ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ წევრმა ლაშა ფარცვანიამ განაცხადა,

რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მაუწყებლის დაფინანსება ხდება, რაც დაუშვებელია. „მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მაუწყებლის დაფინანსება კანონით აკრძალულია, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როცა ეს შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ეს კონკრეტული შემთხვევა არ წარმოადგენს გამონაკლისს, ისეთს, რაც კანონით ნებადართულია. საამისოდ აუცილებელი იყო ბიუჯეტში თანხის ცალკე მუხლად წარმოდგენა და მხოლოდ მაღალი საზოგადოების ინტერესის ინფორმაციის მიწოდება და არა წინასაარჩევნო რეკლამა“, - განაცხადა ფარცვანიამ.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა,

რომ მსგავსი მომსახურებისთვის თანხების ცალკე მუხლად წარმოდგენა არ იყო შესაძლებელი. „რადიოსიუჟეტების დროის შესყიდვა - ამ სახელწოდებით ვერ იქნებოდა ბიუჯეტში გათვალისწინებული, ვინაიდან ეს და სხვა ანალოგიური მომსახურებების შესყიდვა განეკუთვნება ბიუჯეტის არაკლასიფიცირებული ხარჯების კატეგორიას. ამიტომ, ამ სახეობის ხარჯების შესყიდვა საჭიროებისამებრ ხდება „საქონელი და მომსახურებების“ მუხლიდან, რომელიც, რასაკვირველია, იყო და არის გათვალისწინებული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში“.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემიდან ფაქტ-მეტრმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ „ასოციაცია ათინათს“ შორის გაფომებული 7 906 ლარის ღირებულების ხელშეკრულება მოიპოვა, რომელიც გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით 2016 წლის 8 აგვისტოს დაიდო. ხელშეკრულების საგანს „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის საზოგადეოებისთვის გაცნობის, ინფორმირებულობისა და მოქალაქეების ჩართულობის მიზნით საჭირო რადიოგადაცემის მომსახურების შესყიდვა“ წარმოადგენს, რაც ყოველ პარასკევს რადიოს 20 წუთიანი გადაცემის - "თვითმმართველობის დროს"

 საშუალებით უნდა განხორციელდეს, 2016 წლის დეკემბრის ბოლო პარასკევამდე.

საქართველოს "მაუწყებლის შესახებ"

 კანონით დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება, ასევე მისი მომსახურების შესყიდვა ან/და გადაცემის და პროგრამების მომზადება. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, რასაც კანონის 66 (1) -ე მუხლი განსაზღვრავს. ესაა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სოციალური რეკლამის განთავსება საზოგადოებრივ მაუწყებელზე ან შესყიდვის განხორციელება საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მისი (ადმინისტრაციული ორგანოს) ბიუჯეტის ცალკე მუხლით არის გათვალისწინებული.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსნებულ ხელშეკრულებაში დაფინანსების წყაროდ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის სამსახურების დაფინანსება არის მითითებული (პროგრამული კოდით - 01 02), ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტს გააჩნია ქვეპროგრამა "ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდით - 05 02 06)", რომლისთვისაც 50 ათასი ლარია გათვალისწინებული. სწორედ აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრმა გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია პროგრამული კოდით - 05 02 06 განხორცილებულ პროგრამებთან დაკავშირებით. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან

ირკვევა, რომ ბიუჯეტის აღნიშნული კოდით მხოლოდ საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომსახურების ხარჯების დაფარვა ხდება, რისთვისაც პირველ სამ კვარტალში გაწეული ხარჯი 11 536 ლარს შეადგენს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის N672 ბრძანებით, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის თანახმად, რადიოეთერის შესყიდვა „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლის“ „მაუწყებლის ხარჯებში“ ერთიანდება და არა „არაკლასიფიცირებულ ხარჯებში“, როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

დასკვნა

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით რადიო "ათინათისგან" საეთერო დროის შესყიდვა ხდება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლის დაფინანსებას წარმოადგენს. მერიის მიერ რადიოს დაფინანსება ბიუჯეტის იმ ცალკე მუხლით არ ხდება, რომელიც მაუწყებლის მომსახურების პროგრამას ითვალისწინებს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლაშა ფარცვანიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი