ლარის გაუფასურების კომენტირებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა:

„საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესებულია 700 მილიონ დოლარამდე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში ფულადი ჩარიცხვები გაზრდილია. ექსპორტიდან ამონაგები არის შემოსული მეტი და, ასევე, ტურიზმიდან ამონაგები. ჯამურად ეს არის 700 მილიონი დოლარი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც ასახავს კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას. ბალანსი შედგება მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისაგან.

მიმდინარე ანგარიში

მოიცავს საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს. თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი გვიჩვენებს შემოსავლის ნაკადებს საზღვარგერითადან (კერძოდ, შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და საქართველოდან გადარიცხულ შემოსავლებს. ტრანსფერები მოიცავს მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის (მაგალითად, გრანტები, ფინანსური დახმარებები).

კაპიტალის ანგარიში

შედგება კაპიტალური ტრანსფერებისა და არაწარმოებული არაფინანსური აქტივების შეძენა/გადაცემისაგან. კაპიტალური ტრანსფერის ერთ-ერთი სახეა ვალის პატიება.

ფინანსური ანგარიში

მოიცავს პირდაპირ ინვესტიციებს, პორტფელის ინვესტიციებს,  ფინანსურ წარმოებულებს, სხვა ინვესტიციებსა და სარეზერვო აქტივებს.

თუ ქვეყნის მიმდინარე ანგარიში დეფიციტურია, ანუ უფრო მეტი ვალუტა გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, ეს დანაკლისი ფინანსური ანგარიშით იფარება (ინვესტიციებით, ვალის აღებით და ვალუტის რეზერვების შემცირებით).

საგადასახდელო ბალანსის 700 მლნ-ით გაუმჯობესებაში ფინანსთა მინისტრი სავარაუდოდ მიმდინარე ანგარიშს მოიაზრებს. მოცემულ მოსაზრებას ამყარებს განცხადების კონტექსტიც, სადაც 700 მლნ დოლარიანი ცვლილების მდგენელებად მიმდინარე ანგარიშის კომპონენტებია დასახელებული (ექსპორტი, შემოსავლები ტურიზმიდან). მიმდინარე ანგარიშისა და მისი კომპონენტების ცვლილებას ცხრილი 1 ასახავს.

ცხრილი 1:

საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ცვლილების ტენდენცია

პერიოდი ფულადი ნაკადი მიმდინარე ანგარიში (მლნ დოლარი)
საქონელი მომსახურება შემოსავალი მიმდინარე ტრანსფერტები ჯამი
2016 2 კვ. შემომავალი 1,348.01 1,425.61 425.98 612.02 3,811.63
გამავალი -3,118.38 -803.23 -686.93 -56.09 -4,664.63
წმინდა -1,770.37 622.37 -260.94 555.93 -853.01
2017 2 კვ. შემომავალი 1,683.65 1,675.26 485.66 675.16 4,519.73
გამავალი -3,358.53 -835.59 -920.12 -56.72 -5,170.96
წმინდა -1,674.88 839.67 -434.46 618.45 -651.23
ცვლილება შემომავალი 335.64 249.65 59.68 63.14 708.1
გამავალი -240.15 -32.36 -233.19 -0.63 -506.33
წმინდა 95.49 217.30 -173.52 62.51 201.78
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017 წლის ორ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე ანგარიშის წმინდა ცვლილებამ (შემომავალი და გამავალი ნაკადების სხვაობა) 201 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ცალკე აღებული შემომავალი ნაკადები (ჩარიცხვები) 708.1 მლნ დოლარით გაიზარდა (ამ რიცხვს გულისხმობს ფინანსთა მინისტრი), მათ შორის ექსპორტის ზრდამ 334 მლნ, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ 232 მლნ დოლარი შეადგინა.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ვალუტის კურსზე ძირითადად ფულადი ნაკადების მიმდინარე შემოდინება/გადინება ახდენს გავლენას და არა პერიოდის ჯამური მაჩვენებლები (მაგალითად, ბოლო ერთი თვის ნაკადებს უფრო აქვს გავლენა, ვიდრე ნახევარი წლის ჯამურს). ლარმა გაუფასურება აგვისტოს ბოლოდან დაიწყო. შესაბამისად, გაუფასურების განმაპირობებელი მნიშვნელოვანი მონაცემები მე-3 კვარტლის საგადასახდელო ბალანსში აისახება, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია წლის ბოლოს, დეკემბერში გამოქვეყნდება. უშუალოდ გაუფასურების პერიოდისათვის უნდა ითქვას, რომ ცნობილია საგადასახდელო ბალანსის ცალკეული კომპონენტების ცვლილების შესახებ მონაცემები. ექსპორტის ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, 8 თვის მდგომარეობით, 373 მლნ დოლარია, იმპორტი ამავე პერიოდში 345 მლნ-ით გაიზარდა, შესაბამისად გაუმჯობესება საგარეო ვაჭრობიდან მხოლოდ 28 მლნ დოლარია (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი). ვაჭრობიდან ნაკადების ცვლილება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დადებითია ცალკე აღებულად აგვისტოსთვისაც (40 მლნ).

  დასკვნა 2017

წლის ორი კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში 201.8 მლნ დოლარით გაუმჯობესდა, ხოლო ცალკე აღებულმა ჩარიცხვების ზრდამ 708 მლნ დოლარი შეადგინა. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებლები მხოლოდ ორ კვარტალს მოიცავს, შესაბამისად მასში ასახული მონაცემებს ნაკლები გავლენა ექნებოდა ეროვნული ვალუტის აგვისტოს ბოლოდან გამოვლენილ გაუფასურების ტენდენციაზე.

თავისთავად მინისტრის განცხადება, ჩარიცხვების 700 მლნ-ით ზრდის ნაწილში სიმართლეს შეესაბამება, თუმცა აღნიშნული ცვლილების მოხსენიება საგადასახდელო ბალანსის 700 მლნ-ით გაუმჯობესებად, მცდარი მიდგომაა. წლის პირველ ნახევარში ვალუტის კურსზე დადებითი გავლენა მიმდინარე ანგარიშის ბალანსის 201.8 მლნ დოლარით გაუმჯობესებას ჰქონდა და არა ჩარიცხვების 708 მლნ დოლარით ზრდას.

შესაბამისად, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი