ვერდიქტი: ოთარ კახიძის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე:

საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწვეულმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული 14 საქმის (მათ შორის მერაბიშვილის ორი საქმე) სასამართლო პროცესის  თითქმის ორწლიანი მონიტორინგის შედეგად, დაადგინეს რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემამ, აღნიშნულ საქმეებზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებების სრული დაცვა ვერ  უზრუნველყო.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დასკვნით, შესწავლილ საქმეებზე, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით გამოვლენილი პრაქტიკა, რაც წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების უგულებელყოფასა და სათანადო სამართლებრივი ანალიზის არ არსებობაში გამოიხატებოდა, დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე ბრალდებულის უფლებას ხელყოფდა.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა ოთარ კახიძემ ივანე (ვანო) მერაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ  სისხლისსამართლებრივ საქმეებში  სახელმწიფოს დარღვევებზე ისაუბრა, რის საილუსტრაციოდაც ერთი მხრივ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ პროცესის მონიტორინგის დროს იდენტიფიცირებული დარღვევები დაასახელა. მისი თქმით, „საერთაშორისო დამკვრვებლებმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნიეს“.

2013 წლის 20 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო. სადამკვირვებლო მისიამ, 14 საქმის შესწავლის შედეგად, რომელთა შორის, ასევე, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული ორი საქმეც იყო[1], საბოლოო ანგარიში 2014

წლის 9 დეკემბერს გამოაქვეყნა.

თითქმის ორწლიანი მონიტორინგის შედეგად, შესწავლილ საქმეებში მთელი რიგი ხარვეზები გამოვლინდა (გვ. 7), მათ შორის, განსაკუთრებით ხშირი დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტიელების უფლების დარღვევის შემთხვევები იყო, რომელსაც მერაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებშიც ჰქონდა ადგილი.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სამართალწარმოებაში თვითნებური ქმედებებისგან დაცვის მიზნით, სასამართლოებს  მათი გადაწყვეტილებების ადეკვატური საფუძვლების მითითება მოეთხოვებათ. კანონიერი საფუძვლის მითითების მოთხოვნა განსაკუთრებით უფრო მკაცრია, როცა პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებებში ცხადად უნდა იკითხებოდეს, თუ რის საფუძველზე ხდება მსჯავრის დადება. მოტივირებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ მხარეთა მიმართ სასამართლოსთვის ნდობის უზრუნველყოფისათვის არის აუცილებელი, არამედ გასაჩივრების უფლებით ეფექტიანად სარგებლობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს (გვ. 116).

სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის აუცილებლობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლი ითვალისწინებს. გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობაში იგულისხმება, ის რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში მკაფიოდ, ნათლად და ჯეროვნად უნდა იყოს ჩამოყალიბებული მიზეზები, რომლებიც მას უდევს საფუძვლად. გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის პრინციპი მოქმედებს არა მხოლოდ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის, არამედ სხდომის მიმდინარეობისას მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებების მიმართაც („ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში

გვ. 25).

მონიტორინგის შედეგად, შესწავლილ განაჩენებთან დაკავშირებით, სამი ძირითადი პრობლემა გამოვლინდა (გვ.117):

  1. მტკიცებულებების არასაკმარისი ან არაადეკვატური შეფასება;
  2. სამართლებრივი ანალიზისა; და
  3. სასჯელის შეფარდებისთვის გამოყენებული ფაქტორების შეფასების ნაკლებობა.

აღსანიშნავია, რომ  მერაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში სამივე სახის პრობლემა დაფიქსირდა. კერძოდ, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სასამართლოს განჩინებებში არ იყო ახსნილი თუ რატომ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები სარწმუნო. განაჩენი (მერაბიშვილის საქმე (თბილისი)) არ შეიცავდა დანაშაულის ელემენტების განმარტებას ან იმას თუ როგორ მოხდა ფაქტების დადგენა თითოეული ელემენტის დასამტკიცებლად გონივრული ეჭვის მიღმა. ამასთან, მერაბიშვილის საქმეში, სადაც ბრალდებული გაასამართლეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, სასამართლომ მხოლოდ იმაზე მიუთითა, რომ ბრალდებული არ იყო უფლებამოსილი ჩაედინა უკანონო ქმედება, თუმცა თავად ბრალდებულის უფლებამოსილების ფარგლები და იმაზე თუ როგორ მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში  ამ ფარგლების დარღვევა, სასამართლოს არ უმსჯელია.

დამკვირვებლების მოსაზრებით (

გვ. 119), „იმისათვის რომ შეფასდეს გადაამეტა თუ არა ბრალდებულმა სამსახურეობრივ მოვალეობას და როგორ, ჯერ უნდა მიეთითოს ამ უფლებამოსილების ფარგლები. განაჩენის მოტივაციის არაადეკვატურობამ გამოიწვია ის, რომ ვერ მოხდა იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც მეტყველებდნენ სისხლის სამართლის დანაშაულზე. მხოლოდ უბრალოდ ფაქტების დადგენა და ბრალდებულის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობა შუალედური ანალიზის განუხროციელებლად, შეიძლება მოტივირებული სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნების დარღვევას უდრიდეს. აგრეთვე, ის რომ სისხლის სამართლის სასამართლო არ მიუთითებს დანაშაულის ელემენტებს ფაქტებთან ერთად, რომელთა საფუძველზეც იქნა ჩადენილი დანაშაული, პროცესის სამართლიანობას ეჭვის ქვეშ აყენებს“ - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება სასჯელის შეფარდების გადაწყვეტილების მიღებაში გამოყენებული ფაქტორების შეუფასებლობას, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოსამართლეები ხშირად არ აქცევდნენ ყურადღებას გადაწყვეტილების საკმარისად დასაბუთებას, ასახელებდნენ რა მხოლოდ სასჯელის შეფარდების პრინციპებს და გვერდს უვლიდნენ კონკრეტული საქმის გარემოებების ანალიზს. მერაბიშვილის განაჩენში (ქუთაისი) სასამართლომ უბრალოდ განაცხადა, რომ „სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები..., დანაშაულის მოტივი და მიზანი, ხერხი, უკანონო შედეგები და გამოყენებული მეთოდები და პიროვნული თვისებები“, რასაც არ მოყოლია შემდგომი განმარტება, თუ როგორ ზემოქმედებდნენ ეს ფაქტორები სასჯელის შეფარდებისთვის მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებაზე“ (გვ. 120).

აღსანიშნავია, რომ დასაბუთებულობის მხრივ პრობლემური იყო არა მხოლოდ სასამართლოს საბოლოო განაჩენები, არამედ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისა და მისი გაგრძელების შესახებ სასამართლოს განჩინებები.

კერძოდ, მონიტორინგის რამოდენიმე საქმეზე (მათ შორის მერაბიშვილის(თბილისი) პროცესი და მერაბიშვილი/ჭიაბერაშვილის პროცესი) მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება  აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე თითქმის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, იმის მიუთითებლად თუ რატომ უნდა დაქვემდებარებოდა ბრალდებული ასეთ ზომას (გვ. 87). მოსამართლეებმა უარყვეს შუამდგომლობა დაპატიმრების გაუქმების ან სხვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, გაიზიარეს რა ბრალდების მხარის მოთხოვნა სასამართლო სხდომაზე ვადის გაგრძელების შესახებ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მიუთითეს ბრძანებაში დადგენილი პატიმრობის საფუძველი მხოლოდ აბსტრაქტულად“.

შესაბამისად, მართალია, დასკვნაში (შენიშვნა N 410-ში) ივანე მერაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება როგორც შედარებით დასაბუთებული გადაწყვეტილების მაგალითად არის მოყვანილი, თუმცა მთლიანობაში, დამკვირვებლების მოსაზრებით, მერაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში გამოვლენილი არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე ბრალდებულის უფლებას ხელყოფს (გვ. 12).

[1] პირველ საქმეში ვანო მერაბიშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და მითვისება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. აღნიშნული საქმის წარმოება, დანაშაულის ადგილის მიხედვით,  ქალაქ ქუთაისში მიმდინარეობა. ხოლო მეორე საქმე, რომლის განხილვაც ქ. თბილისში მიმდინარეობდა, დაკავშირებულია ე.წ. 26 მაისისა (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება) და სანდრო გირგვლიანის საქმეებთან (სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5405 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი