მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „რუსთავი 2“-ის საქმე საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას პირდაპირ დაუკავშირა“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ოთარ კახიძე თავის გამოსვლაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებას

დაეყრდნო, რომელმაც 29 ნოემბერს, ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტმა დავით ნიკურაძემ მისთვის კითხვის დასმის დროს აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიაა და ის, შესაძლოა, სახელისუფლებო კონტროლის ქვეშ მოექცეს. ამის გათვალისწინებით, მან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჰკითხა, დაისვა თუ არა აღნიშნული საკითხი საქართველოს მთავრობასთან და რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება სასამართლო პროცესს, რომლის გადაწყვეტილებასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მედიაპლურალიზმზე საქართველოში. „თავისუფალი მედია, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიის განუყოფელი ფუნდამენტებია და შესაბამისად, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მსგავსი შინაარსის განცხადებები მანამდეც გაუკეთებია. გასული წლის ოქტომბერში დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ორჯერ ისაუბრა „რუსთავი 2“-ის საკითხზე. ორივე შემთხვევაში მან ხაზი გაუსვა თავისუფალი მედიის მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები ელოდა. ტონერს თავის განცხადებებში სასამართლო დავის სამართლებრივ ასპექტებზე არ უსაუბრია, მაგრამ აღნიშნა,

რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტელევიზიის დახურვა მნიშვნელოვნად იმოქმედებს მთლიანად მედიაგარემოზე, რაც, უდაოდ, აშშ-ის შეშფოთების მიზეზი იქნება.

2015 წლის 4 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ  ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ - ენტონი ბლინკენმა საქართველოში მედია პლურალიზმის საკითხს გაუსვა ხაზი. კირბიმ ასევე განაცხადა, რომ მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო ნებისმიერი დემოკრატიის აუცილებელი ფუნდამენტებია და საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ამ ინსტიტუტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. კომისიის სამუშაო შეხვედრა ამერიკა-საქართველოს შორის ვაშინგტონში, 12 ნოემბერს გაიმართა, სადაც ასევე დაისვა

„რუსთავი 2“-ის საკითხი.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მსგავსი განცხადებები გააკეთა 2016 წელსაც. მაგალითად, 10 ივნისს, ყოველდღიურ ბრიფინგზე, მარკ ტონერმა კვლავ ისაუბრა მედიის თავისუფლებასა და საქართველოს ნატო-საკენ სწრაფვაზე ერთ კონტექსტში. მან მოუწოდა

მხარეებს, საკითხი სასამართლოს გზით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების სასარგებლოდ გადაწყვიტონ.

გარდა ამისა, ტელევიზიის ირგვლივ დაწყებული სასამართლო პროცესის შესახებ აშშ-ის ელჩის იან კელის მრავალი განცხადებაა ცნობილი. ელჩს უშუალოდ სამართლებრივ საკითხებზე არასდროს უსაუბრია, თუმცა არაერთხელ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესში პოლიტიკური ჩარევა დაუშვებელია. სახელმწიფო დეპარტამენტის მსგავსად, იგი მუდმივად მედიაპლურალიზმისა და თავისუფლების საკითხებზე აპელირებს. იან კელიმ წინასაარჩევნო პერიოდში მრავალჯერ აღნიშნა, რომ ოპოზიციური ტელევიზიის მფლობელისა და მენეჯმენტის შეცვლა აბსოლუტურად მიუღებელია და მთლიანად არჩევნების ლეგიტიმაციას უქმნის საფრთხეს. ელჩი ყურადღებით აკვირდება „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს მთავრობასთან აღნიშნულ საკითხზე მუდმივად საუბრობს. აშშ საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც

გამოაქვეყნეს, სადაც ტელევიზიაში ახალი მენეჯმენტის დანიშვნის გადაწყვეტილების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

  დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბევრჯერ უსაუბრია. უკანასკნელი განცხადება, რომელიც ჯონ კირბიმ გააკეთა, კვლავინდებურად ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების მნიშვნელობას, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია. შესაბამისად, მისი განცხადება ადასტურებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებები, მათ შორის მედიაპლურალიზმი, პირდაპირ კავშირშია საქართველოს წარმატებულ ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან.

ამდენად, ოთარ კახიძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი