გაზეთი ფაქტ-მეტრი
რუსთავში, ორი წლის განმავლობაში, მოქანდაკეთა სიმპოზიუმებზე 202 000 ლარი იხარჯება
უკატეგორიოდ
1120 ნახვა
A+
A
A-

რუსთავის მერიის წინ, მოედანზე, უკვე მეათე თვეა ცხრა სკულპტურა დგას. ქალაქის ბიუჯეტს ეს ნამუშევრები 25 000 ლარი დაუჯდა. სკულპტურები 2016 წელს, მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნა. ღონისძიების მიმდინარეობისას თვითმმართველობის თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ სკულპტურებს ქალაქის სხვადასხვა ადგილებში განათავსებდნენ. თუმცა, ამ დღის დადგომამდე მორიგი სიმპოზიუმის ჩატარების დროც მოახლოვდა.

რუსთავის მერიამ მიმდინარე წელს მოქანდაკეთა მორიგი სიმპოზუმისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან არა 25 000 არამედ 177 000 ლარი გამოყო. სწორედ ამ თანხაზე დაიდო ხელშეკრულება სიმპოზიუმის ორგანიზების მომსახურების შესყიდვისთვის (რუსთავის მუნიციპალური ა(ა)იპ „სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის“ მიერ ა(ა)იპ „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრთან“).

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რამ განაპირობა სიმპოზიუმისთვის საჭირო თანხის ზრდა და საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია იმ სიმპოზიუმის ჩატარება, რომლის წინა წლის შედეგები დღემდე „უსახლკაროდაა“ დარჩენილი?!

რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე აცხადებს, რომ მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ჩატარება რუსთავის 90-იანი წლების ტრადიციის აღდგენას წარმოადგენს. მისი თქმით, მსგავსი ინიციატივები ახლა კი არის ხარჯი ქალაქის ბიუჯეტისთვის, მაგრამ მომავალში დამატებითი თანხის წყარო გახდება, რადგან სიმპოზიუმი მოიზიდავს ვიზიტორებს და ქალაქს ახალ კულტურულ ნიშას შესძენს. „წელს ეს ღონისძიება იღებს საერთაშორისო სტატუსს და მასში 8 ქართველ მოქანდაკესთან ერთად 3 უცხოელიც იღებს მონაწილეობას… ვცდილობთ ყურადღება დავუთმოთ იმ სფეროსაც, რომელიც სულიერებისთვის და კულტურისთვის  მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ფაქტ-მეტრთან საუბარში ლობჟანიძემ.

კითხვაზე, რატომ არ დააბინავეს წინა წლის „სულიერების მიმართულებით“ დახარჯული თანხის შედეგი 9 სკულპტურა, ლობჟანიძემ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით რუსთველთა სურვილების შესწავლა გრძელდება: „გეთანხმებით დრო არ არის ცოტა, გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, ჯერჯერობით არ მოხდა ქანდაკებების განაწილება, რადგან მიმდინარეობდა სხვადასხვა ქუჩებზე ინფრასტრუქტურული პროექტები. ამასთან, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა რუსთაველთა მოსაზრებების გასაცნობად. არსებობს მოსაზრებაც, რომ ეს ქანდაკებები ერთ საერთო სივრცეში განთავსდეს. ვაზუსტებთ რუსთაველების მოსაზრებებს“. ჩვენ ასევე დავინტერსედით, რა ტიპის კვლევა ჩაატარა მუნიციპალიტეტმა ადგილობრივების აზრის გასაგებად. რუსთავის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენდა ტიპურ სოციოლოგიურ კვლევას. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები აქტიურად ხვდებიან მოქალაქეებს და სწორედ ამ შეხვედრებზე ინტერესდებოდნენ სკულპტურების განთავსების თემაზე რუსთაველთა აზრით.

ინტერვიუს დროს რუსთავის მერის მოადგილეს მიმდინარე წელს საბავშვო ბაღის გარეშე დარჩენილი 1 808 ბავშვი შევახსენეთ, ასევე ქალაქში უსახლკარო ადამიანების პრობლემა, რომლებიც წლებია თავშესაფრის მოთხოვნით რუსთავის მერიას მიმართავენ. აღნიშნულ პრობლემებზე ლობჟანიძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი ამ საკითხებზე მუშაობს: „ეს ყოველთვის აქტუალური და ლეგიტიმური კითხვაა, რა კუთხითაც არ უნდა იყოს რომელიმე სფერო დაფინანსებული, ყოველთვის ჩნდება კითხვა რომელი უფრო პრიორიტეტულია, დღეს რა უფრო აჯობებდა გაკეთებულიყო?! საბავშვო ბაღებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს პროექტები, ეს დროში გაწერილი პროგრამული პროექტებია. რაც შეეხება საკმარისობის საკითხს, ამაზე მსჯელობა ცოტა უფრო კომპლექსურად უნდა“. უსახლკაროთა თავშესაფართან დაკავშირებით კი მან აღნიშნა, რომ რუსთავის მერიას ამ მიმართულებით ჯერ ტენდერი არ გამოუცხადებია, რადგან არაა გადაწყვეტილი თავშესაფრისთვის შენობა უნდა აშენდეს, თუ ქალაქში არსებული რომელიმე მუნიციპალური ობიექტის რეაბილიტაცია მოხდეს. მერის მოადგილე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით თანხების გათვალისწინება მოხდება.

ინფორმაციისთვის, ჯერ კიდევ 2014 წელს რუსთავის მერი დავით ჯიქია აცხადებდა, რომ თავშესაფრის პრობლემის მოსაგვარებლად იწყებს ქალაქის პასპორტიზაციას და თავისუფალი ობიექტების ძებნას. აგრეთვე, 2014 წელს მერობის კანდიდატი ჯიქია საარჩევნო რეკლამაში ამომრჩევლებს პირდებოდა, რომ ააშენებდა ახალ ბაღებს. ამ დროისთვის რუსთავში მხოლოდ ერთი ახალი ბაღის მშენებლობა იწყება და ისიც ყოფილი მე-10 ბაგა-ბაღის ნაცვლად, რომელიც ავარიულია.

გააზიარეთ: