ბაქოში პუტინი ალიევსა და რუჰანის შეხვდა. ამის შემდეგ მან ჯერ ერდოღანს, შემდეგ კი სარქსიანს უმასპინძლა. დასავლეთი ამ შეხვედრებს შორიდან ადევნებს თვალ-ყურს. საქართველო მოვლენებს გამოთიშულია, მაგრამ არის კი განგაშის საფუძველი? რეგიონში იქმნება ახალი წესრიგი, რომელშიც დასავლეთის როლი შესუსტებულია, რუსეთისა კი გაზრდილი? ამაში რომ გავერკვეთ, ყველაფერს თავიდან მივყვეთ.  8

აგვისტოს ბაქოში რამდენიმე თვით ადრე დაანონსებული სამი პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. ალიევი, პუტინი, რუჰანი. რატომ ბაქო? ბაქო როგორც რუსეთის, ასევე ირანისთვის ნეიტრალური ტერიტორიაა. რუჰანის მიერ რუსეთში ჩასვლა, ასე თუ ისე, პუტინისთვის ერთგვარი პატივის მიგება იქნებოდა (და ანალოგიურად გამოვიდოდა ირანში პუტინის ჩასვლის შემთხვევაში). გარდა ამისა, აპრილში აზერბაიჯანმა სომხეთთან სამხედრო დაპირისპირებაში აშკარა წარმატებას მიაღწია და, შესაბამისად, მისი წონა და პრესტიჟიც გაიზარდა. საერთოდ, რომ არა აპრილის მოვლენები, ეს შეხვედრა, ალბათ, საერთოდ არ გაიმართებოდა. ბოლო აზერბაიჯანულ-სომხურმა შეტაკებამ ბევრი რაღაც დააყენა თავდაყირა.

პირველ რიგში, აპრილის ოთხდღიანი ომი გამოწვევად იქცა რუსეთისთვის, რომელმაც კონფლიქტში ჩარევა ვერ გაბედა და შედეგად სომხეთთან ურთიერთობა გაირთულა. სომხეთი კი რუსეთისთვის რეგიონში არა მხოლოდ სამხედრო ფორპოსტი, არამედ ისტორიულად ყველაზე საიმედო მოკავშირეა. მაგრამ ამავე დროს ეკონომიკური სანქციებითა და ნავთობის ფასების დაცემის წყალობით დასუსტებული რუსეთისთვის აზერბაიჯანიც მეტად მნიშვნელოვანია, როგორც რუსული იარაღის მუშტარი. ყარაბახის გაყინული კონფლიქტი მოსკოვს ძალიანაც აძლევდა ხელს – სომხეთი აზერბაიჯანის შიშით რუსულ სამხედრო ბაზაზე უარს ვერ ამბობდა, აზერბაიჯანი კი რევანშზე ოცნებობდა და რუსულ იარაღზე მილიარდებს ხარჯავდა. მაგრამ აპრილმა ამ „იდილიას“ ბოლო მოუღო...

ოთხდღიანმა ომმა შეაშფოთა ირანელებიც, რომელთაც აზერბაიჯანის გაძლიერება არანაირად არ აწყობთ (ჰყავთ რა თავიანთი აზერბაიჯანული უმცირესობა, რომლისთვისაც ძლიერი ბაქო შეიძლება მიზიდულობის ცენტრად იქცეს). ამიტომაც იყო, რომ ირანის პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამდა ყარაბახის კონფლიქტის „მშვიდობიანი მოგვარების“ აუცილებლობას. თუმცა, აზერბაიჯანმა შეხვედრის ფარგლებში რუსეთთან ახალი შეიარაღების შესყიდვის კონტრაქტს მოაწერა ხელი. აპრილის შემდეგ ძნელია, ეს გადაწყვეტილება გაამტყუნო. ის, რაც 22 წლის განმავლობაში ვერ გადაწყდა მოლაპარაკებით, 4 დღეში გახდა შესაძლებელი იარაღის ძალით.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ კომუნიკეში ყველაზე საყურადღებო სწორედ კონფლიქტებზე აქცენტის გაკეთება იყო. „მნიშვნელოვანია კონფლიქტების მოგვარება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების მიხედვით“. რა იგულისხმება ამაში, ჯერ გაუგებარია. თუმცა, ის კი ცნობილია, რომ მოსკოვს სამშვიდობო გეგმა უკვე გაწერილი აქვს: ერევანი აბრუნებს ყარაბახისა და სომხეთის დამაკავშირებელი კორიდორის დიდ ნაწილს, ბაქო ხსნის ბლოკადას, ყარაბახში რუსი სამშვიდობოები დგებიან, აზერბაიჯანი კი ყველაფერ ამის სანაცვლოდ შედის ევრაზიის კავშირში.

როგორც ჩანს, ბაქო ჯერჯერობით ამ გეგმის მიღებას არ ჩქარობს. დრო, წესით, აზერბაიჯანზე მუშაობს. სომხეთში აპრილის მოვლენების შემდეგ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. აზერბაიჯანი კი ამ დროს ძლიერდება – ქვეყანამ დიდი ხანია, გაჭრა ენერგოკორიდორი დასავლეთის მიმართულებით, ხოლო ირანთან და რუსეთთან დაახლოებით ის ჩრდილოეთ-სამხრეთის სრულფასოვან ენერგოკორიდორს თუ არა, ორიოდ კარგ პროექტს მაინც გამოჰკრავს ხელს.

ბაქოს შეხვედრა პუტინის ახალ გამარჯვებად მონათლეს. თუმცა ჯერ გაურკვეველია, ეს სამმხრივი შეხვედრა ერთჯერადად დარჩება თუ რეგულარულ ფორმატად იქცევა.

ბაქოს შეხვედრა თითქმის გადაფარა ერდოღანის ვიზიტმა რუსეთში. აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა პუტინმა მეორე დღესვე თურქი კოლეგა პეტერბურგში მიიღო და შერიგება ფორმალურადაც შედგა. ასეთი დიდი შეხვედრების დროს დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს – თურქეთის პრეზიდენტი პეტერბურგში ჩაიყვანეს, რუსეთის იმპერიის დედაქალაქში, რომელმაც მე-19 საუკუნეში თურქეთის იმპერია რამდენჯერმე დაამარცხა. შეხვედრა პროგნოზირებადი იყო მას შემდეგ, რაც ერდოღანმა გასულ წელს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავისა და მისი დაღუპული პილოტის გამო მწუხარება გამოთქვა (თურქული ვერსია) და ბოდიში მოიხადა (რუსული ვერსია). ხოლო მას შემდეგ, რაც ჩავარდნილი გადატრიალების შემდეგ ერდოღანმა სასტიკი რეპრესიები გაატარა და ამის გამო დასავლეთის კრიტიკა დაატყდა თავს, გასაგები გახდა, რომ პუტინ-ერდოღანის შეხვედრა დაჩქარდებოდა. რუსეთი რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო არავის აკრიტიკებს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა პარტნიორები სათანადოდ არ გაფასებენ (ევროკავშირი უვიზო რეჟიმის მოცემას გიჭიანურებს, ამერიკელები კი ქურთებს ეთამაშებიან და გიულენს ხელს აფარებენ), მათ უნდა დაანახო, რომ სხვა ალტერნატივა არსებობს.

რამდენად საიმედოა ეს ალტერნატივა? პეტერბურგში ერდოღანს აუხსნეს, რომ სანქციების მოხსნა წლის ბოლომდე არ მოხერხდება. ცხადია, ეს სანქციები რუსეთსაც აზარალებს, მაგრამ პუტინმა მოქალაქეები სანქციების რეჟიმში ცხოვრებას უკვე მიაჩვია, ერდოღანისთვის კი ეს მთლად იოლი არაა, მით უმეტეს ჩავარდნილი გადატრიალების შემდეგ.

პეტერბურგში თურქულ ნაკადზე საუბარიც განაახლეს. თუმცა, საეჭვოა, მხარეები ამ პროექტის თაობაზე მალე მორიგდნენ. პროექტი გულისხმობს შავ ზღვაზე კიდევ ერთი გაზსადენის აშენებას. თურქეთის ინტერესებშია, გაზსადენმა მხოლოდ თურქეთი მოამარაგოს. რუსეთს კი სურს, გაზსადენს რამდენიმე განტოტება ჰქონდეს, რათა გაზი ევროპისკენაც წავიდეს. ეს აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული მიმართულების დასუსტებას ნიშნავს, რაც დიდად არ აწყობს თურქეთს. გარდა ამისა, თურქული ნაკადის სრული მასშტაბით ამუშავებით რუსეთი შეძლებს, საერთოდ თქვას უარი ევროპისთვის გაზის უკრაინის გავლით მიწოდებაზე. არც ეს შედის თურქეთის ინტერესებში.

მოკლედ, რუსეთის იმპერიის დედაქალაქში შერიგება კი შედგა, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. უთანხმოებები კვლავაც რჩება, მათ შორის სირიის საკითხზეც. აქ მხარეებმა კვლავაც ღიად დააფიქსირეს პოზიციათა სხვაობა. თურქეთი რა განაწყენებულიც არ უნდა იყოს ევროკავშირზე, ის მისთვის მაინც უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, რომელსაც თავად სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთი ვერ ჩაანაცვლებს. კიდევ უფრო ძნელი ჩასანაცვლებელია ამერიკა, რომელზეც თურქეთის უსაფრთხოება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ეს უსაფრთხოება კი სირიის მოვლენების შემდეგ არანაირად არაა გარანტირებული.

ცხადია, ყველაფერ ამას რუსეთშიც კარგად ხვდებიან. იქ, ალბათ, დიდად არ ესიამოვნათ ის ფაქტი, რომ ერდოღანს პეტერბურგში გამგზავრებამდე ყაზახეთის ზეგამოცდილი და ზეპრაგმატული პრეზიდენტი ნაზარბაევი ესტუმრა. „რუსეთს ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ“, – ასე განაცხადა მან და ამ ნათქვამის სხვადასხვანაირად გაშიფვრა შეიძლება. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ნაზარბაევმა თურქეთს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან დაახლოებისკენ მოუწოდა, ეს, ალბათ, იმას ნიშნავდა, რომ ყაზახეთს სურს, თურქეთი შუა აზიაში როგორმე გააქტიურდეს და იქ რუსეთი შეძლებისდაგვარად დააბალანსოს. ასე რომ, ორ ისტორიულ მეტოქეს შორის ვაჭრობა ჯერ კიდევ წინაა.

ცხადია, ბაქოსა და პეტერბურგის შეხვედრებმა თითქმის სრულიად დაჩრდილა სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი პუტინთან, რომელიც მესამე დღეს, 10 აგვისტოს გაიმართა. სომხებთან რუსეთს დასამტკიცებელი არაფერი აქვს და ამიტომაც პუტინმა სარქსიანი მოსკოვში მიიღო. რუსეთის პრეზიდენტმა თავისი სომეხი კოლეგა საქმის კურსში ჩააყენა ბაქოში გამართული შეხვედრის თაობაზე – ასეთი იყო ოფიციალური კომენტარი. სარქსიანმა კი მასპინძელს მადლობა გადაუხადა „ყარაბახის პრობლემის მოგვარების მცდელობისთვის“. ეს მადლობა ბევრ რამეზე მეტყველებს – სომხეთის პოზიცია ახლა შერყეულია. ქვეყანამ აპრილში აშკარა სამხედრო მარცხი განიცადა, რასაც მალე სერიოზული საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისიც მოჰყვა. სომხეთს ახლა უჭირს და შესაძლოა, ბევრ რამესაც დასთანხმდეს. რუსეთს კი ძალიან სჭირდება, ყარაბახში მშვიდობისმყოფელის როლი გაითამაშოს. ეს ბევრ რამეს გადაფარავს – უკრაინას, ეკონომიკურ კრიზისს, ის კი არა, შესაძლოა, აზერბაიჯანიც შეაბრუნოს მოსკოვის გავლენის სფეროში.

მაგრამ ეს მხოლოდ პირველი რაუნდი იყო. რუსულმა კონდორმა გაისროლა, საპასუხო გასროლა კი ჯერ არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი