„ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავში მოზიდული ინვესტიციების ზრდაზე ისაუბრა. კანდიდატმა განაცხადა:

 „რუსთავში 31 მილიონ 554 ლარის ინვესტიციაა მოზიდული. შედეგად, 544 ადამიანია დასაქმებული“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია რუსთავში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ. თუმცა, უწყებიდან მოგვწერეს რუსთავის ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო წლიურ რაოდენობისა და ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით, ფიქსირებული აქტივი (ძირითადი კაპიტალი) განისაზღვრება როგორც წარმოებითი აქტივები, რომლებიც მრავალჯერ ან ხანგრძლივად (ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში) გამოიყენება წარმოების ძირითად პროცესში. რეალურად, ეს არის კომპანიებს რეინვესტირება გრძელვადიან საწარმოო საშუალებებში. ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივში ნაწილობრივ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც მოიცავს.

ცხრილი 1:

ქ. რუსთავის ბიზნეს სექტორის დასაქმება და ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში

დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, ათასი ლარი
2014 2015 2016 2014 2015 2016
ქ. რუსთავი 19 561 19 646 19 766 52 648.8 53 024.6 47 132.9

რუსთავში 2014 წლიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით განხორციელებულ ინვესტიციებზე ინფორმაციას ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოც გვაწვდის.

 სააგენტოს განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია მხოლოდ იმ ინვესტიციებზე, რომელთა განხილვასა და ხელშეწყობაშიც თავადაც იღებდნენ მონაწილეობას. ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს მოწოდებული ინვესტიციების ნუსხა და დასაქმებულთა რადენობა ასეთია:

  • "ეი ჯი ტელეკომი" - ელექტრონული ნაკეთობების საწარმო. (ქართულ-აზერბაიჯანული პროექტი. ინვესტიციის ოდენობა -  2 192 000 ლარი, მუშაობა დაიწყო 2014 წელს);
  • კომპანია "პანექსი" - აწარმოებს კედლისა და სახურავების სენდვიჩ პანელებს. (ინვესტიციის მოცულობა 6 მლნ აშშ დოლარი, დაარსდა 2014 წელს; დასაქმებულია 100 ადამიანი);
  • შპს "რებასი" - აწარმოებს სამშენებლო მასალებს. (განხორციელდა 1 444 136 ლარის ინვესტიცია, დასაქმებულია 40 ადამიანი;  მუშაობა დაიწყო 2014 წელს);
  • "მილკენი" - ქართული ნატურალური რძის პროდუქციიის საწარმო. (დასაქმებულია 15-მდე ადამიანი, აწარმოებს 12 სახეობის ყველს. მუშაობა 2014 წელს დაიწყო);
  • „ჯი-არ-სი“ - აწარმოებს დათბუნებულ პანელებს. (ინვესტიციის ოდენობა 2 200 000 ლარი, დასაქმებულია 40-მდე ადამიანი;  მუშაობა დაიწყო 2015 წელს);
  • „ჯეო პროდაქტს კომპანი“ - სალათის ფურცლების  მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა. (ინვესტიციის ოდენობა - 150 000 ლარი. მუშაობა დაიწყო 2015 წელს);
  • შპს „ჯეოპოლსი“ - პლასტმასებისა და მათი ნაწარმის საწარმო. (ინვესტიციის ოდენობა 774 980 ლარი. მუშაობა დაიწყო 2015 წელს)
  • „ იბერია სთილი“ (ინვესტიციის ოდენობა 1 500 000 აშშ დოლარის ფარგლებში, დასაქმდა 110 ადამიანი. მუშაობა დაიწყო 2015 წელს);
  • შ.პ.ს "რითმ" - სპორტული კომპლექსი (ინვესტიციის ოდენობა 200 000 აშშ დოლარი, 10 ადამიანია დასაქმებული, მუშაობა დაიწყო 2015 წელს);
  • "დავით ტვილდიანის სამეცნიერო ცენტრი" (ინვესტიციის ოდენობა 6 მლნ ლარი. დასაქმებულია 70 ადამიანი);
  • "მაკდონალდსი" - (ინვესტიციის ოდენობა  8 მლნ ლარი. დასაქმდა 62 ადამიანი);
  • შპს „ რუსთავი 2015’’ - (14 სართულიანი კორპუსის მშენებლობა, ინვესტიციის ოდენობა - 5 მლნ ლარი. მუშაობა დაიწყო 2016 წელს)
  • შპს "რუსთავი დეველოპერი" (ინვესტიციის ოდენობა  2 მლნ. ლარი. მუშაობა დაიწყო  2016 წელს);
  • შპს „ჯეოპოლი“ - მუშაობს შენობების რეკონსტრუქციაზე. (ინვესტიციის ოდენობა - 1 100 000 ლარი,  დასაქმდა 15 ადამიანი. მუშაობა დაიწყო 2016 წელს);
  • შპს „ფლექს ფუდი“ - მრავალფუნქციური ობიექტი (ინვესტიციის ოდენობა 1 107 000 ლარი. დასაქმებულია 14 ადამიანი. მუშაობა დაიწყო 2016 წელს);
  • შპს „რკ აგრო ჯგუფი საქართველო“ - სასათბურე მეურნეობა. (ინვესტიციის ოდენობა 150 000 ლარი. დასაქმდა 4-5 ადამიანი).

ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციით, 2014 წლიდან 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსთავში 42 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ხოლო, დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 481-ია. თუმცა, აღნიშნული მონაცემი ვერ იქნება ზუსტი, რადგან დასაქმებულთა რაოდენობა არაა მითითებული სააგენტოს სიაში არსებულ რიგ საწარმოებზე.

რაც შეეხება ინფორმაციას რუსთავში მოქმედ საწარმოებზე, საქსტატის მონაცემები ასეთია:

გრაფიკი 1: 

რუსთავში მოქმედ საწარმოთა რაოდენობა, 2011-2017 წლები

image001  

დასკვნა

ოფიციალური უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რუსთავში 2014 წლის შემდეგ გაზრდილია მოქმედ საწარმოთა რაოდენობა. ასევე, 2014 წლიდან 2017 წლის აგვისტომდე, რუსთავში 42 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ამ პერიოდის ინვესტიციების შედეგად დასაქმებულთა ზუსტი რიცხვი არაა ცნობილი, თუმცა ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს დათვლით, მათი რაოდენობა სულ მცირე 481-ს შეადგენს.

შესაბამისად, ირაკლი ტაბაღუას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი