რა წერია კონსტიტუციაში? საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 481:

„1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. 2. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს“

რა ეწერება კონსტიტუციაში? განმარტებითი ბარათი

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ"

თავი III, მუხლი 36: „კონსტიტუციიდან ამოღებულია ნორმა, რომელიც ადგენს პარლამენტის ადგილსამყოფელს. აღნიშნულ ცვლილებას არსებითად საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ კონსტიტუცია არც ერთი სხვა კონსტიტუციური ორგანოს ადგილსამყოფელს არ ადგენს. ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ, პარლამენტის ადგილსამყოფელი განისაზღვრება მისი რეგლამენტით“.

თბილისი თუ ქუთაისი? – რას ფიქრობენ პარლამენტარები

მას შემდეგ, რაც 2012 წელს ქუთაისში მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა შედგა, პარლამენტარების პრეტენზიებიც გაცხადდა (კულუარებში და საჯაროდ): იწუნებდნენ შენობას, ამბობდნენ, რომ ძნელია მათთვის, თბილისსა და ქუთაისს შორის ინტენსიური მოძრაობა, რის გამოც ხელი ეშლებოდათ თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებაში. მალე პარლამენტის ბალანსზე შემორჩენილი თბილისის შენობაც გაარემონტეს და, ფაქტობრივად, ქუთაისში დღეს კონსტიტუციის 48-ე პრიმა მუხლის გამო, პარლამენტის შენობაში მხოლოდ სავალდებულო ოთხი სასესიო სხდომა იმართება თვის განმავლობაში, თორემ პარლამენტი, ფაქტობრივად, თბილისში ფუნქციონირებს. რამდენად კანონიერად – ეს სხვა თემაა, რომელზეც ფაქტ-მეტრი მუშაობს და მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

უნდა დარჩეს თუ არა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო თბილისს გარეთ, ქუთასიში – ამ თემაზე მმართველი გუნდის პოზიცია 2012 წლიდანვეა ცნობილი, რისი განხორციელებაც საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს – ნაბიჯ-ნაბიჯ პარლამენტი თბილისში ბრუნდება.

481 მუხლის კონსტიტუციიდან ამოღების მომხრეების არგუმენტები იდენტურია. ამ საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობას „ქართული ოცნების“ ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

ასე განმარტავს:

„დღეს არც ერთი კონსტიტუციური ორგანოს ადგილსამყოფელი არ განისაზღვრება კონსტიტუციით (გარდა პარლამენტისა). ამასთან დაკავშირებით კომისიაში ექსპერტები და არასამთავრობოები საუბრობდნენ. მათი მოსაზრებით, თუ განსაზღვრულია ერთი ორგანოს ადგილსამყოფელი, მაშინ უნდა განისაზღვროს ყველასი“.

პარლამენტის სამივე მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისიდან წინასაარჩევნოდ მკაფიო პოზიციაზე იდგა და მხარს უჭერდა პარლამენტის ქუთაისში დატოვებას. დეკლარირებულად პოზიცია არც ახლა შეუცვლიათ, და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ამ მუხლის ამოღებას კონსტიტუციიდან მხარს არ დაუჭერენ, თუმცა თვლიან, რომ უმრავლესობა მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას და მათი ხმა არაფერს შეცვლის. ამასთან ამტკიცებენ, რომ ეს გადაწყვეტილებაც არ შეცვლის რაიმეს და პარლამენტი მაინც დარჩება ქუთაისში.

მაჟორიტარი კობა ნარჩემაშვილი თავიდან მომხრე იყო,

კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისიც და ქუთაისიც ჩაწერილიყო. „მქონდა წინადადება, რომ პარლამენტი დარჩენილიყო როგორც ქუთაისში, ასევე ყოფილიყო თბილისშიც, თუმცა ეს მოსაზრება არ გაიზიარეს“. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელის განმსაზღვრელი ჩანაწერის ამოღებას, კობა ნარჩემაშვილიც ამტკიცებს, რომ პარლამენტი დარჩება ქუთაისში.

ასევე, ქუთაისის მაჟორიტარის, გენადი მარგველაშვილის

აზრით, თავის დროზე პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა ხელისუფლებამ საპროტესტო კატაკლიზმების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა და დეცენტრალიზაცია აქ არაფერ შუაშია.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად ის ემხრობა ქუთაისში პარლამენტის დატოვებას, მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებას მაინც მისი გუნდის უმრავლესობა მიიღებს. ამასთან დარწმუნებულია, რომ თუ ქუთაისში იქნება პარლამენტი, გაძლიერდება დანარჩენი ინფრასტრუქტურა, ბიზნეს-გარემო და განვითარდება ტურიზმი. „ვიცი, რომ ქუთაისი გადაიქცევა ერთგვარ ჰაბად, ცენტრად, სადაც განათლების მიღება შეიძლება და ამისთვის ვიღწვით თავიდან ბოლომდე“, – ამბობს დეპუტატი.

გენადი მარგველავშილი იმასაც ამბობს, რომ პარლამენტის ქუთაისში დატოვების საკითხი კომპლექსურ ჭრილშია გადასაწყვეტი და აქ ბევრი სხვა ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი (მაგალითად უსაფრთხოება).

„თუკი სრული დატვირთვით იქნება და, შესაბამისად, მთელი მთავრობა და ყველაფერი გადმოვა ქუთაისში, მაშინ, რა თქმა უნდა, ცოტათი მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება ქუთაისში, ცოტათი მეტი იქნება ძალისხმევა ქუთაისისკენ მიმართული, ინფრასტრუქტურა გაძლიერდება, მაგრამ ეს არის ერთი ნიუანსი, ერთი ჯაჭვის რგოლი... როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად რაღაცაზე, შეიძლება, ამოვხსნათ ერთი ამოცანა ოციდან და 19 დაგვრჩეს ამოუხსნელი. რაც არაა მისაღები სინამდვილეში“, – ასეთია მისი პოზიცია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი პარლამენტარის, სერგი კაპანაძის

აზრით, თავის დროზე კორნსტიტუციაში პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი იმიტომ ჩაიწერა, რომ გარანტირებული ყოფილიყო საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ყოფნა, რომ ვერც ერთ მომდევნო ხელისუფლებას ვერ შეეცვალა ეს და არ ყოფილიყო დამოკიდებული ერთი ადამიანის, ან პოლიტიკური უმრავლესობის ნებაზე.

ის არ ემხრობა კონსტიტუციიდან 481

მუხლის ამოღებას: „მე მგონია, რომ დეცენტრალიზაცია არის აუცილებელი და საჭირო, და პარლამენტის ქუთაისში გადატანა ამ კონცეფციის ერთი დიდი ნაწილია“.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი ქუთაისში სრულყოფილად არ ფუნქციონირებს, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ მას ახლაც მოაქვს სიკეთე ქალაქისთვის. „მით უმეტეს, სრულად რომ გადასულიყო – მოუტანდა. მხოლოდ ეკონომიკურ მოგებაზე არაა საუბარი – პოლიტიკური დედაქალაქის სტატუსი, ასევე დეცენტრალიზაციის სხვა ინიციატივები ერთობლიობაში მოუტანდა დადებით შედეგს ქუთაისს“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი.

რატომ უნდა დარჩეს პარლამენტი ქუთაისში? - აქტივისტების პოზიცია „დატოვეთ პარლამენტი ქუთაისში!“, „პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია!“ და ბევრი მსგავსი ლოზუგი ქალაქში მაშინვე გაჩნდა, როგორც კი „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაიწყო მუშაობა და მათ შორის, პარლამენტის გადატანის საკითხიც დღის წესრიგში დადგა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დატოვების მომხრეებს ბევრი არგუმენტი აქვთ. ცოტა ხნის წინ მათ საინიციატივო ჯგუფიც შექმნეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, კონსტიტუციის 481

მუხლის დასაცავად.

„ლიბერალური კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რადიო „ძველი ქალაქის“ დირექტორი ირაკლი მაჩიტაძე

თვლის, რომ პარლამენტის ქუთაისში სრულყოფილი ფუნქციონირება ეკონომიკური ეფექტის მომტანია.

„თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს სტატუსი შედეგს გამოიღებს ამ თვალსაზრისით, მათთვის ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაგალითების მოყვანა შეიძლება, მაგალითად – ანკარა. 1922 წელს ანკარაში 32 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც იქ გადავიდა საპარლამენტო სტრუქტურები, დღეს 5-მილიონიანი ქალაქია. თუმცა, ამით არაფერი დაკლებია სტამბულს.“

ირაკლის არ მოსწონს მმართველი გუნდის დაპირება, გარკვეული დროის განმავლობაში პარლამენტის ქუთაისში დატოვების თაობაზე.

„მე მგონი, მთლად კარგად არ ესმით, რატომ ვითხოვთ პარლამენტის დატოვებას ქუთაისში, ჩვენ ამ პატივცემული დეპუტატების აქ ხშირად ხილვა კი არ გვინდა,  გვინდა ეკონომიკური ეფექტი. თუკი გარანტიები არ იქნება, რომ დიდი პერიოდით რჩება ქუთაისში პარლამენტი, ინვესტორები არ დაინტერესდებიან და არ ჩამოვლენ აქ. 2012 წლიდანვე, მას შემდეგ, რაც დაიწყო საუბარი პარლამენტის გადატანაზე, ეს იყო, ფაქტობრივად, მესიჯი პოტენციური ინვესტორისთვის, რომ მას ფული არ ჩაედო.  ცინიკურია ის დამოკიდებულება, როდესაც აპელირებენ, „აი, ხუთი წელი გავიდა და შედეგი რატომ არ არის?“ ასეთ პირობებში შედეგი არც იქნებოდა“, – ამბობს ირაკლი მაჩიტაძე.

რადიო „ძველი ქალაქის“ დამფუძნებელი მიიჩნევს. რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში ქვეყნის განვითარებაზე გავლენის მომხდენი საინტერესო მოვლენები და ადამიანები იმიტომ ჩნდებოდნენ, რომ მაშინ ქუთაისი გუბერნიის დედაქალაქი იყო: „ესეც მიანიშნებს, რომ პოლიტიკური სტატუსი ბევრ რამეს ნიშნავს და სულ რაღაც 100 წლის წინ ჩვენ ეს ყველაფერი ვიხილეთ.“

„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი გია გოქაძე

თვლის, რომ კონსტიტუციის ასე ხშირი ცვლილება უსარგებლოა ქვეყნისთვის, ამას გარდა ყველაფრის თბილისში თავმოყრა, ცენტრალიზება, ის, რომ ადამიანებისთვის წარმატების ფორმულა მხოლოდ თბილისშია, წარმოადგენს პრობლემას ქვეყნისთვის. იგი თვლის, რომ ქუთაისის, როგორც ინდუსტრიული ცენტრის კვდომამ ბუნებრივი პროცესები გამოიწვია ირგვლივ მდებარე  ქალაქებზე და რაიონებზე, რომლებიც ბუნებრივად იყო ქუთაისზე მიბმული.

„ეს ქალაქი როდესაც კვდება, ეტყობა რეგიონის ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტსაც. ამიტომ იყო სწორი გადაწყვეტილება, პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა, თუმცა ასეთი მანკიერი ფუნქციით: თბილისსა და ქუთაისს შორის სარბენად, პარლამენტის ქუთაისში არსებობა მიუღებელია. პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს ისე, როგორც კონსტიტუციაში წერია,“ – ამბობს გია გოქაძე.

გოქაძე სკეპტიკურად უყურებს ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის აშენებას.

„როცა ამბობენ, რომ საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება, ეს არის ბლეფი, უნივერსიტეტები არის ქუთაისში, მაგრამ ეს გავლენას არ ახდენს ქალაქის და რეგიონის განვითარებაზე. თუ ამბობენ, რომ ეს იქნება მომავალი სორბონი და ჰარვარდი, მსგავსი დონის მიღწევას, ალბათ, 50 -70 წელი მაინც დასჭირდება“.

გია გოქაძე თვლის, რომ პარლამენტი ქუთაისში იმიტომ უნდა დარჩეს, რომ ეს ერთგვარი გზაა აფხაზეთის დასაბრუნებლად.

„გვინდა თუ არა, აფხაზეთში მცხოვრებნი  უყურებენ, რომ ყველაფერი თბილისში არ არის თავმოყრილი. ერთი ქალაქი არ არის მთელი საქართველო. არის ქუთაისი და სხვა ქალაქები. აფხაზებს ვეუბნებით – ძმები ვართ, უნდა ვიცხოვროთ ერთად, და ამ დროს ისინი ხედავენ, რომ ყველაფერი თბილისშია ცენტრალიზებული“.

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი,

რომელიც არასამთავრობოებისა და საზოგადოების წარმომადგენლების საინიციატივო ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია, თვლის, რომ პარლამენტის არსებობა ქუთაისში ნიშნავს მისი ისტორიული ფუნქციის აღდგენას, ქუთაისის და, ზოგადად, მისი მიმდებარე მუნიციპალიტეტების ფარგლებში არსებული ინფრასტრუქტურისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„ჩვენ ვსაუბრობთ საინვესტიციო გარემოზე, რაც ქუთაისში პარლამენტის ყოფნას უკავშირდება. დაინტერესდება უფრო მეტი მსხვილი ინვესტორი და გაჩნდება უფრო მეტი სამუშაო ადგილი, ასევე მოხდება კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გააქტიურება, ახალგაზრდებს ადგილზე დასაქმების შანსი მიეცემათ. მოხდება პროფესიონალი კადრების ადგილზე დასაქმება, და რაც ყველაზე მთავარია, დაიწყება მიგრაციის შეჩერება. ეს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი სრულყოფილად იმუშავებს ქუთაისში“, - ამბობს ქეთი ბერძენიშვილი.

რას ფიქრობს ხალხი? საქართველოში ჯერჯერობით არ ჩატარებულა კვლევა იმის თაობაზე, მოქალაქეების რა ნაწილი ემხრობა პარლამენტის თბილისს გარეთ არსებობის იდეას. აქციები კი, რომელსაც საინიციატივო ჯგუფი მართავს ქუთაისში პარლამენტის დატოვების მოთხოვნით, თვალშისაცემად მცირერიცხოვანია. ეს მოწმობს, რომ აქტივისტებისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმეტესობის დამოკიდებულება ინდეფერენტულია. ბევრი მიიჩნევს, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობას ქალაქისა და პირადად მათ ცხოვრებაში რაიმე პოზიტიური ცვლილება არ მოუტანია. აქედან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი