახ ქმედებებში დადანაშაულება, მაგრამ ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით, რომ ასეთი საკითხების არშემჩნევა და არგააზრება შესაძლოა სამშობლოს ღალატის ტოლფასი აღმოჩნდეს. ეს პროექტი თუ გავიდა, და რუსეთს მიეცა ამ პოლიტიკის განხორცილების შესაძლებლობა, მერწმუნეთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც ჩვენს მეგობრებს გაუჭირდებათ საქართველოს ინტერესების წარმოდგენა, მხარდაჭერა თუ დაცვა. ეს საბოლოო ჯამში რას მოგვცემს, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

გააზიარეთ: